Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№810აპ-21 ქ. თბილისი

ა-ი ს-ნ, 810აპ-21 25 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს. ა-ს ბრალი დაედო ყაჩაღობაში, ე.ი. თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

· ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით ს. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი ს. ა-ი 2020 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, მივიდა მ-ი, -ის ქ. №--ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში და ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავს დაესხა მეპატრონეს – ა. კ-ს, რომელსაც პისტოლეტის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა 100 ლარი.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ს. ა-ის, – - ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაემატა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 წელი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 5 თებერვლიდან.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ა-მა ჩაიდინა იძულება – ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, ს. ა-ი მივიდა მ-ი, -ის ქ. №--ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში და შეეცადა, აეძულებინა ა. კ-ი, შეესრულებინა ისეთი მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, კერძოდ, გამყიდველს – ა. კ-ს ს. ა-ისათვის დაებრუნებინა მაღაზიაში განთავსებული საქონლის შესაძენად გადაცემული თანხის – 100 ლარის ნაწილი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ზაზა ცქვიტარია ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და ს. ა-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ს. ა-ის ქმედების სამართლებრივი შეფასების ნაწილში და არც საკასაციო სასამართლოს მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგინდა ს. ა-ის ხელში იარაღის არსებობის ფაქტი. იარაღის გამოყენებაზე მიუთითებენ მხოლოდ დაზარალებული და მისი მეუღლე, შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა მეზობლებმა კი სასამართლოს განუცხადეს, რომ ს. ა-ს იარაღი არ ჰქონია, მაღაზიიდან გასვლის შემდეგ იგი ქვებს ისროდა დაზარალებულის მაღაზიის მიმართულებით, კონფლიქტის შემდეგ არსად წასულა და დაელოდა პოლიციის თანამშრომლებს. საყურადღებოა ისიც, რომ მისი პირადი ჩხრეკისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით იარაღი, რომელზეც მიუთითებდნენ დაზარალებული და მისი მეუღლე, ნანახი და ამოღებული არ ყოფილა. საეჭვოა ის გარემოებაც, დაკავშირებულია თუ არა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მასრებზე ს. ა-ის ბიოლოგიური მასალის აღმოჩენა უშუალოდ 2020 წლის 5 თებერვლის შემთხვევის მოვლენებთან. შესაბამისად, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გამორიცხავს ს. ა-ის მიერ ყაჩაღობის ჩადენას. მას მხოლოდ სურდა, რომ დაზარალებულს ემოქმედა მისი ნებისა და ინტერესების შესაბამისად და შეესრულებინა მისი მოთხოვნა. სწორედ პირისათვის თავისუფალი არჩევანის მიუცემლობა წარმოადგენს იძულებას (მაგალითისათვის იხ. №391აპ-14, №662აპ-16).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე