Facebook Twitter

საქმე # 330100113363748

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №533აპ-21 ქ. თბილისი

ჭ. დ., 533აპ-21 29 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ჭ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის -მ. ვ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:

1.1 დ. ჭ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,დ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

1.2 ბ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,დ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

1.3 რ. ჭ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,დ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

1.4 მ. ქ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,დ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 23 დეკემბრის №... ბრძანების საფუძველზე, ბ. ა–ა დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-ს დ-ს .........დ და წარმოადგენდა მოხელეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 16 იანვრის №.. ბრძანების საფუძველზე, რ. ჭ–ე დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-ს დ-ს მსჯავრდებულთა .............ის უფროსის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად და წარმოადგენდა მოხელეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 06 იანვრის №.. ბრძანების საფუძველზე, მ. ქ–ა დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-ს დ-ს №.. საპყრობილის ..........ის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად და წარმოადგენდა მოხელეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 16 იანვრის №.. ბრძანების საფუძველზე, დ. ჭ–ე დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-ს დ-ს ............ სამსახურის ............ განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად და წარმოადგენდა მოხელეს.

2006 წლის გაზაფხულზე ბ. ა–მ გადაწყვიტა სხვადასხვა უკანონო გზით გაექარწყლებინა მის მიერ ნასვამ მდგომარეობაში პატიმრების ცემის და დამცირების თაობაზე საქართველოს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ხმები. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან გამოიყენა იმჟამად ს-ს დ-ს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული პ. მ–ი, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა ქურდული სამყაროს წევრობაზე უარის თქმა და შესაბამისი განცხადებაც ჰქონდა გაკეთებული ს-ს დ-ს წინა ხელმძღვანელობასთან, თუმცა ეს განცხადება არ იყო ცნობილი სხვა კრიმინალური ავტორიტეტებისათვის. შესაბამისად, პ. მ–ი მათ წრეში კვლავ ე.წ. ,,კანონიერ ქურდად’’ იყო ცნობილი და ბ. ა–ასგან ს-ს დ-ს დაწესებულების კრიმინალური ავტორიტეტების საერთო თანხის ე.წ. ,,ობშიაკის” ადგილსამყოფლის დადგენა ჰქონდა დავალებული.

2006 წლის იანვარ-თებერვალში, რიცხვი ზუსტად არ არის დადგენილი, ს-ს დ-ს თავჯდომარე ბ. ა–მ უფლებამოსილების გადამეტებით საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის საქართველოს სსსკ-ის 150-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ,,პატიმრობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 90-ე მუხლის მოთხოვნათა უხეში უგულებელყოფით, ს-ს დ-ს №.. საპყრობილის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მ. ქ–ს, როგორც მასთან დაახლოებულ და ნდობით აღჭურვილ პირს, დაავალა ამავე საპყრობილეში მყოფი პატიმრის - პ. მ–ის მიყვანა ს-ს დ-ში - მის სამუშაო კაბინეტში.

აღნიშნული უკანონო ბრძანების შესასრულებლად მ. ქ–მ გადაამეტა მისი, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-ს დ-ს №.. საპყრობილის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რაც იმაში გამოიხატა, რომ რამდენიმე დაუდგენელ პირთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 31 დეკემბრის №... ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ს-ს დ-ს დაცვის, მსჯავრდებულთა ბადრაგირებისა და ძებნის წესდების’’ მე-17 თავით გათვალისწინებული ბადრაგირების წესების სრული იგნორირებით, ამავე დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ პ. მ–ს გადააცვა სპეცდანიშნულების რაზმის ფორმა, გაუკეთა ნიღაბი, კერძო პირის ავტომანქანით უკანონოდ გაიყვანა №.. საპყრობილის ტერიტორიიდან და მიიყვანა ს-ს დ-ს შენობაში, .........ის კაბინეტში. აქ მას დახვდნენ ბ. ა–ა, ამავე დეპარტამენტის მსჯავრდებულთა ........ განყოფილების უფროსი რ. ჭ–ე, დეპარტამენტის .......... სამსახურის უფროსი ა. ხ–ა და საქართველოს შსს კუდ-ის ..... სამმართველოს უფროსი გ. დ–ე, მეტსახელად ,,......”. ბ. ა–ს სამუშაო კაბინეტში შემდგარ ერთობლივ საუბარში გ. დ–ემ პ. მ–ს დაავალა დამამტკიცებელი საბუთის მოპოვება, რომლის გამოქვეყნებითაც საზოგადოების თვალში გაქარწყლდებოდა ბოლო პერიოდში მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ხმები ბ. ა–ას მიერ ნასვამ მდგომარეობაში პატიმრების ცემის და დამცირების შესახებ. გ. დ–ემ პ. მ–ს გააცნო გეგმა, რომლის მიხედვითაც, პატიმრების გასეირნების დროს, მას შემდეგ, რაც პატიმრები დატოვებდნენ საცხოვრებელ ფლიგელს, ე.წ. ,,კანონიერი ქურდების’’ პალატის წინ მდებარე დერეფანში გარედან დაამონტაჟებდნენ ფარულ ვიდეო და აუდიოკამერას. ამის შემდეგ დაწესებულების ..........ის განკარგულებით აღნიშნულ დერეფანში ჩამოიყვანდნენ პატიმარ ზ. ვ–ს, რომელიც დაწესებულების კრიმინალურ წრეებში მოიაზრებოდა, როგორც დაწესებულების ე.წ. ,,მაყურებელი’’. პ. მ–ს, როგორც ,,კანონიერ ქურდს’’, ფარული კამერის მხედველობისა და სმენადობის არეში ზ. ვ–თან უნდა ესაუბრა დაწესებულებაში კრიმინალური ავტორიტეტებისათვის შექმნილ გაუსაძლის მდგომარეობაზე, რაშიც უნდა დაედანაშაულებინა ბ. ა–ა. აქედან გამომდინარე, ბ. ა–ას ხელოვნურად დისკრედიტაციის მიზნით, უნდა დაევალებინა ზ. ვ–სთვის, რათა მას შეერჩია რომელიმე გაუხმაურებელ საქმეზე საზოგადოებისათვის ასე თუ ისე ცნობილი პატიმარი, რომელიც იმავდროულად იქნებოდა მისთვის სანდო კაცი. ზ. ვ–ს ამ პატიმრისათვის უნდა შეეთავაზებინა, რომ საკუთარ სხეულზე მიეყენებინა რაიმე სახის მსუბუქი თვითდაზიანება, შემდგომ ეჩივლა უფლებადამცველ ნ. კ–სთან და ამ დაზიანების მიყენებაში დაედანაშაულებინა ბ. ა–ა. ბ. ა–ას გეგმით პ. მ–სა და ზ. ვ–ს შორის შემდგარი საუბარი ჩაიწერებოდა ფარული კამერით. მას შემდეგ, რაც ზ. ვ–ს მიერ შერჩეული პატიმარი მიიყენებდა თვითდაზიანებას და იჩივლებდა ნ. კ–სთან, რომელიც, თავის მხრივ, ამ ფაქტს პრესასა და ტელევიზიაში გააშუქებდა, ამ მომენტში ბ. ა–ა გამოაქვეყნებდა პ. მ–სა და ზ. ვ–ს შორის შემდგარი საუბრის ვიდეო და აუდიოჩანაწერს, რითაც საზოგადოებას მოატყუებდა, რომ მასზე გავრცელებული ხმები პატიმრებთან არასათანადო მოპყრობის თაობაზე ინსცენირებულია კრიმინალური ავტორიტეტების მიერ, მათთვის არასასურველი დეპარტამენტის ............ის ხელოვნურად დისკრედიტაციის მიზნით.

ბ. ა–ა და მისი თანმხლები პირები პ. მ–ს დავალების შესრულების შემთხვევაში დაჰპირდნენ დახმარებას უ-ს ს-ში, სადაც მას გასაჩივრებული ჰქონდა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები. პ. მ–ი იძულებული იყო, დასთანხმებოდა შეთავაზებულ წინადადებას. ამის შემდეგ მას უთხრეს, რომ ა. ხ–ა მას გადასცემდა მობილურ ტელეფონს, რისი საშუალებითაც მუდმივად ექნებოდა მასთან კავშირი და მიღებულ დავალებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე მიაწვდიდა ინფორმაციას. ორი დღის შემდეგ ა. ხ–ამ მართლაც გადასცა სადის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ პ. მ–ს მ. ქ–საგან მისთვის გადასაცემად მიღებული მობილური ტელეფონი ჩართული სიმბარათით.

მიღებული დავალების შესრულებამდე პ. მ–ი ს-ს დაწესებულებაში შეხვდა ზ. ვ–ს და ფარული კამერით ჩაწერამდე შეეცადა გაეგო მისი აზრი რომელიმე ცნობილი პატიმრის თვითდაზიანების მიყენებაზე დათანხმების შესაძლებლობის შესახებ. ზ. ვ–მ, რომელიც ნაკლებად ენდობოდა პ. მ–ს და ეჭვიც კი ჰქონდა მისი ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის თაობაზე, ბოლომდეც კი არ მოუსმინა მას და გაეცალა. პ. მ–ი მიხვდა, რომ დავალებას ვერ შეასრულებდა, თუმცა ამის თაობაზე არაფერი უთქვამს ბ. ა–ასათვის, მასთან შეხვედრაც არ მოუთხოვია.

დანაშაულებრივი გეგმის განხორციელების უზრუნველსაყოფად ბ. ა–მ გადაამეტა თავისი, როგორც ს-ს დ-ს ............ს უფლებამოსილებას, საკუთარი არაკანონიერი განზრახვის განხორციელება შენიღბა კანონიერი ფორმით და 2006 წლის 25 მარტს №..... წერილით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსს გ. მ–ს. მან წერილში იცრუა, რომ თითქოს, მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, 2006 წლის 25 მარტს ს-ს დ-ს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულ კანონიერი ქურდებს უნდა მოეწოდებინათ ამავე დაწესებულებაში მოთავსებული სპეცკონტინგენტისათვის იმის თაობაზე, რომ ს-ს დ-ს დეზორგანიზაციის მიზნით მიაყენონ ერთმანეთს ფიზიკური დაზიანება, ან მიიყენონ თვითდაზიანება. მან პროკურატურისაგან მოითხოვა ნებართვა ფარულ ვიდეო და აუდიოჩაწერაზე მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.

ს-ს გ. პრ-ს ი-ს ს-ში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა დ. ზ-მ 2006 წლის 25 მარტს გამოიტანა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების - ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერის გამოყენების შესახებ. იმავე დღეს, 18:30 საათზე, სად-ის სამკურნალო დაწესებულების ე.წ. ,,ქურდების ფლიგელის’’ დერეფანში დამონტაჟდა ფარული კამერა. ბ. ა–ს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, პატიმრების, მათ შორის პ. მ–ის პალატაში დაბრუნების შემდეგ დაწესებულების დირექტორის - მ. ს–ს განკარგულებით პ. მ–ის საკანში შეიყვანეს ზ. ვ–ი, რომელმაც არ იცოდა მისი იქ მიყვანის მიზეზი. პ. მ–მ ზ. ვ–ს ნდობის მოსაპოვებლად მასთან გამართულ საუბარს, რომელიც დამონტაჟებული ფარული კამერის ხილვადობისა და სმენადობის გარეშე მიმდინარეობდა, დაასწრო მასთან ერთად პალატაში მყოფი ე.წ. ,,კანონიერი ქურდი’’ მ. ზ–ი, რომელმაც ასევე არაფერი იცოდა დაგეგმილი საუბრის შინაარსისა და ფარული კამერის შესახებ. მათ შორის საუბარი შედგა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზ. ვ–ი ეჭვის თვალით უყურებდა, პ. მ–მ საერთოდ აღარაფერი თქვა ბ. ა–ას მიერ მიცემული დავალების თაობაზე. საუბარი მიმდინარეობდა 2006 წლის 25 მარტს, 18:50 საათიდან 19:10 საათამდე, რაც ჩაიწერა ვიდეო და აუდიოფირზე. აღნიშნულ საუბარს დაწესებულების დირექტორის - მ. ს–ს სამუშაო კაბინეტის მოსასვენებელ ოთახში, ს-ს დ-ს ..........ის სამსახურის ოპერატიული განყოფილების უფროსის - დ. ჭ–ს დავალებით, მონიტორის საშუალებით უთვალთვალებდა ამავე განყოფილების თანამშრომელი გ. შ–ა. მან საუბრის დასრულების შემდეგ ფირი გადაწერა მეხსიერების ბარათზე, ე.წ. ,,ფლეშკაზე” და გადასცა დ. ჭ–ს, რომელმაც ეს ფირი გადასცა ბ. ა–ას. ფირის მოსმენის შემდეგ ბ. ა–ა დარწმუნდა, რომ პ. მ–მ დავალება არ შეასრულა და განიზრახა მისთვის და ზ. ვ–სთვის ანგარიშის გასწორება.

2006 წლის 27 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, იგი მასთან დაახლოებულ და სანდო პირებთან: მ. ქ–სთან, დ. ჭ–სა და რ. ჭ–სთან, ასევე №.. საპყრობილის ..... გ. ფ–სთან და .......... დანიშნულების რაზმის რამდენიმე წევრთან ერთად მივიდა სად-ის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში და მოითხოვა დირექტორის კაბინეტში მიეყვანათ მსჯავრდებულები: პ. მ–ი და ზ. ვ–ი. მან ასევე მოითხოვა ამავე დაწესებულების პატიმრების - გ. ა–სა და ლ. ც–ს მიყვანაც, რომელთაც არავითარი საერთო არ ჰქონდათ პ. მ–სა და ზ. ვ–თან, რათა შეენიღბა მისი უკანონო დავალების შეუსრულებლობისათვის ანგარიშსწორების მიზანი. პირველად ........ის კაბინეტში შეიყვანეს პ. მ–ი, რომელსაც ბ. ა–მ დაანახა მის ხელთ არსებული ვიდეოკასეტა და უთხრა, შენ ხომ მაინც არ გააკეთე რასაც შეგვპირდი, ახლა დედას გიტირებთო. პ. მ–ი დასვეს და სხვა პატიმრების თვალწინ მ. ქ–მ დაიწყო მისთვის თმის შეჭრა. შეჭრილ თმას უწყობდა ჯიბეში, რითაც მას, როგორც ავტორიტეტს, ამცირებდნენ, აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში. ამის შემდეგ კაბინეტში შეიყვანეს ზ. ვ–ი და გ. ა–ი. ბ. ა–ა რიგრიგობით ეკითხებოდა მათ, თუ რა დღე, რიცხვი და რომელი წელი იყო, რითაც ახდენდა პატიმრების პროვოცირებას კონფლიქტზე. გ. ა–ისაგან მან მიიღო პასუხი - ,,მე რას მეკითხები, თვითონ არ იცი რა რიცხვიაო?’’ ამაზე ბ. ა–ა მივიდა და დამცირების მიზნით სახეში შეაფურთხა გ. ა–ს, რითაც შეურაცხყო მისი პირადი ღირსება და პატივი. გ. ა–მ მას საპასუხოდ ხელი გაარტყა. ამის შემდეგ, ბ. ა–მ გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და დ. ჭ–სთან, მ. ქ–სთან, რ. ჭ–სა და სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად დაუწყო ცემა თავისუფლებაშეზღუდულ გ. ა–ს, ზ. ვ–სა და პ. მ–ს. ბ. ა–ა ხელთნაქონი პისტოლეტის ტარს ურტყამდა გ. ა–ს, რითაც პატიმრებს ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენეს. პარალელურად, ბ. ა–მ რაციის საშუალებით სამკურნალო დაწესებულებაში გამოიძახა .......... დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმი. ამის შემდეგ ისინი გაათრიეს სამკურნალო დაწესებულების პირველი სართულის დერეფანში, სადაც სპეცრაზმელებმა ასევე მიიყვანეს გამოძახებული პატიმარი ლ. ც–ი, რომელსაც ბ. ა–ას დავალებით, დ. ჭ–ემ, მ. ქ–მ, რ. ჭ–ემ და ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა ასევე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, დამცირების, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების მიზნით, სცემეს და მიაყენეს ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა. ამის შემდეგ ისინი გაიყვანეს დაწესებულების ეზოში, სადაც კვლავ სცემეს. ბოლოს დაწესებულების საკონტროლო - გამშვები პუნქტის გავლით გაიყვანეს საბადრაგო ავტომანქანის სადგომზე. იქ პატიმარ ზ. ვ–ს დაეწყო ეპილეფსიის შეტევა, დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ ისინი ჩასხეს საბადრაგო ავტომანქანაში და კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით გადაიყვანეს ს-ს დ-ს №.. დაწესებულებაში. რამდენიმე ხანში იქვე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულების პატიმრები - მ. ზ–ი და ნ. მ–ე.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ პატიმრები - პ. მ–ი, ე.წ. ,,კანონიერი ქურდები”, ინვალიდის სავარძელში მჯდომი მ. ზ–ი, ასევე სმენადაკარგული და მეტყველებისუნარმოკლებული ნ. მ–ე იმყოფებოდნენ დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში, რადგან ისინი საჭიროებდნენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას და სპეციფიკურ მოვლას, სწორედ სამკურნალო და არა სხვა დაწესებულების პირობებში. ნ. მ–ს ადეკვატური მკურნალობის გაგრძელება შეეძლო მხოლოდ ს-ს დეპარტამენტის ..........ს ტუბდაწესებულებაში, თუმცა მისი იქ გადაყვანა ოპერატიული თვალსაზრისით არ იყო გამართლებული, ხოლო მსგავსი პირობების შექმნა შეეძლო მხოლოდ სამკურნალო დაწესებულებას. ამდენად, ამ სამი პატიმრის სხვა დაწესებულებაში გადაყვანას შეეძლო გამოეწვია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაირღვა მათი კანონით დაცული უფლება, გაევლოთ დაავადების ადეკვატური მკურნალობის კურსი შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში.

გარდა ამისა, პ. მ–ის, მ. ზ–ის, ნ. მ-ს, ზ. ვ–ს, გ. ა–ის, ლ. ც–ის ბადრაგირებით დაირღვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 31 დეკემბრის №.. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ს-ს დაწესებულებათა დაცვის, მსჯავრდებულთა ბადრაგირებისა და ძებნის წესდების 6.3 მუხლის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებისა და 19.7 მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, მსჯავრდებულთა ბადრაგირებისას არ იქნა გათვალისწინებული დაცული კონტინგენტი, კრიმინალური ავტორიტეტები და მათი მოქმედების შესაძლო ხასიათი. ადმინისტრაციის ასეთ კანონშეუსაბამო მოქმედებას დაწესებულებაში განთავსებული პატიმრების მხრიდან მოჰყვა აქტიური პროტესტი და დესტაბილიზაციის მცდელობა, კერძოდ, ყველას დასანახად პატიმრების, მათ შორის მსჯავრდებულებთან გავლენის მქონე კრიმინალური ავტორიტეტების უმოწყალოდ ცემამ და მათი ამ ფორმით ბადრაგირებამ გამოიწვია ს-ს დ-ს ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, ასევე მღელვარების ტალღა გადაეცა მეზობლად მდებარე ს-ს დეპარტამენტის №.. და №.. საპყრობილეებს, რამაც გამოიწვია მათი ფუნქციონირების მოშლა, ასევე -საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება და პროტესტი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით:

3.1 რ. ჭ–ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

რ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,დ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3 000 ლარი. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით - 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, რ. ჭ–ს ¼-ით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ რ. ჭ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით - 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3.000 ლარი.

3.2. დ. ჭ–ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

დ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,დ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3 000 ლარი. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით - 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, დ. ჭ–ს ¼-ით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ დ. ჭ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით - 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3.3 მ. ქ–ა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

მ. ქ–ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

მ. ქ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,დ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3 000 ლარი. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით - 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, მ. ქ–ს ¼-ით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ მ. ქ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3.000 ლარი.

3.4. ბ. ა–ა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

ბ. ა–ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

ბ. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,დ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 4 000 ლარი. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით - 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, ბ. ა–ას ¼-ით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ ბ. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით - 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 4 000 ლარი.

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ბ. ა–ს დაეწყო - 2013 წლის 2 მარტიდან.

4. სასამართლომ დაადგინა:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 23 დეკემბრის №... ბრძანების საფუძველზე, ბ. ა–ა დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ...........ის დეპარტამენტის .........დ და წარმოადგენდა მოხელეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 16 იანვრის N.. ბრძანების საფუძველზე, რ. ჭ–ე დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ..........ის დეპარტამენტის მსჯავრდებულთა ...........ის უფროსის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად და წარმოადგენდა მოხელეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის N.. ბრძანების საფუძველზე, მ. ქ–ა დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ..........ის დეპარტამენტის N.. საპყრობილის ...........ის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად და წარმოადგენდა მოხელეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 16 იანვრის N.. ბრძანების საფუძველზე, დ. ჭ–ე დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-ს დ-ს ............ სამსახურის ............. განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად და წარმოადგენდა მოხელეს.

2006 წლის 27 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, ს-ს დ-ს ......... ბ. ა–ა, მ. ქ–სთან, დ. ჭ–სთან, რ. ჭ–სთან, გ. ფ–სა და სპეციალური დანიშნულების რაზმის რამდენიმე წევრთან ერთად მივიდა სად-ის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში და მოითხოვა ..........ის კაბინეტში მიეყვანათ მსჯავრდებულები - პ. მ–ი, ზ. ვ–ი, გ. ა–ი და ლ. ც–ი. დაწესებულების ..........ის კაბინეტში ბ. ა–მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ მსჯავრდებულს და შემდეგ მათი დამცირების, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების მიზნით, დ. ჭ–სთან, მ. ქ–სთან, რ. ჭ–სა და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებთან ერთად დაუწყო ცემა თავისუფლებაშეზღუდულ გ. ა–ს, ზ. ვ–სა და პ. მ–ს, რითაც პატიმრებს ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენეს. მსჯავრდებულების ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემა გაგრძელდა დაწესებულების პირველი სართულის დერეფანშიც, სადაც სპეცრაზმელებმა ასევე მიიყვანეს გამოძახებული პატიმარი ლ. ც–ი, რომელსაც, ბ. ა–ას დავალებით, დ. ჭ–ემ, მ. ქ–მ, რ. ჭ–ემ და ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დამცირების, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების მიზნით, სცემეს და მიაყენეს ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

5. სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების მიმართვიდან ირკვევა, რომ 2020 წლის 4 ივლისს N.. პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს .........დან ექსტრადირებული მსჯავრდებული დ. ჭ–ე.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. ჭ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ვ–მ, რომლებმაც მოითხოვეს დ. ჭ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ჭ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ვ–მ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განაჩენის გაუქმებასა და დ. ჭ–ს უდანაშაულოდ ცნობას.

8.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ჭ–ს ინტერესების დამცველის ადვოკატ მ. ვ–ს შუამდგომლობა გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ დაკმაყოფილდა.

8.3. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ლეონტი ადეიშვილის შესაგებელი.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

11. საკასაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა წარიმართა ბრალდებულის დაუსწრებლად, სადაც მხარეთა მიერ ბრალდების ყველა მტკიცებულება (ბრალის დადგენილებებისა და პირველი წარდგენის სხდომის განჩინებების გარდა(იხ.: შუამდგომლობა მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის შესახებ; ტ. 14, ს.ფ. 145; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის სხდომის ოქმი - ტ. 14, ს.ფ. 140-144 ) ცნობილ იქნა უდავოდ. დ. ჭ–ს ექსტრადიციისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების შემდეგ სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

კასატორის მტკიცებით, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნა და ბრალდებულის უფლება სამართლიან სასამართლოზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, მტკიცებულება არის კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზეც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლი პრეიუდიციად და შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევს მათ შორის ნებისმიერ გარემოებას თუ ფაქტს, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან (73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15).

14. ამდენად, შეჯიბრებითობისა და დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას როგორც სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების და იმ ასპექტების შესახებ, რომელთა გარშემოც აპირებენ საკუთარი პოზიციის ფორმირებას (მაგ. მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და სწრაფი მართლმსაჯულების ხელშეწყობა, როგორც სასჯელის განსაზღვრისას გასათვალისწინებელი გარემოება), ასევე მტკიცებულებათა შედავების უფლებით სარგებლობის შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეები სადავოდ ხდიდნენ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუმცა 2013 წლის 31 ივლისს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარის (ადვოკატები: მ. ვ–ი, რ. ს–ა, გ. ო–ი) შუამდგომლობის საფუძველზე უდავოდ იქნა ცნობილი საქმეზე წარმოდგენილი პრაქტიკულად ყველა მტკიცებულება - ბრალდების შესახებ დადგენილებებისა და სასამართლოზე პირველი წარდგენის განჩინებების გარდა (იხ.: შუამდგომლობა - ტ. 14, ს.ფ. 145; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის სხდომის ოქმი - ტ. 14, ს.ფ. 140-144). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შუამდგომლობა წარდგენილი იყო მსჯავრდებულის ინტერესების წარმომადგენელი ადვოკატების: მ. ვ–სა(იხ.: მ. ვ–ს ორდერი, ტ. 13, ს.ფ. 336) და გ. ო–ს(იხ.: გ. ო–ს ორდერი, ტ. 14, ს.ფ. 82) მიერ. შესაბამისად, დაცვის მხარისათვის (პროფესიული მომზადებისა და საქმიანობის გათვალისწინებით) ცნობილი იყო მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის სამართლებრივი შედეგები - შესაბამის მტკიცებულებებში მითითებული გარემოებებისა და ფაქტების სასამართლოში გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად და დადგენილად მიჩნევა.

15. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას საქართველოს სსსკ-ის 297-ე და 73-ე მუხლების ურთიერთმიმართების შესახებ, ვინაიდან: საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, მართალია, ადგენს სპეციალურ რეგულირებას იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში განაჩენი გამოტანილი იყო ბრალდებულის დაუსწრებლად, მაგრამ იმავდროულად მკაფიოდ უთითებს, რომ გამოირიცხება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვებისა და წესის გამოყენება და არა - საქართველოს სსსკ-ის სხვა ნორმებით (მათ შორის - საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლით) გათვალისწინებული შეზღუდვები. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისა და განაჩენის დადგენის შემთხვევაში სააპელაციო წესით საქმის განხილვისას არ გამოიყენება, მაგალითად, ამავე მუხლის „გ“ ან „დ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა. მაგრამ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით - დაცვის მხარის ნამდვილი ნების საფუძველზე - მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის შემთხვევაში საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, რადგან დაცვის მხარე ამ უფლებით სარგებლობაზე ნებაყოფლობით აცხადებს უარს. შესაბამისად, პრეიუდიციულად დადგენილად ცნობილი ფაქტის უარყოფა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში და არ გულისხმობს დაცვის მხარის შესაძლებლობას (ძებნილი ბრალდებულის შემთხვევაში) საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოიკვლიოს ყველა ის მტკიცებულება, რომელთა გამოკვლევაც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მომხდარა დაცვის მხარის გადაწყვეტილებით.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) არც მატერიალური და არც შინაარსობრივი მხარე არ უკრძალავს პირს, საკუთარი ნებით და სურვილით უარი განაცხადოს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობაზე. თუმცა, უარი უნდა იყოს ცალსახა და უარის გაცხადებამდე პირი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი მინიმალური გარანტიებით (იხ.: Hermi v. Italy, [GC], no. 18114/02, §73, ECtHR, 18.10.2006). როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, დ. ჭ–ს ინტერესებს როგორც წინასასამართლო სხდომაზე, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, სხვა ადვოკატებთან ერთად, იცავდა ასევე კასატორი (მ. ვ–ი). სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულსა და მისი ინტერესების დამცველებს შორის შეუთანხმებლობა; კასატორის მტკიცებით, გადაწყვეტილება მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის შესახებ შეთანხმებული იყო მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან; ადვოკატთან კომუნიკაციის საკითხში სირთულეებზე/პოზიციათა შეუთანხმებლობაზე არ უთითებდა არც დ. ჭ–ე საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს; დ. ჭ–ს ინტერესებს სისხლის სამართლის საქმის განხილვის ყველა ეტაპზე (წსს, პირველი და სააპელაციო სასამართლოები, საკასაციო სასამართლო) წარმოადგენდა და წარმოადგენს კასატორი. შესაბამისად, გადაწყვეტილება მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის შესახებ მიღებული იქნა მსჯავრდებულთან შეთანხმებით(რასაც კასატორიც უთითებს საკასაციო საჩივარში), მსჯავრდებულის მიერ თავის ადვოკატთან კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების მიღების საფუძველზე, დაცვის მხარისათვის ცნობილი იყო ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რაც უკავშირდება მტკიცებულების საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე უდავოდ ცნობას. იმავდროულად, სასამართლოს არ აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ მსჯავრდებულს კასატორის მხრიდან არ გაეწია სრულყოფილი იურიდიული მომსახურება, ან/და დაცვის უფლების განხორციელებისას დ. ჭ–სთან კომუნიკაციისას არსებობდა ისეთი ხარვეზი, რაც გამორიცხავდა ეფექტიანი დაცვით უზრუნველყოფის შესაძლებლობას.

17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი იურიდიული დახმარების მიზნით სისხლისსამართალწარმოებაში მონაწილე ადვოკატის ყველა ხარვეზზე. კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოებს, მე-6 მუხლის მე-3 (გ) პუნქტის მიხედვით, მოეთხოვებათ ჩაერიონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული დახმარების ადვოკატის მიერ ეფექტური წარმომადგენლობის წარუმატებლობა აშკარაა ან სხვა მხრივ იქცევს მათ ყურადღებას (იხ.: Daud v. Portugal, no.22600/93, §38, ECtHR, 21/04/1998; Sannino v. Italy, no.30961/03, §49, ECtHR, 27/04/2006) რაც მოცემულ შემთხვევაში არ გამოკვეთილა.

18. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ, მართალია, ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე, მაგრამ აღნიშნული არ ათავისუფლებს სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეფასების ვალდებულებისაგან (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის N80აპ-21 განჩინება).

19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ. ჭ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,დ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

20. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობის არსებობის შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2006 წლის 13 აპრილს საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას პ. მ–მ, ლ. ც–მ და ზ. ვ–მ(2007 წლის 25 მარტის სხდომის ოქმი) მიუთითეს, რომ 2006 წლის 27 მარტს ისინი ჩაიყვანეს დირექტორის კაბინეტში, სადაც დახვდათ დეპარტამენტის ......... ბ. ა–ა, N.. საპყრობილის დირექტორი მ. ქ–ა და კიდევ 15 ადამიანი, აქედან 5 იყო ნიღბიანი, ყველანი იყვნენ ავტომატებით შეიარაღებულნი. დირექტორის კაბინეტში ყველა მათგანს გაუსწორდნენ ფიზიკურად. პ. მ–ის ცემა გაგრძელდა დერეფანშიც. მოწმეთა განმარტებით, მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა დაწესებულების ეზოშიც, რის შემდეგაც გადაიყვანეს N.. დაწესებულებაში. 2012-2013 წლების გამოკითხვის ოქმებში კი მიუთითეს იმ პირთა ვინაობაზე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ მათ მიმართ განხორციელებულ ქმედებებში და კვლავ დააზუსტეს 2006 წლის 27 მარტს მომხდარი მოვლენები. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ დაზარალებულთა დაკითხვის დროს, 2006 წელს, გამომძიებლების მხრიდან არცერთი კითხვა არ დასმულა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყვნენ ის პირები, ვინც ბ. ა–ას ახლდნენ და რომლებზეც ყველა დაზარალებული მიუთითებდა; კითხვები ეხებოდა ციხეში ბუნტის მოწყობის საკითხს (დაზარალებულების მონაწილეობას); მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის 21 ივნისის დადგენილებით სისხლის სამართლის N073060138 საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო საქმე .............ის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით), გამოძიებას დაზარალებულებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ ჰქონდა 2012-2013 წლამდე.

21. სასამართლო ასევე ითვალისწინებს დახურულ სივრცეში ჩადენილი სისტემური დანაშაულების სპეციფიკას და იმ მოწმეთა და დაზარალებულთა შეზღუდულ წრეს, რომლებიც შესაძლოა, ყოფილიყვნენ ბრალად წარდგენილი ქმედებების შემსწრე ან თვითმხილველნი, ასევე მათ მოწყვლად მდგომარეობას ( გამოსაძიებელი დანაშაულის ხასიათს და იმ ფაქტს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ისინი რჩებოდნენ ს-ს დ-ში). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ არც სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ იკვეთება და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია (საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის საფუძველზე) რაიმე ფაქტი თუ მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების არასანდოობას ან დ. ჭ–ს უდანაშაულობას.

22. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კასატორი საჩივარში მხოლოდ ზოგადად აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არის წინააღმდეგობრივი, თუმცა არ უთითებს, კონკრეტულად რაში გამოიხატება ჩვენებებს შორის წინააღმდეგობა. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირი არ გულისხმობს მათ იდენტურობას; ისინი საქმის ძირითად გარემოებებთან მიმართებით არ უნდა შეიცავდეს წინააღმდეგობრივ ინფორმაციას. „შეუძლებელია, მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში აუცილებლად მათი აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა ვიგულისხმოთ, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, მაგალითად, ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების სახით. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, განსაკუთრებით კი პირდაპირ ჩვენებებს, ასეთი მტკიცებულებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე....... მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს“ (მაგ.იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N626აპ-17; 264აპ-20 განჩინება).

23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულებმა დაადასტურეს 2006 წლის 27 მარტს მათ მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი და იმ პირთა ვინაობა, ვინც ამ ძალადობას ახორციელებდნენ, ისინი დეტალურად ჰყვებიან, თუ რა ვითარებაში აღიქვეს და დაიმახსოვრეს მათ მიმართ განხორციელებული ქმედებები. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირები გამოძიების მიმდინარეობისას, 2006-2013 წლებში, არაერთხელ არიან დაკითხულები, თუმცა საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარეს მოწმეთა ჩვენებების ურთიერთწინააღმდეგობის შესახებ. მოწმეთა ჩვენებების ანალიზი ცხადყოფს, რომ თითოეული მოწმის ჩვენება ავსებს ერთმანეთს და მათ შორის წინააღმდეგობა, წინა ჩვენებისაგან არსებითად განსხვავებული პოზიცია ძირითად საკითხთან დაკავშირებით დაზარალებულებს არ დაუფიქსირებიათ. მათ ჩვენებებში არ იკვეთება ისეთი წინააღმდეგობრივი გარემოება, რაც საფუძველი გახდებოდა ეჭვისათვის, რომ ისინი იტყუებიან; დაზარალებულები ჯერ კიდევ 2006 წლის გამოკითხვის ოქმებშიც მიუთითებდნენ მათ მიმართ ძალადობის განხორციელებისას „სხვა პირების“ ყოფნაზეც.

24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის Nა/......, N....., N..... დასკვნები (მიუხედავად იმისა, რომ ლ. ც–ისა და გ. ა–ის სხეულზე აღმოჩნდა გარკვეული დაზიანებებისა და შეხორცების კვალი) არ იძლევა 2007 წლის 27 მარტს მომხდარი შემთხვევის შემდეგ დაზარალებულთა ფიზიკური დაზიანებების კვალის და მათი ჯანმრთელობის სრული სურათის აღდგენის შესაძლებლობას, რადგან ექსპერტიზა ჩატარდა 2007 წლის 13 აპრილს - შემთხვევიდან 16 დღის შემდეგ.

25. სასამართლო სხვა მტკიცებულებებთან ერთად ასევე ითვალისწინებს მოწმეების: გ. ფ–ს (ს-ს დ-ს N.. საპყრობილის დირექტორი დანაშაულის ჩადენის დროს) 2012 წლის 3 დეკემბრისა და 2013 წლის 13 ივნისის გამოკითხვის ოქმებს, მ. ს–ს 2012 წლის 10 დეკემბრისა და 2013 წლის 17 ივნისის გამოკითხვის ოქმებს, დ. ჭ–ს 2006 წლის 6 აპრილის გამოკითხვის ოქმს, ბ. ა–ს (ტ. 5, ს.ფ. 29-37) და მ. ქ–ს(ტ.5, ს.ფ. 26-28) მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

26. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით და ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლების აბსოლუტურ ხასიათს და წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვას პირის ქცევის მიუხედავად (იხ.: Chahal v. the United Kingdom, ECHR, no. 22414/93, §79 15.10.1996); მოპყრობის ,,ღირსების შემლახავ” ხასიათს იმისგან დამოუკიდებლად, იყო თუ არა მისი მიზანი შესაბამისი პირის დამცირება და მისი ღირსების შელახვა, რადგან ასეთი მიზნის არარსებობა არ გამორიცხავს მე-3 მუხლის დარღვევას (იხ. Raninen v. Finland, ECHR, no.20972/92, §55, 16.12.1997).

27. მოპყრობა, რომელიც შეურაცხყოფს ან ამცირებს პირს, ავლენს მის მიმართ უპატივცემულობას ან აკნინებს მის ადამიანურ ღირსებას ან წარმოშობს შიშის, ტანჯვის ან არასრულფასოვნების გრძნობას, რასაც შეუძლია პიროვნების მორალური ან ფიზიკური წინააღმდეგობის გატეხვა, შეიძლება შეფასდეს, როგორც დამამცირებელი და მოექცეს მე-3 მუხლით დადგენილი აკრძალვის ფარგლებში (იხ: Vasyukov v. Russia, ECHR, no. 2974/05, § 59, 05.04.2011; Gäfgen v. Germany, ECHR, 22978/05, § 89, 01.06.2010). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან მიმართებით ფიზიკური ძალის გამოყენება, რომელიც არსებითად პირის საქციელით არ იყო განპირობებული, აკნინებს მის ადამიანურ ღირსებას და ფაქტობრივად, წარმოადგენს მე-3 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვის დარღვევას (იხ.: Bouyid v. Belgium, ECHR, no. 23380/09, § 88, 28.09.2015).

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სად-ის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში 2006 წლის 27 მარტს დაწესებულების დირექტორის კაბინეტში თავისუფლებაშეზღუდული გ. ა–ის, ზ. ვ–სა და პ. მ–ისათვის ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილისა და მორალური ტანჯვის მიყენება, მსჯავრდებულების ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემა, რომელიც გაგრძელდა დაწესებულების პირველი სართულის დერეფანშიც, სადაც სპეცრაზმელებმა ასევე მიიყვანეს ლ. ც–ი, რომელსაც სცემეს და მიაყენეს ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა, ერთობლივად აღებული, არასათანადო მოპყრობის ინტენსივობისა და ხანგრძლივობის მხედველობაში მიღებით, ერთმნიშვნელოვნად სცილდება სასჯელის მოხდის ბუნებრივად თანმდევ მინიმალურ სატანჯველს და წარმოადგენს არაადამიანურ მოპყრობას.

29. ვინაიდან კასატორთა რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

31. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ჭ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ვ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე