Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №891აპ-21 თბილისი

თ-ი კ-რ, 891აპ-21 24 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. თ-ის ადვოკატ მ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განაჩენით კ. თ-ი, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი - 2019 წლის 31 დეკემბრის, 2020 წლის 20 ოქტომბრის 13:00 საათისა და 21:30 საათის, 2020 წლის 18 მარტიდან იმავე წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდის ეპიზოდები) - 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. თ-ს განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2020 წლის 21 ოქტომბრიდან.

2. განაჩენის მიხედვით, კ. თ-ს მსჯავრი დაედო:

ü ოჯახში ძალადობაში, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი);

ü ოჯახში ძალადობაში, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

ü სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o 2019 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 11:00 სათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ში, ი. რ-ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის მისაღებში, კ. თ-მა, ძვირადღირებული სათამაშოს ყიდვის გამო, ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ი. რ-ეზე, კერძოდ, ხელი და ფეხი რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;

o 2020 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ში, ი. რ-ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის საძინებელში, კ. თ-მა, უმიზეზოდ, ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ი. რ-ეზე, კერძოდ, ფეხი ორჯერ დაარტყა საჯდომის მარჯვენა მხარეს, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;

o 2020 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ში, ი. რ-ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის შესასვლელში, კ. თ-მა, ფულის მიცემაზე უარის გამო, ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ი. რ-ეზე, კერძოდ, გაშლილი ხელი გაარტყა მარცხენა ლოყაზე, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;

o 2020 წლის 18 მარტიდან იმავე წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდში, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ში, ი. რ-ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, კ. თ-ი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ი. რ-ეზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა სისტემატური შეურაცხყოფითა და დამცირებით, კერძოდ: უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა, „კოჭლსა“ და „მოუქნელს“ ეძახდა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა;

o 2020 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ში, ი. რ-ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, კ. თ-ი, ფულის მიცემაზე უარის შემდგომ, სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ი. რ-ეს, თუ არ შეასრულებდა მის მოთხოვნას, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. თ-ის ადვოკატმა მ. პ-ემ, რომელმაც საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და კ. თ-ისათვის სასჯელის შემსუბუქება - სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. თ-ის ადვოკატმა მ. პ-ემ, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და კ. თ-ისათვის სასჯელის შემსუბუქებას.

7. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი მექვაბიძე საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, მსჯავრდებულ კ. თ-ის ადვოკატ მ. პ-ისათვის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ კ. თ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. თ-ის ადვოკატ მ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე