Facebook Twitter

საქმე # 010142221700147019

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №55აგ-21 ქ. თბილისი

ჩ–ა თ., 55აგ-21 28 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე,

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 აგვისტოს განაჩენით თ. ჩ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;

მსჯავრდებულ თ. ჩ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 19 დეკემბრიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ თ. ჩ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 ივლისს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა თ. ჩ–მ, რომელმაც, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა იმ საფუძვლით, რომ მას 2017 წლის 16 აგვისტოს გორის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიუსაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სურს, დაინიშნოს მისი საქმის არსებითი განხილვა, ვინაიდან ის დაკავებულია ა. ა–ს მკვლელობისათვის და მას უნდა გულწრფელად აღიაროს, რაც ნახა და მოისმინა, ვინაიდან ზეწოლისა და შვილების (ჰყავს 5 შვილი) მიმართ მუქარის გამო ვერ აღიარა. იგი უარს აცხადებს ადვოკატზე და სურს გულწრფელად აღიაროს ყველაფერი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ჩ–ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. ჩ–მ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განჩინების გაუქმებას და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაშვებას.

7. 2021 წლის 21 სექტემბერს მსჯავრდებულმა თ. ჩ–მ იმავე შინაარსის განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.

3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ თ. ჩ–ს შუამდგომლობა, ვინაიდან კასატორი შუამდგომლობაში არ უთითებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ არცერთ საფუძველზე. მის მიერ მითითებული მოტივები კი არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებებს, რომლებიც არ იყო ცნობილი გადაწყვეტილების გამოტანისას და შესაძლებელია, საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ თ. ჩ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ თ. ჩ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე