საქმე # 160100120004173375
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №914აპ-21 ქ. თბილისი
კ–ი რ. 914აპ-21 26 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ო–ში, შ. ხ–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთში რ. კ–ს პირუტყვის შესვლასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, რ. კ–მ ჯოხის მარცხენა ხელ-ფეხზე დარტყმით სცემა შ. ხ–ს, რითაც მას მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენით რ. კ–ი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
რ. კ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი მადონა ურუშაძე ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, რ. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენი რ. კ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და რ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება რ. კ–ს მიერ შ. შ–ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა (ჯოხის მარცხენა ხელ-ფეხზე დარტყმით სცემა, რითაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი).
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პროკურორმა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც რ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობა განაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება რ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
10. სასამართლო მიუთთითებს, რომ ბრალდების მხარეს საქმეში წარმოდგენილი აქვს მხოლოდ დაზარალებულ შ. ხ–ს ჩვენება, როგორც ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება. დაზარალებულის განმარტებით, 2018 წლის დეკემბერში მის ეზოში შესული იყო რ. კ–ს ხბო, რის გამოც გამოთქვა უკმაყოფილება. აღნიშნულის გამო რ. კ–მ მას გამოართვა ჯოხი და დაარტყა. იგი დაეცა, რ–ი ურტყამდა, ცემისაგან გონება დაკარგა, როცა გონზე მოვიდა, დასახმარებლად მინისტრის მოადგილეს, „ო–ს“ მიმართა. მოგვიანებით მასთან მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 20 იანვრის #..... დასკვნის თანახმად, 2018 წლის 12 დეკემბერს შ. ხ–ს გარეგანი დათვალიერებით აღენიშნებოდა ნაჭდევი მარცხენა იდაყვის სახსარზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია (სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ. ო–მ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე). შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება დაზარალებულ შ. ხ–ს მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის ჩვენების გარდა, არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება რ. კ–ს მიერ დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა(ცემა); მოწმე დ. ბ–ს (შსს მ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომელი) ჩვენება ირიბი ჩვენებაა, რომლის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებისათვის ირიბი ჩვენების „გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავი საკანონმდებლო რეგლამენტაციის“ არარსებობის პირობებში, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესის საფუძველზე - დაუშვებელია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-36, 52).
12. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა მომხდარი ფაქტიდან (2018 წლის 12 დეკემბერი) თითქმის 2 წლის შემდეგ (2020 წლის 5 დეკემბერს) .
13. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
14. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება რ. კ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე