საქმე # 010142221700184152
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №56აგ-21 ქ. თბილისი
მ–ე გ. 56აგ-21 28 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 სექტემბრის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს განაჩენით გ. მ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“, მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
გ. მ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018
წლის 7 ნოემბრიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. მ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 6 იანვრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ. მ–სა და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 აგვისტოს შუამდგომლობით მიმართა გ. მ–ემ, რომელმაც, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება, იმ მოტივით, რომ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის N.... თანახმად, საკეტის როგორც კორპუსზე, ასევე მის მექანიზმში რაიმე სახის დაზიანება (გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა) არ აღინიშნება, აღნიშნული დასკვნა ასევე გამორიცხავს მისგან ამოღებული ე.წ ,,ატმეჩკებით“ კარების საკეტის გახსნას, ხოლო პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების ნუსხაში არსად არ იძებნება წერილობითი მტკიცებულება, რომელშიც აღწერილი იქნებოდა თუ რა ხერხითა და მეთოდით მოახდინა დაზარალებულის ბინაში შეღწევა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განსახილველად.
8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. მ–მ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 სექტემბრის განჩინების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ დაუშვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე მისი შუამდგომლობა.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.
3. კასატორი ითხოვს განაჩენის გადასინჯვას საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ)“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გულისხმობს რომ წარმოდგენილი უნდა იყოს „ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის ჩადენას იმ პირის მიერ რომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო“.
4. გ. მ–ს მიერ მითითებული მტკიცებულებები არ წარმოადგენს ახალს, ვინაიდან როგორც სააპელაციო სასამართლომ უკვე განმარტა - სადავო მტკიცებულებებები მითითებული იყო სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში; გაცვლილი იყო მეორე მხარისთვის; გამოკვლეული იყო სასამართლოში და ეს მტკიცებულებები სასამართლომ უკვე შეაფასა სხვა მტკიცებულებებთან ერთად განაჩენის დადგენისას; ზემოაღნიშნული მტკიცებულებების თაობაზე ინფორმირებული იყო დაცვის მხარეც და ჰქონდათ შესაძლებლობა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები წარედგინათ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე.
5. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და 2021 წლის 8 სექტემბრის განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობა, ვინაიდან საკასაციო საჩივრით არ დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ არცერთ საფუძვლის არსებობა - კასატორის მიერ მითითებული მოტივები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებებს, რომლებიც არ იყო ცნობილი გადაწყვეტილების გამოტანისას და შესაძლებელია, საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორი არ უთითებს ისეთ ახალ გარემოებაზე რაც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით (მათ შორის კასტორის მიერ მითითებული ამავე მუხლის „ზ)“ ქვეპუნქტით) დადგენილ მოთხოვნას, სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე