Facebook Twitter

საქმე # 010142221700147128

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №52აგ-21 ქ. თბილისი

მ–ი მ. 52აგ-21 28 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე,

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. მ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით მ. მ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის)180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 იანვრის განაჩენისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს N…. გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილი პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელი) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

მ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან -2018 წლის 29 დეკემბრიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. მ–ს მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. პ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა მ. მ–ს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო დაზარალებულისა და მოწმეთა მიერ მიცემული ცრუ და ირიბი ჩვენებები. გარდა ამისა, არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, რომლებიც ადვოკატს გადასცა უზენაესი სასამართლოსთვის წარსადგენად, მან გადამალა, რის გამოც ვერ შეძლო სიმართლის დადგენა და მის მიმართ გამოტანილ იქნა არასამართლიანი განაჩენი. ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, მსჯავრდებული ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. მ–ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. მ–ს, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განჩინების გაუქმებას და მის უდანაშაულოდ ცნობას. ამასთან, მსჯავრდებული უთითებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში არასწორად შეფასდა ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.

3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ მ. მ–ს შუამდგომლობა, ვინაიდან კასატორის მიერ შუამდგომლობაში მითითებული მოტივები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებებს, რომლებიც არ იყო ცნობილი გადაწყვეტილების გამოტანისას და შესაძლებელია, საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას.

4. მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობაში მითითებულ მტკიცებულებებზე, რომლებზეც მსჯავრდებული უთითებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 19 სექტემბრის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის 9 ნოემბრის განაჩენებში, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2021 წლის 4 ივნისის განჩინებაში იმსჯელა და სამართლებრივი კუთხით შეაფასა, შესაბამისად, ისინი განაჩენის გადასინჯვას საფუძვლად ვერ დაედება, ისევე, როგორც საკასაციო საჩივარში მითითებული მსჯავრდებულის შეფასება, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში არასწორად შეფასდა ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რის გამოც ის სასამართლომ უდანაშაულოდ უნდა ცნოს.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ მ. მ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ მ. მ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე