საქმე # 330100120003686168
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №748აპ-21 ქ. თბილისი
ც-ე ნ, 748აპ-21 17 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქართველიშვილისა და მსჯავრდებულ ნ. ც-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ვ-სა და მ. ს-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. ც-ეს ბრალად დაედო განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, თ-ში, მ. კ-ას ქუჩის N..-ში მდებარე სს „ფ-ის“ კუთვნილ მაღაზია „ს-ში,“ ნ. ც, გ. შ, რ. გ. და ი. მ. შევიდნენ ნასვამები. მაღაზიაში ყოფნისას ისინი იქცეოდნენ გამომწვევად, ხმაურობდნენ, იყენებდნენ უცენზურო სიტყვებს და ცდილობდნენ მაღაზიის პერსონალის დამცირებას. აღნიშნულზე მათ შენიშვნა მისცა მაღაზია „ს-ის“ მოლარე-კონსულტანტმა - მ. ჯ-ამ, რასაც მოჰყვა შელაპარაკება, რა დროსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მ. ჯ-ას. რ. გ-მა მ. ჯ. გაიყვანა გარეთ, სადაც იმის გამო, თუ როგორ მისცა შენიშვნა მასა და მის თანმხლებ პირებს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაშიც ჩაერივნენ ნ. ც, გ. შ. და ი. მ. მათ მაღაზიის წინ, ტროტუარზე, ხალხმრავალ ადგილას, სადაც გადაადგილდებოდნენ მოქალაქეები, უგულებელყვეს საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმები, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხელები და ფეხები დაარტყეს მ. ჯ-ას სხეულის სხვადასხვა ადგილას. ჩხუბის დროს, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 15 წუთს და ხალხი შეგროვდა, შეფერხდა მაღაზია „ს-ის“ საქმიანობა და ტროტუარზე მოქალაქეთა გადაადგილება, რომლებიც მოძალადეებს ჩხუბის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. ნ. ც-ემ აიღო ტროტუარზე არსებული მოსაპირკეთებელი ფილის ნატეხი და მოკვლის განზრახვით მ. ჯ-ას დაარტყა თავის არეში. აღნიშნულის შედეგად, მ. ჯ-ამ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ქალა-სარქვლის, მარჯვნივ საფეთქლის ქიცვისა და თხემის ძვლის მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობა, თავის ქალას გაჭყლეტა, ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა. მ. ჯ. სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, შპს ,,ხ-ი“ გადაიყვანეს, სადაც, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, 2020 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 სექტემბრის განაჩენით:
ნ. ც-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილზე;
ნ. ც, - დაბადებული 1996 წლის 2 ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2019 წლის 30 დეკემბრიდან.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
4. 2019 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, თ-ში, მ. კ-ას ქუჩის N..-ში მდებარე სს „ფ-ის“ კუთვნილ მაღაზია „ს-ში,“ ნ. ც, გ. შ, რ. გ. და ი. მ. შევიდნენ ნასვამები. მაღაზიაში ყოფნისას ისინი იქცეოდნენ გამომწვევად, ხმაურობდნენ, იყენებდნენ უცენზურო სიტყვებს და ცდილობდნენ მაღაზიის პერსონალის დამცირებას. აღნიშნულზე მათ შენიშვნა მისცა მაღაზია „ს-ის“ მოლარე-კონსულტანტმა - მ. ჯ-ამ, რასაც მოჰყვა შელაპარაკება, რა დროსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მ. ჯ-ას. რ. გ-მა მ. ჯ. გაიყვანა გარეთ, სადაც იმის გამო, თუ როგორ მისცა შენიშვნა მასა და მის თანმხლებ პირებს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაშიც ჩაერივნენ ნ. ც, გ. შ. და ი. მ. მათ მაღაზიის წინ, ტროტუარზე, ხალხმრავალ ადგილას, სადაც გადაადგილდებოდნენ მოქალაქეები, უგულებელყვეს საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმები, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხელები და ფეხები დაარტყეს მ. ჯ-ას სხეულის სხვადასხვა ადგილას. ჩხუბის დროს, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 15 წუთს და ხალხი შეგროვდა, შეფერხდა მაღაზია „ს-ის“ საქმიანობა და ტროტუარზე მოქალაქეთა გადაადგილება, რომლებიც მოძალადეებს ჩხუბის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. ნ. ც-ემ აიღო ტროტუარზე არსებული მოსაპირკეთებელი ფილის ნატეხი და მოკვლის განზრახვით მ. ჯ-ას დაარტყა თავის არეში. აღნიშნულის შედეგად, მ. ჯ-ამ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ქალა-სარქვლის, მარჯვნივ საფეთქლის ქიცვისა და თხემის ძვლის მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობა, თავის ქალას გაჭყლეტა, ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა. მ. ჯ. სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, შპს ,,ხ-აში“ გადაიყვანეს, სადაც, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, 2020 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განაჩენით:
მსჯავრდებულ ნ. ც-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალინა კუკავას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 სექტემბრის განაჩენში ნ. ც-ის მიმართ შევიდა ცვლილება. ნ. ც-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მე-6 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლზე.
ნ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2019 წლის 30 დეკემბრიდან.
6. კასატორმა - პროკურორმა ნათია ქართველიშვილმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, ნ. ც-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და კანონით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის მისჯა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, როგორც მოწმეებმა - ნ. მ-ემ, თ. ს-მა, ე. მ-მა თავიანთ ჩვენებებში აღნიშნეს, ასევე გ. ბ-ას მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მ. ჯ. და ნ. ც. იმყოფებოდნენ ხელჩართულ ბრძოლაში, ნ. ც-ემ მ. ჯ-ას თავში ქვის მოზრდილი ფილა ჩაარტყა, მათე იმავე წამს დაეცა და რამდენიმე წუთი უგონო მდგომარეობაში იყო. მას დაცემისთანავე სისხლი წამოუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მ. ჯ. უგონო მდგომარეობაში, სისხლიანი ეგდო, ნ. ც. კვლავ მისთვის დარტყმას ცდილობდა, რისი საშუალებაც არ მისცეს. საბოლოოდ ნ. ც-ემ მაინც მოახერხა მუცლისა და ფეხების არეში რამდენჯერმე დაერტყა. ექსპერტმა განმარტა კიდეც, რომ როდესაც მ. ჯ. ძირს უსულო მდგომარეობაში ეცემა, ნ. ც. ცდილობს გაურკვეველი საგნის აღებას, რისი ფიქრის საშუალებასაც გვაძლევს იმ მომენტში მისი ხელის მტევნის მდგომარეობა. ბრალდების მხარე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ა. ბ-ის ჩვენებაზე, რომელიც უთითებს, რომ ნ. ც. ხელით დაიჭირა, თუმცა მან შეძლო გათავისუფლება და სწორედ მაშინ დაარტყა ქვა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ნ. ც-ის განზრახვა მკვლელობის ნაწილში, მაგრამ ხულიგნური ქვენა გრძნობა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა, - უგულებელყო. ნ. ც-ემ შემთხვევით შეარჩია დაზარალებული. იგი (ნ. ც) მაღაზიაში ხმაურობდა, დაზარალებულისაგან მიიღო შენიშვნა, რაც მისი გაღიზიანების მიზეზი გახდა და საბოლოოდ უმნიშვნელო საბაბით ჩაიდინა განზრახი მკვლელობა. შესაბამისად, გამოკვეთილია ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი მკვლელობა.
7. კასატორებმა - ადვოკატებმა მ. ვ-მა და მ. ს-ამ მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ნ. ც-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. საკასაციო საჩივრის მიხედვით, დაცვის მხარე სასამართლოს მიერ დანაშაულის დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ქმედება, რომელიც მ. ჯ-ას წინააღმდეგ ჩაიდინეს (მაგრამ არა - ნ. ც-ემ), წარმოადგენს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, ყოველგვარი დამამძიმებელი გარემოებების გარეშე. სასამართლომ ზედმეტად გამოიყენა ხულიგნური ქვენა გრძნობა, რომელიც დამამძიმებელი გარემოებაა. განსახილველ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დადგენილია, რომ ნ. ც-ეს არანაირი ქმედება მ. ჯ-ას მიმართ არ ჩაუდენია. გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით (სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას – კიდევ ერთხელ, დაპაუზების რეჟიმით) უტყუარად დასტურდება, რომ ნ. ც. ჩხუბში ერევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავად მ. ჯ. იწყებს აგრესიულ ქმედებებს და ფიზიკურად ძალადობს, როგორც ნ. ც, ასევე, მასთან მყოფ სხვა პირებზე. მოწმე მ. რ-ამ სასამართლო სხდომაზე კატეგორიულად განაცხადა, რომ ნ. ც-ის ხელში ქვა არ დაუნახავს. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს განაჩენი უსამართლო და არაობიექტურია, სააპელაციო პალატის მსჯელობა კვალიფიკაციასთან მიმართებით აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ხოლო შეფარდებული სასჯელი ზედმეტად მკაცრია.
8. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
10. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ,“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. ამავდროულად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61).
11. მოცემულ შემთხვევაში ნ. ც-ის ქმედების შეფასების ნაწილში საკასაციო პალატამ უნდა გააანალიზოს ორი კონკრეტული საკითხი: რამდენად დასტურდება მის მიერ მ. ჯ-ას განზრახ მკვლელობის ფაქტი და საქმის მასალებით უტყუარად გამოკვეთილია თუ არა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოება - ხულიგნური ქვენა გრძნობა.
12. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მსჯავრდება (განზრახ მკვლელობა):
თვითმხილველმა მოწმეებმა - ნ. მ-ემ, თ. ს-მა, შ. წ-ემ, ა. ბ-მა და ე. მ-მა თავიანთ ჩვენებებში ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რომ ნ. ც-ემ მ. ჯ-ას თავში ქვა ჩაარტყა, რის შემდეგადაც იგი უგონოდ დაეცა. აღნიშნული მოწმეების ჩვენებები ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე ურთიერთშესაბამისია და მასში ეჭვის შეტანის რაიმე სახის საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ თვითმხილველი მოწმეები მხოლოდ მ. ჯ-ას თანამშრომლები არ არიან, კერძოდ, ა. ბ-მა (სამსახურისკენ მიმავალმა) შემთხვევის ადგილზე სწორედ ჩოჩქოლის დროს გაიარა და დაკითხვისას მიუთითა, რომ მ. ჯ-ას თავში მხოლოდ ნ. ც-ემ ჩაარტყა. რაც შეეხება მოწმე ე. მ-ს, მას შემთხვევის დღეს მაღაზია ,,ს-ის“ წინ, ქუჩაში, ეძინა. ჩხუბის ხმაზე გაეღვიძა. იმავდროულად, ფეხზე იგრძნო დაბიჯება. როგორც აღინიშნა, მან ანალოგიურად ერთმნიშვნელოვნად ნ. ც-ზე მიუთითა (თავში ქვის ჩარტყმის ნაწილში). ადგილზე მისულ პოლიციას ხსენებულმა მოწმეებმა მყისიერად მიუთითეს ნ. ც-ზე, როგორც პირზე, რომელმაც ქვა ჩაარტყა თავში მ. ჯ-ას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მოწმეების - ნ. მ-ის, თ. ს-ის, შ. წ-ის, ა. ბ-სა და ე. მ-ის ჩვენებებს ნ. ც-ის მსჯავრის დამადასტურებელ პირდაპირი სახის მტკიცებულებად მიიჩნევს და მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები შეესაბამება ჩვენებაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ მაღაზია ,,ს-ის“ წინ, ოთხი მეტრის დაშორებით, ქვის ბორდიურთან, რუხი ფერის ფილის ნატეხი ამოიღეს, რომელსაც მოწითალო ლაქები აღენიშნებოდა; ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N........ დასკვნით დგინდება, რომ პაკეტში, წარწერით: „...ქვის ნატეხი მოწითალო ფერის ლაქებით, ამოღებული მაღაზია ,,ს-ის“ პირდაპირ, გარეთ, ქვის ფილის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ბეტონისმაგვარ ფრაგმენტზე, ერთ-ერთ ზედაპირზე არსებული ურთიერთგარდამავალი მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ. ჯ-ას. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მ. ჯ-ას სიკვდილის მიზეზია: ქალა-ტვინის ღია ბლაგვი ტრავმა დაჟეჟილი ჭრილობით მარჯვენა საფეთქლის მიდამოში, ქალა-სარქვლის ძვლების მოტეხილობებით, სისხლჩაქცევებით ქალას ღრუში - გართულებული ჩირქოვანი მენინგოენცეფალიტით, თავის ტვინის დარბილებითა და შეშუპებით. წარმოდგენილი დოკუმენტაციითა და გვამის გამოკვლევის მონაცემებით, მ. ჯ-ას აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ღია ბლაგვი ტრავმა დაჟეჟილი ჭრილობით მარჯვენა საფეთქლის მიდამოში, ქალა-სარქვლის ძვლების მოტეხილობებით, სისხლჩაქცევებით ქალას ღრუში. დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს - როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. რ-ამ დაადასტურა მის მიერ 2020 წლის 18 მაისს გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მან შეძლებისდაგვარად, ხარისხის შესაბამისად, აღწერა წარდგენილ ვიდეოჩანაწერებზე ასახული ფიზიკური დაპირისპირება და მასში მონაწილე პირების ვიზუალი, რისი საშუალებაც მისცა ჩანაწერმა. ადვოკატის შეკითხვაზე: დადასტურებულად შეეძლო ეთქვა თუ არა, რომ N4-ს (ნ. ც-ეს) ხელში რაიმე საგანი ეჭირა, მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულს ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, ვიდეოექსპერტიზის დასკვნით ნ. ც-ის მიერ მ. ჯ-სათვის უშუალოდ თავში ფილის ნატეხის ჩარტყმის ფაქტი კატეგორიულად არ დასტურდება, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების ერთობლივად შეფასების ფონზე, ხსენებული გარემოება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი ვერ გახდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ვიდეოჩანაწერებითა და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება ნ. ც-სა და მ. ჯ-ას შორის ფიზიკური კონტაქტი და დაპირისპირება.
რაც შეეხება უშუალოდ სუბიექტურ შემადგენლობას - განზრახვას, საკასაციო პალატა ამ ნაწილში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მიყენებული დაზიანების ლოკალიზაციაზე, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულ საშუალებასთან ერთად. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დგინდება, ნ. ც-ემ დაზიანება მიიღო თავის არეში, კერძოდ, საფეთქლის მიდამოში, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო ადგილია. ამასთან, მსჯავრდებულმა აღნიშნული ქმედება ჩაიდინა მოსაპირკეთებელი ფილის ნატეხით. საკასაციო პალატა განზრახვის შეფასების ნაწილში დამატებით მიუთითებს იმ ფაქტზეც, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ნ. ც. ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის (ე.ი თავში ქვის ფილის ჩარტყმის) შემდეგ, კვლავ ცდილობდა მ. ჯ-სათვის ზიანის მიყენებას.
განხრაზ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებაზე - ხულიგნურ ქვენა გრძნობაზე საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას. ხულიგნური ქვენა გრძნობა გულისხმობს უსაბაბოდ ან სრულიად უმნიშვნელო საბაბით ადამიანის მკვლელობას თუ ჯანმრთელობის დაზიანებას. დამნაშავე ამ დროს ცდილობს, დემონსტრაციულად უგულებელყოს სამართლით დადგენილი ნორმები და მართლწესრიგისადმი მის უპატივცემულო დამოკიდებულებას საჯაროდ გაუსვას ხაზი.
წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მკვლელობის განზრახვა წარმოიშვა ჩხუბის, კერძოდ, ნ. ც-ის მ. ჯ-სთან დაპირისპირებისა და კონფლიქტის შედეგად. რაც შეეხება მსჯავრდებულის მაღაზია ,,ს-ში“ შესვლასა და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენათა ქრონოლოგიურ ჯაჭვს, წარმოადგენს თუ არა იგი ერთობლივად ხულიგნობას, აღნიშნული საკითხი საკასაციო სასამართლოს შეფასების მიღმაა, ვინაიდან ბრალდება ამ მუხლით ნ. ც-ეს არ წარსდგენია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მოთხოვნას ნ. ც-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისა და დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის გამართლების თაობაზე, ვინაიდან საკასაციო საჩივრები ამ ნაწილში უსაფუძვლოა და მათი მსჯელობები არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან.
13. სასჯელის სამართლიანობა:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილი უთითებს, რომ ,,განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.“ ამასთან, საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, თანაბრად ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს, ნ. ც-ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი.
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ვადით (იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვით, ან უამისოდ).
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმასაც, რომ ნ. ც. ნასამართლობის არმქონეა და საბოლოოდ მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა - არის სამართლიანი. დაცვის მხარეს საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია სხვა, ახალი სახის გარემოებაზე, რაც შესაძლოა, სასჯელის შემსუბუქების საფუძველი გამხდარიყო.
14. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქართველიშვილისა და მსჯავრდებულ ნ. ც-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ვ-სა და მ. ს-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე