Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №5I-22 თბილისი

ქ-ი შ-თ, 5I-22 21 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - შ. ქ-ისა და მისი ადვოკატის - გ. ბ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, შ. ქ-ის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები თურქეთის რესპუბლიკაში:

· თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის განაჩენით თ-ის რესპუბლიკის მოქალაქე შ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ უკანონო ვაჭრობა) და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. შ. ქ-ი სრულად ესწრებოდა მისი საქმის სასამართლოში განხილვას;

· თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მე-10 სამმართველოს 2021 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო;

· 2021 წლის 15 მარტს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა შ. ქ-ის დაკავების ბრძანება.

2. საქმის მასალების მიხედვით, შ. ქ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოებისათვის, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ შ. ქ-ი თანამონაწილეებთან ერთად ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობას. აღნიშნულის გამო, 2013 წლის 27 ივლისს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, ჩხრეკის ჩატარების მიზნით, მივიდნენ ს-ში მდებარე შ. ქ-ის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც შ. ქ-ი გადახტა აივნიდან და სცადა მიმალვა, ხოლო ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 28.7 კგ. სარეალიზაციოდ დაფასოებული, 29 პაკეტი ნარკოტიკული ნივთიერება. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება წარმოადგენდა „ჰეროინს“.

3. შ. ქ-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

o ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2021 წლის 28 ივნისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და შ. ქ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. შ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში) და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 15 თებერვლიდან. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი;

o 2021 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შ. ქ-ის ექსტრადიციის თაობაზე მიიღო თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები;

o 2021 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ძებნილი შ. ქ-ი;

o ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით შ. ქ-ს შეეფარდა 3 თვით საექსტრადიციო პატიმრობა, რომლის ათვლა დაეწყო 2021 წლის 13 ოქტომბრიდან;

o თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 11 იანვრის განჩინებით შ. ქ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2022 წლის 13 აპრილამდე.

4. 2022 წლის 7 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და მოითხოვა თ-ის რესპუბლიკის მოქალაქე შ. ქ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 9 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და დასაშვებად იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე შ. ქ-ის, - - თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ უკანონო ვაჭრობა).

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 9 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა - შ. ქ-მა და მისმა ადვოკატმა - გ. ბ-ემ, რომლებიც ითხოვენ შ. ქ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: შ. ქ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების, მათ შორის სიცოცხლის უფლების, დარღვევის რისკი; იგი შეიძლება დაექვემდებაროს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ხოლო თ-ის რესპუბლიკიდან წარმოდგენილი გარანტია არ ასახავს რეალობას და არსებობს რისკი, რომ ის ვერ შესრულდება. შ. ქ-ი ასევე ითხოვს საქართველოში თავშესაფრის მიღებას, ვინაიდან, მისივე განმარტებით, თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია გამოიწვევს მისი სიცოცხლის ხელყოფას.

7. პროკურორი არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს და ითხოვს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.

3. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ძებნილი შ. ქ-ის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისა და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ შ. ქ-ი არის თ-ის რესპუბლიკის მოქალაქე, იგი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შ. ქ-ს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში არ გაუსაჩივრებია.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - შ. ქ-ისა და მისი ადვოკატის - გ. ბ-ის მიერ მითითებული გარემოებები, რომ თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს შ. ქ-ის უფლებების, მათ შორის სიცოცხლის უფლების, დარღვევის რისკი; იგი შეიძლება დაექვემდებაროს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება, რომელიც შ. ქ-ის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ვარაუდს დაადასტურებდა, ხოლო მათი ზოგადი განცხადებები ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის გამომრიცხავ გარემოებად.

6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას (ECtHR, №36378/02, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), 12/04/2005, §352). უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (ECtHR, №46827/99, 46951/99, მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) 04/02/2005, §70).

7. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიებს, რომელთა თანახმად: თურქეთის რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მონაწილე მხარეს; ექსტრადიციის შემთხვევაში შ. ქ-ს მიეცემა დაცვის ყველანაირი კანონიერი შესაძლებლობა; ამასთან, მისთვის წარდგენილი ბრალდება არ არის პოლიტიკური ან სამხედრო ხასიათის.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 9 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - შ. ქ-ისა და მისი ადვოკატის - გ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 9 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე