საქმე # 020142221700145352
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №70აგ-21 7 თებერვალი, 2022 წელი
ყ. მ., 70აგ-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ყ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენით მ. ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 იანვრის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენში შევიდა, რისთვისაც ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულ მ. ყ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე–7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2018 წლის 22 ივნისიდან; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. 2021 წლის 1 ივლისს მსჯავრდებულმა მ. ყ-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილების - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საფუძველზე, მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ყ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. მსჯავრდებული მ. ყ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინების გაუქმებასა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებით - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
გ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
4. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების სადავო ნორმატიული შინაარსის დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან ძალადაკარგულად ცნობა შექმნიდა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესების დაზიანების საფრთხეს და იმისათვის, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტურად უზრუნველეყოთ ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების სათანადო, ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარება, საჭიროდ ჩათვალა, რომ მათ ჰქონოდათ მკაფიო საკანონმდებლო ინსტრუქციები, ასევე - რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, საჭირო გამხდარიყო სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული სტანდარტები ემსახურება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა თვითნებობის რისკების პრევენციას, თუმცა ჩხრეკის ჩატარების სათანადო ინსტრუქციისა და ტექნიკური საშუალებების უზრუნველყოფის გარეშე სადავო ნორმის დაუყოვნებლივ გაუქმებას შესაძლოა შეეფერხებინა სამართალდამცავთა ლეგიტიმური ქმედებები, რომელთა მოქმედებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კანონმდებელს და შესაბამის ორგანოებს უნდა მისცემოდათ გარკვეული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ინსტიტუციური ცვლილებების განსახორციელებლად და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც უშვებდა ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდებოდა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებით და ამავე დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად ცნობა გადავადებულიყო - 2021 წლის 1 ივლისამდე.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილების - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საფუძველზე, მ. ყ-ს მიმართ საპროცესო კანონმდებლობის უკუძალით გამოყენებასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას: ,,საპროცესო კანონმდებლობის კავშირი რეტროაქტიულობასთან, ძირითადად, საფუძველშივე გამოირიცხება, რადგან ის არეგულირებს პროცედურებს, რომლებიც, დამოუკიდებლად იმისგან, როდის მოხდა დანაშაულის ჩადენა, მიმდინარეობს დროში, განგრძობადია, დინამიკურია. ამ პროცედურების მიზანია, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, არსებობდეს საკმარისი და ეფექტური მექანიზმები, ინსტრუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დანაშაულის ფაქტის დადასტურებას ან გამორიცხვას. [...] მიმდინარე ურთიერთობებზე აუცილებელია, გავრცელდეს მათი (ურთიერთობების) განვითარებისას მოქმედი კანონი. [...] საპროცესო-სამართლებრივ ნორმებს უკუძალით გამოყენებასთან კავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ კონკრეტული საპროცესო ნორმები, თავისი არსით იქნება დაკავშირებული ქმედების დანაშაულებრიობისა და დასჯადობის გაუქმებასთან ან სასჯელის შემსუბუქებასთან“ (იხ.: mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13/01//2014 წლის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-73-74; 77), რაც განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ყ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ მ. ყ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ყ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ მ. ყ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ.თევზაძე
ნ.სანდოძე