საქმე # 210100119003254357
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №915აპ-21 ქ. თბილისი
ბ.ზ. 915აპ-21 1 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 სექტემბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ბ–ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 1 ოქტომბერს, ღამის საათებში, სიღნაღის რაიონის სოფელ ნ –ში მდებარე ბ–ების საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მთვრალმა ზ. ბ–მ სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების არაერთი დარტყმით იძალადა მეუღლეზე - ა. კ–ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2020 წლის 11 მაისს გაცემული შემაკავებელი ორდერის შესაბამისად, ზ. ბ–ს 30 დღის განმავლობაში აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი, მისი მეუღლე - ა. კ–ი ცხოვრობდა, ასევე აეკრძალა მეუღლესა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ა. კ–ი იმყოფებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2020 წლის 30 მაისს, საღამოს საათებში, დაახლოებით 17:15 საათზე, მთვრალი ზ. ბ–ი იმყოფებოდა ს–ს რაიონის სოფელ ნ–ში მდებარე, მეუღლის - ა. კ–ის სახლში, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნა-ვალდებულებები და მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
- 2020 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ს–ს რაიონის სოფელ ნ –ში მდებარე, ა. კ–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მთვრალმა ზ. ბ–მ არასრულწლოვანი შვილის - ნ. ბ–ს თანდასწრებით, სახეში ხელის ერთხელ დარტყმით იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირზე (მეუღლეზე) - ა. კ–ზე, რომელმაც აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენით:
2.1 ზ. ბ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 120 საათით.
2.2 ზ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-111 -3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 1 წელი.
2.3 ზ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 წელი.
2.4 საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის მე-111- 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებებისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ბ–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 წელი.
2.5 საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზ. ბ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 15 ნოემბრიდან 2021 წლის 26 თებერვლის ჩათვლით. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 2 ოქტომბრიდან - 2019 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით და 2020 წლის 30 მაისიდან - 2020 წლის 2 ივნისის ჩათვლით.
2.6 ზ. ბ–ი დაუყონებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულ ზ. ბ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 სექტემბრის განაჩენით, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.1 სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
4.2 ზ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
4.4 ზ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.
4.5 ზ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
4.6 საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111 – 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ბ–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
4.7 საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ზ. ბ–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
4.8 საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 15 ნოემბრიდან 2021 წლის 26 თებერვლის ჩათვლით. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 2 ოქტომბრიდან 2019 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით და 2020 წლის 30 მაისიდან 2020 წლის 2 ივნისის ჩათვლით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა თორნიკე მახათაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ზ. ბ–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
8. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ზ. ბ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა ზ. ბ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რომლებსაც აღიარებს და ინანიებს; პირველადაა სამართალში.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე