საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №6I -22 თბილისი
შ-ა დ-თ, 6I -22 25 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. შ-ას საჩივარი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას 2022 წლის 25 იანვრის დადგენილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, 2020 წლის 23 მარტს საქართველოს შსს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ჯ-ის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე №- წ-ის რაიონის სოფელ მ-ში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეზე №- 2020 წლის 23 მარტს მოწმის სახით გამოიკითხა დ. შ-ა, ხოლო 2020 წლის 7 აპრილს - ვ. კ..
3. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას 2021 წლის 22 სექტემბრის დადგენილებით ვ. კ. ცნობილ იქნა დაზარალებულად.
4. იმავე დღეს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას განცხადებით მიმართა დაზარალებულმა ვ. კ-ამ და თანხმობა განაცხადა დ. შ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ.
5. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას 2021 წლის 5 ოქტომბრის დადგენილებით:
o სისხლის სამართლის საქმეზე №- შეწყდა გამოძიება, ვინაიდან გამოცემული იყო ამნისტიის აქტი, რომელიც დ. შ-ას ათავისუფლებდა ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;
o საქმეზე ამოღებული „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი - სახელმწიფო ნომრით - - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას 2021 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება გაასაჩივრა დ. შ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ პროკურორმა გადაწყვეტილება მიიღო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის არსებითი დარღვევით, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი გამოძიების სტადიაზე შეიძლება გავრცელებულიყო ბრალდებულის მიმართ, ხოლო დ. შ-ა საქმეში წარმოდგენილი იყო მოწმის სტატუსით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით:
· დ. შ-ას საჩივარი დაკმაყოფილდა;
· ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას 2021 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა პროკურორს გამოძიებისათვის;
· დ. შ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.
8. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას 2022 წლის 17 იანვრის დადგენილებით დ. შ-ა ბრალდებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
9. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას 2022 წლის 21 იანვრის დადგენილებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დ. შ-ას მიმართ შეწყდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა.
10. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას 2022 წლის 25 იანვრის დადგენილებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმეზე №-- შეწყდა გამოძიება. საქმეზე ამოღებული „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი - სახელმწიფო ნომრით - - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
11. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას 2022 წლის 25 იანვრის დადგენილება გაასაჩივრა დ. შ-ამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული დადგენილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ პროკურორმა გადაწყვეტილება მიიღო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის არსებითი დარღვევით, კერძოდ: პროკურორს ბრალდებულისათვის არ გადაუცია სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ 2022 წლის 21 იანვრის დადგენილება, რომლის გასაჩივრების საშუალებაც არ მიეცა. ამასთან, მისივე განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2022 წლის 25 იანვრის დადგენილების მიღებით პროკურორმა დაარღვია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, პირს, რომლის მიმართ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით, ხოლო ბრალდების მხარეს ბრალდებულ დ. შ-ასაგან არ მიუღია ინფორმაცია მისი სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვის უფლებით სარგებლობის შესახებ, რისი უფლებაც მას შეეზღუდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამნისტიის აქტით დამნაშავე (ბრალდებული) შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბრალდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, პირს, რომლის მიმართ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დ. შ-ა ითხოვს, რომ მის მიმართ არ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, რათა შეძლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით სარგებლობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას 2022 წლის 21 და 25 იანვრის დადგენილებები უნდა გაუქმდეს და დ. შ-ას მიმართ არ უნდა აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. შ-ას საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას 2022 წლის 21 იანვრისა (ბრალდებულ დ. შ-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ) და 2022 წლის 25 იანვრის (სისხლის სამართლის საქმეზე №- გამოძიების შეწყვეტის შესახებ) დადგენილებები უნდა გაუქმდეს, დ. შ-ას მიმართ არ უნდა აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და სისხლის სამართლის საქმე №- დაუბრუნდეს პროკურორს გამოძიების გასაგრძელებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. შ-ას საჩივარი დაკამყოფილდეს;
2. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას 2022 წლის 21 იანვრისა (ბრალდებულ დ. შ-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ) და 2022 წლის 25 იანვრის (სისხლის სამართლის საქმეზე №- გამოძიების შეწყვეტის შესახებ) დადგენილებები და სისხლის სამართლის საქმე №- დაუბრუნდეს პროკურორს გამოძიების გასაგრძელებლად;
3. დ. შ-ას მიმართ არ აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე