Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №729აპ-21 ქ. თბილისი

ჯ-ე ო-რ, 729აპ-21 28 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზიტა ჭულუხაძისა და მსჯავრდებულ ო. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით ო. ჯ-ე, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 3000 ლარი, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის ივლისისა და 2019 წლის იანვრის თვის ეპიზოდები) – 9-9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. ჯ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 3 თებერვლიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ჯ-ემ ჩაიდინა: გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული და სხვა საშუალებით და ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

• 2018 წლის 7 თებერვლიდან 2020 წლის 17 იანვრამდე დროის მონაკვეთში, ო. ჯ-ე გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად, პირადად, ასევე სატელეფონო კავშირითა და სოციალური ქსელით სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მ. მ-ს და მასთან ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, აგრეთვე – ემუქრებოდა მოკვლით როგორც პირადად, ისე – მ. მ-ის დედის – ი. მ-ის მეშვეობით, უთვალთვალებდა მ. მ-ს, რაც მასში იწვევდა ო. ჯ-ის მიერ მის მიმართ ძალადობის ჩადენისა და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიან შიშს, რამაც მ. მ-ი აიძულა, შეეცვალა ცხოვრების წესი და შეუქმნა ცხოვრების წესის შეცვლის რეალური საჭიროება. 2018 წლის სექტემბერში მ. მ-მა აღმოაჩინა, რომ კუთვნილ მობილურ ტელეფონში გააქტიურებული იყო ფუნქციონალი, რომლითაც ო. ჯ-ე აკონტროლებდა მ. მ-ის გადაადგილების მარშრუტს. 2019 წლის 18 იანვრიდან ო. ჯ-ე ერთი კვირის განმავლობაში ასევე უკანონოდ უთვალთვალებდა მ. მ-ს, კერძოდ, ხვდებოდა მას საცხოვრებელ ბინასთან და მიჰყვებოდა სამსახურისკენ მიმავალ სამარშრუტო მიკროავტობუსამდე. 2019 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეებში (ზუსტი დრო დაუდგენელია) ქ-ში, ა-ის ქ. №-ის მიმდებარედ, ო. ჯ-ემ მ. მ-ს შეაყარა მზესუმზირა, რის შემდეგაც, 2019 წლის სექტემბერში, პერიოდულად ხვდებოდა ქ-ში, ა-ის ქ. №--ის მიმდებარედ და მის დანახვაზე ყვიროდა გაურკვეველ ბგერებს, ხელებს უწესრიგოდ იქნევდა, რაც იწვევდა მ. მ-ში ო. ჯ-ის მხრიდან მის მიმართ ძალადობის ჩადენის საფუძვლიან შიშს. 2019 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 13:45 საათზე, ქ-ში, წ-ის ქ. №--ის მიმდებარედ, ო. ჯ-ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ. მ-ს. 2019 წლის 23 დეკემბრიდან 2020 წლის 17 იანვრამდე პერიოდში მ. მ-ს ო. ჯ-ე ხვდებოდა საცხოვრებელი ბინის სადარბაზოსთან და მის დანახვაზე ყვიროდა გაურკვეველ ბგერებს, ხელებს იქნევდა უწესრიგოდ, რაც მ. მ-ში იწვევდა ო. ჯ-ის მხრიდან მის მიმართ ძალადობის ჩადენისა და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიან შიშს. აღნიშნული ქმედებების გამო მ. მ-ი იძულებული გახდა, შეეცვალა მობილური ტელეფონის ნომრები, თავს არიდებდა შეკრებებსა და ღონისძიებებზე გამოჩენას, გადაადგილდებოდა დედ-მამის თანხლებით. ასევე, აღნიშნული ქმედებებით მ. მ-ი იძულებული ხდებოდა, შეეცვალა საცხოვრებელი მისამართი და სამსახური.

• 2018 წლის ივლისის დასაწყისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), დღის საათებში, ქ-ში, ა-ის ქ. №--ის მიმდებარედ, ო. ჯ-ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ. მ-ს, კერძოდ, ხელით სამჯერ მოქაჩა თმა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც ო. ჯ-ემ ის წააქცია ბეტონის ზედაპირზე, რა დროსაც თავი, მარჯვენა ფეხის მუხლი და მარჯვენა ხელის იდაყვი დაარტყა ბეტონის ზედაპირს. აღნიშნულით მ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

• 2019 წლის იანვრის დასაწყისში, დღის საათებში, ქ-ში, ა-ის ქ. №-ის მიმდებარედ, ო. ჯ-ემ ავტომანქანაში მარცხენა ხელში დაჭერილი პულტის მსგავსი საგანი ცხვირის არეში ერთხელ დაარტყა მ. მ-ს, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორი – ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზიტა ჭულუხაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ ო. ჯ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრას.

5. მსჯავრდებულ ო. ჯ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ს-ე საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და ო. ჯ-ის გამართლებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორების საჩივრებში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს. დაცვისა და ბრალდების მხარეებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით ცვლილების შეტანის (ბრალდების მხარის შემთხვევაში), გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და ო. ჯ-ის გამართლების (დაცვის მხარის შემთხვევაში) მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრებით მიმართეს იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ო. ჯ-ის მსჯავრდება და სასჯელი განაპირობა. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა დაადგინეს ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საფუძვლად დაედო ო. ჯ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) მსჯავრდებას და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდებისა და დაცვის მხარეთა ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს და მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით (მათ შორის: სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ მ. მ-ის, ასევე მოწმეების – ი. და მ. მ-ის, თ. კ-ის, ნ. ბ-ის, ბ. გ-ას, ვ. ჯ-სა და სხვათა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და სხვა მასალებით) უტყუარად დასტურდება ო. ჯ-ის მიერ ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ჩადენა.

9. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელების გამკაცრების შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ო. ჯ-ეს თითოეული დანაშაულისათვის განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზიტა ჭულუხაძისა და მსჯავრდებულ ო. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე