Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№781აპ-21 ქ. თბილისი

ც-ი დ-ო, 781აპ-21 25 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურჯან ტაბეშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. ც-ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის მარტში (ზუსტი დრო დაუდგენელია), შუადღის საათებში, წ-ოს რაიონის სოფელ ს-ში მდებარე სახლის ეზოში, დ. ც-მა იძალადა შვილზე – გ. ც-ზე (სახეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი).

· 2020 წლის 18 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, წ-ოს რაიონის სოფელ ს-ში მდებარე სახლის ეზოში, დ. ც-მა იძალადა შვილზე – გ. ც-ზე. დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის განაჩენით დ. ც-ი, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის მარტისა და იმავე წლის 18 მაისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი გურჯან ტაბეშაძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, დ. ც-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობასა და სასჯელის განსაზღვრას დანაშაულთა ერთობლიობით.

6. გამართლებული დ. ც-ი შესაგებელში აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20).

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ც-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულმა გ. ც-მა (ბრალდებულის შვილმა) და მოწმე ი. ც-მა (ბრალდებულის მეუღლემ) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი. ბრალდებულის შესაძლო ძალადობა დაზარალებულზე სასამართლოში გამოკვლეული რაიმე უტყუარი მტკიცებულებით არ დადასტურებულა. მართალია, საქმეშია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 20 მაისის №- დასკვნა, რომელშიც აღწერილია დაზარალებულ გ. ც-ის სხეულზე დაზიანებების კვალი, მაგრამ ამ დასკვნით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა მას ეს დაზიანებები. №- შემაკავებელ ორდერში აღნიშნულია, რომ გ. ც-ს მამამ – დ. ც-მა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა ეს ინფორმაცია არ არის გამყარებული არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით. შესაბამისად, იგი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება საჩივარში მითითებულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის – მოწმეთა ჩვენებებს (რომელთაგან არცერთი არ არის ფაქტის შემსწრე თვითმხილველი და შესაძლო ძალადობის შესახებ იციან გადმოცემით), ისინი ირიბია, ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და უტყუარად არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას, რის გამოც ასევე ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, თანახმად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებისა.

10. კასატორი საჩივარში უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმესთან მიმართებით არარელევანტურია და ვერ გახდება გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და დ. ც-ის მსჯავრდების საფუძველი.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ („ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).

13. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურჯან ტაბეშაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე