Facebook Twitter

საქმე # 190100120003701103

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №946აპ-21 ქ. თბილისი

თ–ი ე.946აპ-21 27 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. თ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა(ორი ეპიზოდი).

ე. თ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. გ–ში, დ. ა–ს ქ. N..-ში მდებარე ბინა N..-ში, ე. თ–მ იმის გამო, რომ რ. თ–მ იეჭვა, რომ ე. თ–ი სხვა ქალთან ღალატობდა, მეუღლეს - რ. თ–ს მარჯვენა გაშლილი ხელი დაარტყა სახის მარცხენა არეში, ასევე, მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა სახის მარცხენა არეში, შემდეგ მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა სახის მარცხენა არეში და ლოგინზე წაქცეულს მოუჭირა ხელები ყელის არეში. აღნიშნულის შედეგად რ. თ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 08:00 სთ-ზე, ქ. გ–ში, დ. ა–ს ქ. N..-ში მდებარე ბინა N..-ში, ე. თ–მ მეუღლეს - რ. თ–ს, იმის გამო, რომ იგი აპირებდა ბავშვებთან ერთად სახლიდან წასვლას, მარჯვენა გაშლილი ხელი დაარტყა სახის მარცხენა არეში და მოუჭირა ხელები ყელის არეში.აღნიშნულის შედეგად რ. თ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განაჩენით ე. თ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში(ორი ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

გამართლებულ ე. თ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ე. თ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში(ორი ეპიზოდი).

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ ზურაბ კოჭლამაზაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ე. თ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის(ორი ეპიზოდი) ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

6. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

7. დაზარალებულმა რ. თ–მ და მოწმე კ. ა–მ (რ. თ–ს დედამ) გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრის - ე. თ–ს წინააღმდეგ.

8. რაც შეეხება კასატორის მითითებას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, დაზარალებულმა რ. თ–მ მიუთითა იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც მას 2020 წლის 24 აპრილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ - ე. თ–მ, კერძოდ, სახეში დაარტყა გაშლილი ხელი, შემდეგ კი - მუშტი, ხოლო მეორე დღეს - 25 აპრილს სახეში დაარტყა გაშლილი ხელი და ორივე ხელი მოუჭირა ყელზე, რა დროსაც რ. თ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს (მათ შორის, როდესაც მხარეების მიერ უდავოდ არის ცნობილი), როდესაც დაზარალებული/მოწმე სარგებლობს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარს ამბობს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20) და მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად წარმოადგენს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმებას.

9. სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმე რ. ა–ი არ არის შემთხვევის თვითმხილველი. მისი ჩვენება თავისი შინაარსით არის ირიბი, ის არ შესწრებია ძალადობის ფაქტს და ამის შესახებ იცის მხოლოდ დაზარალებულისა და მოწმისგან გადმოცემით.

10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

11. სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში ე. თ–ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად წარმოდგენილი ყველა ამ მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენს დაზარალებული. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე არ ჩატარებულა სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც მიუთითებდა დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, ასევე მოწმე რ. ა–მ დარეკა 112-ში და შეატყობინა თავისი დის - რ. თ–ს მდგომარეობის შესახებ.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

13. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

14. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ე. თ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე