საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№702აპ-21 ქ. თბილისი
დ-ი გ., 702აპ-21 17 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განაჩენით გ. დ-ი, - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კი – შინაპატიმრობა 9 თვით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 13 სექტემბრიდან. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვან დაზარალებულებს – ლ. ბ-სა და ნ. უ-ოს, აგრეთვე მათ კანონიერ წარმომადგენლებს ეცნობათ საქმის განხილვის შედეგი და განემარტათ ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.
2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. დ-მა ჩაიდინა: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. თ-ი, ლ-- ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, გ. დ-ი და გამოძიებით დაუდგენელი პირები ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ა. ბ-ის კუთვნილ, 900 ლარად ღირებულ, „HONDA TACT AF51-ის“ ფირმის მოპედსა და 20 ლარად ღირებულ ჩაფხუტს. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 920 ლარის ქონებრივი ზიანი.
· 2020 წლის 8 სექტემბერს, დღის საათებში, თ-ი, ა-ის ქ. №--ში მდებარე მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრისა და დღის ცენტრ „ბ---------ს“ ეზოში ყოფნისას, გ. დ-ი დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრულწლოვან ნ. უ-ოს, კერძოდ, უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა და აკუწავდა.
· 2020 წლის 8 სექტემბერს, დღის საათებში, თ-ი, ა-ის ქ. №--ში მდებარე მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრისა და დღის ცენტრ „ბ----ს“ ეზოში ყოფნისას, გ. დ-მა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა არასრულწლოვან ლ. ბ-ს, კერძოდ, დანა დაარტყა მარცხენა ხელის არეში. აღნიშნულმა ქმედებამ ლ. ბ-ის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ და ითხოვა განაჩენის, როგორც უკანონოს და დაუსაბუთებლის, გაუქმება. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გ. დ-ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 13 სექტემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო – 2020 წლის 9 სექტემბრიდან იმავე წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.
5. კასატორი – ადვოკატი კ. ჩ-ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას, მსჯავრდებულ გ. დ-ისათვის სამართლიანი და ჰუმანური სასჯელის განსაზღვრას მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, შემამსუბუქებელი გარემოებებისა და ინდივიდუალური ანგარიშის გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენს დაცვის მხარე ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. დ-ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში (საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს მითითებული მუხლებით მსჯავრდება).
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
4. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას. ამავე კონვენციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, რომ სასჯელის შესაბამისი სახის გათვალისწინებისას მხედველობაში მიიღოს ბავშვის ჯანმრთელობა, განათლება, ეკონომიკური ექსპლუატაცია, ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების ფაქტორები. არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების („პეკინური წესები“) მე-5 მუხლის თანახმად, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ - არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
5. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება; სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 170-დან 200 საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოს 2 წლამდე, ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილი – 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ და განეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. სწორედ ასაკის, შემამსუბუქებელი გარემოებებისა და ინდივიდუალური ანგარიშის მხედველობაში მიღებით განუსაზღვრა სააპელაციო სასამართლომ გ. დ-ს ერთ შემთხვევაში – მინიმალური სასჯელი (რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით), მეორე შემთხვევაში – მინიმუმთან მიახლოებული სასჯელები, ხოლო სსკ-ის 120-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის გამოყენებით – შინაპატიმრობა. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა მსჯავრად შერაცხულ ქმედებათა სანქციებით გათვალისწინებულ ფარგლებში შერჩეული სასჯელების მიზანშეწონილობაზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეფარდებული სასჯელების სახე და ზომა წარმოადგენს ადეკვატურ ღონისძიებას მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, მისი მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისადმი პატივისცემით განწყობისათვის და ემსახურება არასრულწლოვნის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს კანონის – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე