Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №775აპ-21 ქ. თბილისი

ი-ი ე-ნ, 775აპ-21 14 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის განაჩენით ე. ი-ი, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით, 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2021 წლის 11 იანვრის, 2021 წლის 13 იანვრის პირველი და მეორე ეპიზოდები) – 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ე. ი-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 12 თებერვლიდან. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ე. ი-მა ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება (3 ეპიზოდი).

4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 11 იანვარს თ-ში, სოფელ ფ-ში, ე. ი-მა 150 ლარად დ. ჭ-ზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0,089 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დ. ჭ-თან ჩატარებული ამოღების შედეგად.

· 2021 წლის 12 იანვარს თ-ში, სოფელ ფ-ში, ე. ი-მა, დაუდგენელ პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, 150 ლარად დ. ჭ-ზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ დაუდგენელ პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0,0894 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰერიონი“, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დ. ჭ-თან ჩატარებული ამოღების შედეგად.

· 2021 წლის 13 იანვარს თ-ში, სოფელ ფ-ში, ე. ი-მა, დაუდგენელ პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, 150 ლარად დ. ჭ-ზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0,075 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰერიონი“, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დ. ჭ-თან ჩატარებული ამოღების შედეგად.

· 2021 წლის 13 იანვარს თ-ში, სოფელ ფ-ში, ე. ი-მა, დაუდგენელ პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, 150 ლარად დ. ჭ-ზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0,0987 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰერიონი“, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დ. ჭ-თან ჩატარებული ამოღების შედეგად.

5. ადვოკატი დ. ფ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ე. ი-სთვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრას, ასევე – საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული 18 წლის მოზარდია, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, პირველადაა სამართალში, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით (თავად ბრალდებულის აღიარებით, ამოღების ოქმებით, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო- აუდიოჩანაწერებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, კრებსებითა და საქმის სხვა მასალებით) უტყუარადაა დადასტურებული ე. ი-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.

9. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ე. ი-სათვის განსაზღვრულ სასჯელებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისინი შეფარდებულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის, ნარკოტიკული საშუალებების სახეობებისა და ოდენობის, დანაშაულის ეპიზოდთა სიმრავლისა და მათი ჩადენის ინტენსივობის მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მათი შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

10. კასატორი ასევე ითხოვს სასჯელის განსაზღვრას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: „ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან“. ე. ი-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და გასაღებაში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მან, მართალია, აღიარა დანაშაული, მაგრამ არ დაასახელა პირი, ვისთან ერთადაც ჩაიდინა დანაშაული; ამასთან, მოცემულ შემთხვევაში მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას. ყოველივე ზემოაღნიშნული კი გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივ შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება, მასში გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დროსაც კი, წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა – ვალდებულებას.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ე. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე