Facebook Twitter

¹ბს-1409-984(კ-05) 1 აგვისტო, 2006წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ნ. ს-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ 1. იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ზესტაფონის სასამართლოს აღმასრულებელი გ. დ-ე (მოპასუხე); 2. შპს «ზ-ი» (მოპასუხე)

მესამე პირი _ მ. წ-ე (მესამე პირი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.

დავის საგანი _ აუქციონის დანიშვნის შესახებ სასამართლო აღმასრულებლის განკარგულებისა და აუდიტორული დასკვნის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 13 სექტემბერს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ს-ემ მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ზესტაფონის სასამართლო აღმასრულებელ გ. დ-ისა და შპს «ზ-ის», მესამე პირის _ მ. წ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ზესტაფონის აღმასრულებელ გ. დ-ის 2004 წლის 7 სექტემბრის განკარგულებისა და შპს «ზ-ის» 2004 წლის 15 აპრილის ¹13 აუდიტორული დასკვნის ბათილად ცნობა და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სააღსრულებო წარმოების შეჩერება.

მოსარჩელის მითითებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით მას მ. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2775 აშშ დოლარის გადახდა, რომლის ნაწილი _ 1050 აშშ დოლარი მან უკვე გადაიხადა და გადასახდელი დარჩა 1725 და არა 1805 აშშ დოლარი, როგორც სააღსრულებო სამსახურის 2004 წლის 10 აგვისტოს ¹344 წერილით ეცნობა. ამასთან, სააღსრულებო სამსახურმა და კრედიტორმა უგულებელყვეს მათი ზეპირი შეთანხმება ვალის 2005 წლის 1 იანვრამდე დაფარვის შესახებ და მისი კუთვნილი ორსართულიანი სახლი შეაფასეს 4500 ლარად, თუმცა, რეალურად, იგი სამჯერ ძვირი მაინც ღირდა. მოსარჩელის მოსაზრებით, სასამართლო აღმასრულებელსა და კრედიტორს სურდათ 1805 დოლარად მისი სახლის დასაკუთრება, რადგან თუ სახლი არ გაიყიდებოდა, ნატურით წაიღებდნენ 1805 აშშ დოლარის ანგარიშში. აუდიტის დასკვნიდან არ ჩანდა თუ რა დოკუმენტებზე დაყრდნობით შეფასდა მისი სახლი, დასკვნა დაკვეთით იყო შესრულებული და რეალურ ღირებულებას არ ასახავდა. ამასთან, სააღსრულებო სამსახურს ქონების შესაფასებლად არ უნდა მოეწვია არაკომპეტენტური შპს «ზ-ი,» მაშინ როდესაც თვით სამინისტროსთან არსებობდა ამ დარგში ბევრად კომპეტენტური საინჟინრო საექსპერტო სამსახური. (ს.ფ. 1-10)

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ნ. ს-ის სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში. (ს.ფ. 13)

2004 წლის 22 სექტემბერს მესამე პირმა, მ. წ-ემ, სასამართლოს წარუდგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ მოტივით, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით მისი ვალის უზრუნველყოფის მიზნით უნდა მოხდეს იპოთეკით დატვირთული, ნ. ს-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის რეალიზაცია, აღნიშნულის საფუძველზე აღმასრულებელმა სათანადო წესების დაცვით გასცა განკარგულება და დაინიშნა აუქციონი. შესაბამისად, უსაფუძვლოა მისი ბათილად ცნობის მოთხოვნა მოსარჩელის მხრიდან, რომელსაც უბრალოდ სურს გააჭიანუროს ისედაც გაჭიანურებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. (ს.ფ. 18)

2004 წლის 8 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ზესტაფონის რაიონის სასამართლო აღმასრულებელმა შესაგებელი წარადგინა სასარჩელო განცხადებაზე, სადაც მიუთითა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად მ. წ-ის მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ნ. ს-ეს კრედიტორის სასარგებლოდ 2775 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა, რომლის უზრუნველსაყოფად იძულებით აუქციონზე რეალიზებულ უნდა იქნეს მოვალის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ზესტაფონში, ....... ქ. ¹80-ში, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილსა და შესაბამის სააღსრულებო ფურცელში. გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 28.1 მუხლის თანახმად მოვალის შვილს, გ. ს-ეს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების 5 დღის ვადაში ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე, რის შემდეგაც მოვალემ ნებაყოფილობით გადაიხადა 1050 აშშ დოლარი, საიდანაც «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის მე-10 და 38-ე მუხლების თანახმად დაიქვითა სააღსრულებო მოსაკრებელი ამოღებული თანხის პროპორციულად 7%-ის ოდენობით და აღსრულებისათვის გაწეული წინასწარი ხარჯი, ხოლო დარჩენილი თანხა (970 აშშ დოლარი) გადაეცა კრედიტორს, შესაბამისად, მოვალეს გადასახდელი დარჩა 1805 აშშ დოლარი, სააღსრულებო მოსაკრებელი 7%-ის ოდენობით, 195 აშშ დოლარი, აუქციონის ჩატარებისათვის კრედიტორის მიერ წინასწარ გაღებული ხარჯები _ 15 ლარი, ანუ სულ 1805 და არა 1725 აშშ დოლარი, როგორც სასარჩელო განცხადებაში მიუთითებს.

სასამართლო აღმასრულებლის განმარტებით, მან კანონის სრული დაცვით დანიშნა აუქციონი, გასცა ამის თაობაზე შესაბამისი განკარგულება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედებაა და არა ადმინისტრაციული აქტი და მასზე ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მოთხოვნები, რაც თავისთავად არ იძლევა განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველს, უფრო მეტიც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 3.4 მუხლის თანახმად ეს კოდექსი არ ვრცელდება სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობაზე. რაც შეეხება მოსარჩელის პრეტენზიას აუდიტთან დაკავშირებით, «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია, შეფასება დაავალოს ექსპერტს ან აუდიტს და იმავე კანონში არსად არის მითითებული, რომ აუცილებელია იუსტიციის სამინისტროს საინჟინრო-საექსპერტო სამსახურისათვის მიმართვა, საცხოვრებელი სახლი არ არის ისეთი ნივთი, რომელიც საჭიროებს სპეციალისტის (ექსპერტის) შეფასებას და მისი შეფასება შესაძლებელია საბაზრო ღირებულებით. (ს.ფ. 30-33)

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი მოტივებით:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე მ. წ-ის სარჩელი და ნ. ს-ეს დაეკისრა 2775 აშშ დოლარის ეკვილვალენტი ლარის გადახდა და იპოთეკით დატვირთული, ნ. ს-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა. მ. წ-ის განცხადების საფუძველზე «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 28.1 მუხლის შესაბამისად სასამართლო აღმასრულებლის წერილობითი შეტყობინებით მოვალეს წინადადება მიეცა 5 დღის განმავლობაში დაეფარა ვალი. ვინაიდან აღნიშნული ვალი სრულად არ იქნა დაფარული, ზემოაღნიშნული კანონის 68-69-ე მუხლების შესაბამისად კანონიერად იქნა მოთხოვნილი იძულებითი აუქციონის ჩატარება. ამავე კანონის 47-ე მუხლის თანახმად კი ასევე კანონიერად განხორციელდა აუდიტი. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ ბინა არის კეთილმოწყობილი და მისი ღირებულება არ შეესაბამება აუდიტის დასკვნას. (ს.ფ. 39-41)

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება. აპელანტმა სადავოდ არ გახადა ის გარემოება, რომ სასამართლო წესით დაეკისრა 2775 აშშ დოლარის მ. წ-ის სასარგებლოდ გადახდა. მან ნებაყოფილობით გადაიხადა 1050 აშშ დოლარი და აპირებდა თანდათან ვალის გასტუმრებას, მაგრამ არ ეთანხმებოდა სახლის შეფასებას _ მისი მოთხოვნა კომპეტენტური ორგანოს მიერ სახლის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებაზე კი უსაფუძვლოდ იქნა უარყოფილი. (ს.ფ. 43-45)

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა და საქმეზე დაინიშნა სასამართლო-საინჟინრო ექსპერტიზა, რომელსაც დაეცვალა საცხოვრებელი სახლის საბაზრო ღირებულების დადგენა მისი ეზოს, მიწის ნაკვეთის, ეზოში არსებული სხვა ნაგებობებისა და ხეხილის ჩათვლით. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ქუთაისის ჯგუფს. ექსპერტიზის დამთავრებამდე შეჩერდა საქმის წარმოება. (ს.ფ. 67-70)

სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იმერეთის რეგიონული სამსახურის 2005 წლის 8 ივნისის ¹126/15 ექსპერტის დასკვნის თანახმად, ნ. ს-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის ღირებულებამ 11793 ლარი, სახლის ეზოს მიწის ნაკვეთის ღირებულებამ _ 1765 ლარი შეადგინა. (ს.ფ. 80-83)

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 6 ივნისის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება. (ს.ფ. 84-85)

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა, ნ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი აუქციონის დანიშვნის შესახებ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ზესტაფონის აღმასრულებლის 2004 წლის 7 სექტემბრის განკარგულება და შპს ზესტაფონის აუდიტ-გარანტის 2004 წლის 15 აპრილის აუდიტის დასკვნა. იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ზესტაფონის აღმასრულებელს დაევალა ნ. ს-ის საცხოვრებელი სახლის 11793 ლარისა და სახლის ეზოს მიწის ნაკვეთის 1765 ლარის ღირებულების გათვალისწინებით აუქციონის ჩატარების შესახებ განკარგულების გამოცემა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ეს დაეკისრა 2775 აშშ დოლარის მ. წ-ის სასარგებლოდ გადახდა და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი სახლის აუქციონზე გაყიდვა, რაზედაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. 2004 წლის 7 სექტემბერს ზესტაფონის აღმასრულებელმა გამოსცა განკარგულება აუქციონის დანიშვნის შესახებ ამავე კანონის 69-ე მუხლის თანახმად. აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადებით მიმართული ჰქონდა კრედიტორ მ. წ-ეს, რითაც დაცული იყო «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნა. 2004 წლის 15 აპრილს შედგა აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმად ნ. ს-ის საცხოვრებელი სახლი შეფასდა 4500 ლარად. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი სახლის ღირებულება 11793 ლარს, ხოლო ეზოს მიწის ნაკვეთის ღირებულება 1765 ლარს შეადგენდა, რითაც დაირღვა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 47-ე და 69-ე მუხლების მოთხოვნები, აუდიტის მიერ არ იქნა სწორად შეფასებული ნ. ს-ის საცხოვრებელი სახლი და ეზოს მიწის ნაკვეთი, რის შედეგადაც აღმასრულებლის განკარგულებაში არასწორად იქნა დაფიქსირებული სახლის ღირებულება. (ს.ფ.96-101)

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ს-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხალახლა განსახილველად დაბრუნება.

კასატორის მითითებით, სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი განიხილა ისე, რომ მასში მონაწილეობა არ მიუღია არც თავად და არც მის რწმუნებულს, არასწორი იყო გადაწყვეტილების მითითება, თითქოს, პროცესი მისი მონაწილეობით ჩატარდა და მან პროცესზე სიტყვა წარმოსთქვა. სინამდვილეში მას არც პირველ და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან საქმეს აწარმოებდა რწმუნებულის მეშვეობით, ეს უკანასკნელი კი პროცესს რომ არ ესწრებოდა, გადაწყვეტილებიდანაც ჩანდა. თავად არათუ პროცესში არ მონაწილეობდა, შეტყობინებაც არ მიუღია სხდომის ჩატარების თარიღის დანიშვნის შესახებ, თუმცა სასამართლომ პროცესი ჩაატარა და ისიც მონაწილედ გამოაცხადა. სასამართლომ უგულებელყო მისი უფლება, დაეფიქსირებინა პოზიცია როგორც აუდიტის, ისე ექსპერტის მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ. კასატორის აზრით, სასამართლო მისი და მისი რწმუნებულის პროცესზე მოუწვევლობის გამო ერთი უკიდურესობიდან მეორემდე მივიდა. თუ პირველი ინსტანციის სასამართლომ საერთოდ გააუფასურა მისი სახლის ღირებულება, სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით იმდენად დიდი ფასი დაადო მის სახლს, რომ ამ ფასად მას არავინ იყიდიდა, შესაბამისად, სასამართლოს ორივე გადაწყვეტილება კასატორისათვის საზიანო იყო, რადგან «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონით სახლი 1500 დოლარად დარჩებოდა მ. წ-ეს, რადგან დასახელებულ ფასს მასში არავინ გადაიხდიდა. კასატორის აზრით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე, 79-ე, მე-80, 81-ე, 93-ე, 127-ე, 179-ე მუხლების მოთხოვნები. (ს.ფ. 110-113)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება დატოვებული იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი სრულიად დაუსაბუთებელია და არ შეიცავს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამასაბუთებელ არგუმენტებს, კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის არასწორად განმარტებას ან გამოყენებას, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნებით დარღვევის თაობაზე, კერძოდ, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მის დაუსწრებლად და პროცესის ჩატარების თარიღის შესახებ არ აცნობა კანონით დადგენილი წესით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შეტყობინება 2005 წლის 28 ივლისის სასამართლო სხდომის თაობაზე ნ. ს-ეს გაეგზავნა 2005 წლის 6 ივლისს და იგი 2005 წლის 11 ივლისს ჩაბარდა კასატორს (ს.ფ. 86, 93). ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითება, თითქოს სასამართლო პროცესს ესწრებოდა კასატორი და წარმოსთქვა სიტყვა, როგორც ამას კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს.

საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების არგუმენტად იმაზე მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით უკიდურესად ძვირი ფასი დაადო მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს და ამ ფასად მას არავინ იყიდის. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ექსპერტიზის დასკვნის გაზიარების შესახებ. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თავის სასარჩელო განცხადებაში კასატორი არ ეთანხმებოდა აუდიტის მიერ მისი სახლის 4500 ლარად შეფასებას და მიიჩნევდა, რომ მისი სახლი აღნიშნულზე სამჯერ მეტი მაინც ღირდა (ს.ფ. 1). სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იმერეთის რეგიონული სამსახურის 2005 წლის 8 ივნისის ¹126/15 ექსპერტის დასკვნის თანახმად, ნ. ს-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის ღირებულება განისაზღვრა 11793 ლარით, სახლის ეზოს მიწის ნაკვეთის ღირებულება _ 1765 ლარით, რაც შეესაბამება კასატორის მიერ სახლის ღირებულებად სარჩელში დასახელებულ ფასს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საპროცესო ნორმების დარღვევა და არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება;

3. ნ. ს-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.