საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №695აპ-21 თბილისი
ო-ი ს-ო, 695აპ-21 24 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გოგალაძისა და მსჯავრდებულ ს. ო-ის ადვოკატ დ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 აპრილის განაჩენით ს. ო-ი, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ო-ს განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 27 აგვისტოდან.
2. განაჩენის მიხედვით, ს. ო-ს მსჯავრი დაედო:
ü ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლასა და სხვა ქმედებაში, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას;
ü განზრახ მკვლელობის მცდელობაში, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით.
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o 2019 წლის 1-23 აგვისტომდე პერიოდში, თ-ში, ც. დ-ის ქუჩის №--ში, მე-- კორპუსში მდებარე, თ. გ-ას მფლობელობაში არსებულ №- ბინაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ, კარის საკეტის დაზიანებით, უკანონოდ შევიდა ს. ო-ი და ბინაში არსებული ნივთების დათვალიერებით ცდილობდა თ. გ-ას შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, რითაც დაარღვია ბინის ხელშეუხებლობა;
o 2019 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 01:32 საათზე, თ-ში, ც. დ-ის ქუჩის №--ში, მე-- კორპუსის მე-- სართულზე მდებარე №- ბინაში, ს. ო-ი, ძალის გამოყენებით, შეეცადა წინასწარი შეცნობით ორსული თ. გ-ას მე-7 სართულის აივნიდან გადაგდებასა და განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლას, კერძოდ: ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელი ჰკრა და მოაჯირს მიანარცხა ბინის აივანთან მდგომი თ. გ-ა, რის შემდეგაც ხელები მოჰკიდა წელსა და ფეხებზე და შეეცადა აივნიდან გადაგდებას, რა დროსაც თ. გ-ა მთელი სხეულით მოექცა აივნის მოაჯირის გარეთ და მოაჯირზე ხელის შემოხვევით შეძლო გადავარდნისგან თავის შეკავება. ს. ო-ი თ. გ-ას ხელებით სცემდა ზურგსა და წელზე, ასევე, უკბინა წელის არეში. ბინაში მყოფი ი. გ-ასა და გ. რ-ის დახმარებით, რომლებიც ცდილობდნენ ს. ო-ისათვის წინააღმდეგობის გაწევას, თ. გ-ამ აივნის მოაჯირის რკინის გისოსებს შორის ფეხის ჩაჭედვით მოახერხა თავის შემაგრება, თუმცა ს. ო-ი თ. გ-ას ფეხზე საპირისპირო მიმართულებით ზემოქმედებითა და ხელის ბიძგებით, კვლავ ცდილობდა მისთვის ფეხის დაზიანებასა და აივნიდან გადაგდებას. ს. ო-მა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა თ. გ-ას, ი. გ-ასა და გ. რ-ის წინააღმდეგობის გაწევის გამო.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ო-ის ადვოკატმა დ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ს. ო-ის გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განაჩენით ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 აპრილის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:
· ს. ო-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ მსჯავრდებაში;
· ს. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 160-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ო-ს განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 27 აგვისტოდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:
− თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი გოგალაძემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ს. ო-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრას;
− მსჯავრდებულ ს. ო-ის ადვოკატმა დ. მ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ს. ო-ის გამართლებას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატის პოზიციებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გოგალაძისა და მსჯავრდებულ ს. ო-ის ადვოკატ დ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე