საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№811აპ-21 ქ. თბილისი
ბ-ე გ-ი, 811აპ-21 15 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის – ზურაბ კოჭლამაზაშვილის, ასევე – მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ბ-სა და ხ. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით გ. ბ-ე, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 მაისისა და 2021 წლის თებერვლიდან 5 აპრილამდე ეპიზოდები), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 19 მარტის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) და მიესაჯა 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 19 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და გ. ბ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 5 აპრილიდან; მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად 3 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. ბ-ემ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 15 მაისს, დილის საათებში, ქ. რ-ში, ლ-ძის ჩიხი №--ის №-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ბ-ემ მეუღლეს – ხ. დ-ას, მათი საერთო არასრულწლოვანი შვილების – 2005 წელს დაბადებული ა., 2012 წელს დაბადებული ნ., 2006 წელს დაბადებული გ. და 2008 წელს დაბადებული ი. ბ-ების თანდასწრებით, ჯერ თავში დაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ კი წელის არეში – ფეხი. გ. ბ-ის ძალადობრივი ქმედებების გამო ხ. დ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის თებერვლიდან 2021 წლის 5 აპრილამდე დროის შუალედში ქ. რ-ში, ლ-ის №- ჩიხის №- საცხოვრებელ ბინაში, გ. ბ. მეუღლეს – ხ. დ-ას, მათი საერთო არასრულწლოვანი შვილების: 2005 წელს დაბადებული ა., 2012 წელს დაბადებული ნ., 2006 წელს დაბადებული გ. და 2008 წელს დაბადებული ი. ბ-ების თანდასწრებით, ყოველდღიურად, როგორც ნასვამი, ისე – ფხიზელი, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იმის გამო, რომ იგი მას, როგორც ოჯახის უფროსს, არ სცემდა სათანადო პატივს და სრულყოფილად ვერ ასრულებდა ცოლის მოვალეობას, აგინებდა და მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რამაც გამოიწვია ხ. დ-ას ტანჯვა.
· 2021 წლის 4 აპრილს, საღამოს საათებში, სატელეფონო კომუნიკაციის დროს, გ. ბ-ემ მეუღლეს – ხ. დ-ას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იმის გამო გაბრაზებულმა, რომ პატივი არ სცა მას, როგორც ოჯახის უფროსს და მისი ნებართვის გარეშე უზრუნველყო მათი შვილების მატერიალური კეთილდღეობა, უთხრა, რომ, თუ მის კუთვნილ სამაჯურს არ მისცემდა, „ტვინს გაასხმევინებდა, დაბრიდავდა, აკუწავდა და აჩეხავდა“, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2021 წლის 19 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, რ-ში, ლ-ის ჩიხი №--ის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ბ-ემ თავის არასრულწლოვან შვილს, 2005 წელს დაბადებულ ა. ბ-ეს იმის გამო, რომ გვიან ღამით ჭამდა საჭმელს, ზურგის არეში დაარტყა ხელი, რის გამოც ა. ბ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორი ზურაბ კოჭლამაზაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ. ბ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატები ითხოვენ განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ. ბ-ისათვის ისეთი სასჯელის განსაზღვრას, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
6. პროკურორი ზურაბ კოჭლამაზაშვილი შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ გ. ბ-სათვის სასჯელის განსაზღვრის ნაწილში და უსაფუძვლოდ მიაჩნია ბრალდებისა და დაცვის მხარეების მოთხოვნა მის მიმართ დანიშნული სასჯელის შეცვლის თაობაზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
10. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ გ. ბ-ეს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის – ზურაბ კოჭლამაზაშვილის, ასევე – მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ბ-სა და ხ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე