საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№839აპ-21 ქ. თბილისი
ო-ი კ-ნ, 839აპ-21 28 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ. ო-ს ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, წ-ი, ა-ეს ქ. №--ში მდებარე კ. ო-ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სტომატოლოგიურ კაბინეტში, დაგვიანების გამო, თავისი მეუღლის – ნ. ე-ის საყვედურითა და შეპასუხებით განაწყენებულმა კ. ო-მა მაჯაზე ხელის მოკიდებითა და ხელსაბანის სარკეზე მიჯახებით ფიზიკურად იძალადა ნ. ე-ზე. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით კ. ო-ი, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი გიორგი სახიაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, კ. ო-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უკანონოა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც დაასკვნა, რომ კ. ო-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. ბრალდებულმა ისარგებლა დუმილის უფლებით, დაზარალებულმა ნ. ე-მა (ბრალდებულის მეუღლემ) ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, ხოლო მათი შვილის – ლ. ო-ის საპროცესო წარმომადგენელმა – ს. გ-მა უარი თქვა მის დაკითხვაზე. მოწმე დ. გ-ის ჩვენებით, სტომატოლოგიურ კაბინეტში გამოცხადდნენ ბავშვის შეტყობინების გამო; ხმაური იყო, თუმცა გინება და მუქარა არ გაუგია; დაზარალებულს ცხვირზე სისხლი ჰქონდა და ამბობდა, რომ ფეხი გაუსრიალდა და სარკეს მიარტყა. მოწმე ბ. ბ-ის ჩვენებით, ბავშვის შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ სტომატოლოგიურ კაბინეტში, საიდანაც ყვირილის ხმა გამოდიოდა; კარის გაღების შემდეგ ბრალდებული აგრძელებდა აგრესიას, ხოლო ქალბატონს არაფერი არ განუმარტავს; ჩათვალეს, რომ იყო ოჯახური ძალადობა. მოწმე თ. მ-ის ჩვენებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა და დაზარალებულმა განუმარტეს, რომ „ჯიკაობის მომენტში ხელი რომ გაუშვა, დაზარალებული თვითონ წაიქცა“. მოწმე ლ. ვ-ის ჩვენების თანახმად, სტომატოლოგიური კაბინეტიდან გამოდიოდა ყვირილის ხმა, კარის გაღების შემდეგ დაზარალებულმა განუცხადა, რომ მეუღლემ იძალადა მასზე;სომხურად საუბრობდნენ და შინაარსი არ იცის; ვინაიდან მამაკაცი იყო აგრესიული, ქალბატონი კი – გაჩერებული, მიიჩნიეს, რომ იყო ოჯახური ძალადობა და ამიტომ დააკავეს ბრალდებული. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №- და №-- დასკვნებში აღწერილია როგორც დაზარალებულ ნ. ე-ის, ისე – ბრალდებულ კ. ო-ის სხეულზე არსებული დაზიანებები.
9. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ირიბია, ამასთან, მათ შორის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებია, შესაბამისად, ისეთ ვითარებაში, როდესაც დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, ექსპერტიზების დასკვნებით კი ვერ დგინდება დაზიანებების მიღების გარემოებები და მათი მიმყენებელი პირის ვინაობა, მხოლოდ ირიბ მოწმეთა წინააღმდეგობრივი ჩვენებები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და უტყუარად არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, თანახმად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებისა. ასევე არაინფორმატიულია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი კ. ო-ის ბრალეულობის დადასტურების კუთხით.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე