Facebook Twitter

საქმე # 060100120003683033

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №840აპ-21 ქ. თბილისი

კ-ე ა, 840აპ-21 21 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. კ-ეს, - დაბადებულს .... წლის .. ივლისს, - ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის თებერვალში, ხ-ის რაიონის სოფელ ქ-ში მდებარე ი. ქ-ის საცხოვრებელ სახლში ა. კ-ემ შელაპარაკებისას მეუღლეს - ი. ქ-ეს ხელი დაარტყა სახის არეში. ქმედების შედეგად ი. ქ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 24 აპრილს, საღამოს საათებში, ხ-ის რაიონის სოფელ ქ-ში მდებარე ი. ქ-ის საცხოვრებელ სახლში ა. კ-ემ შელაპარაკებისას მეუღლეს - ი. ქ-ეს ხელი დაარტყა სახის არეში. ქმედების შედეგად ი. ქ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განაჩენით:

2.1. ა. კ. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2020 წლის თებერვლის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.2. ა. კ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, მ. კ-ის (პ/ნ ........) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - მდებარე ქალაქ ქ-ში, ჩ-ის ქუჩა, ნაკვეთი N..-.-.., (ზონა - ქ. - .., სექტორი - ა. – 0, კვარტალი - .., ნაკვეთი - ..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - № .. . .. . .. .) – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების ნაწილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოეხსნას ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის განჩინებით დადებული ყადაღა.

2.3. გამართლებულ ა. კ-ეს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დარიკო ვადაჭკორიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ა. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამ მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა. კ-ის მიერ ძალადობის ჩადენას.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ი. ქ-ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მეუღლის - ა. კ-ის წინააღმდეგ.

8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 28 აპრილის N....... დასკვნით დადგენილია, რომ ი. ქ-ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

9. მოწმე ლ. ა-ემ დაადასტურა პროკურორის მიერ სასამართლო სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საჯაროდ წაკითხული მისი გამოკითხვის ოქმის სისწორე, ამასთან, განმარტა, რომ არ ახსოვს, რა ჩვენება მისცა გამოძიებას.

10. მოწმის სახით დაკითხული, შსს ხონის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - ლ. ო-ას ჩვენებით დადგენილია, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო ი. ქ-ის შეტყობინება, რომ ა. კ. ძალადობდა მასზე. მან გამოკითხა ი. ქ, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ბრალდებულის სახით დააკავა ა. კ.

11. მოწმის სახით დაკითხული შსს ხონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - ბ. მ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში.

12. ამდენად, საქმეზე გამოკითხული მოწმეები არ წარმოადგენენ ფაქტის უშუალო შემსწრე (თვითმხილველ) პირებს, ისინი თავიანთ ჩვენებებში უთითებენ მხოლოდ დაზარალებულის მიერ გამოკითხვამდე ან გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაციაზე, რომელმაც, თავის მხრივ, სასამართლოს არ მისცა ჩვენება. შესაბამისად, მათი ჩვენება ირიბია. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

13. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რაზეც აპელირებს კასატორი, ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ი. ქ-ემ მიუთითა საცხოვრებელ ეზოში მდგარ ,,კუხნა სახლის“ აივანსა და საძინებელ ოთახზე, სადაც მეუღლემ - ა. კ-ემ იძალადა მასზე.

13.1. მოცემულ შემთხვევაში 2020 წლის 24 აპრილს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ი. ქ-საგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 129-ე-130-ე მუხლებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე დაზარალებულს მიეცა წინადადება - დეტალურად აღედგინა საქმის ვითარება. წარმოდგენილი ოქმის თანახმად, დაზარალებულმა აღადგინა ის ვითარება, რაც გამომძიებელს მანამდე უამბო, ხოლო დამატებით რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი არ აღმოჩენილა.

13.2. იმ პირობებში, როდესაც ი. ქ-ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა/არც უარყო საგამოძიებო ექსპერიმენტის შინაარსი, მოცემული ოქმი ა. კ-ის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.

13.3. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (იხ. №424აპ-16, №561აპ-15; №682აპ-21), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს გარკვეულ შემთხვევებში გააჩნია პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა:

13.3.1. N561აპ-15 სისხლის სამართლის საქმეში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულებს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.“ ე.ი. ამ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვითარება აღდგა სწორედ იმ ,,სპეციალური ხერხების“ დემონსტრირებით, რაც პირმა მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად გამოიყენა, რის გამოც ოქმი მიჩნეულ იქნა ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.

13.3.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №424აპ-16 გადაწყვეტილების თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს მიენიჭა მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან ბრალდებულმა გამომძიებლებს მიუთითა იმ მაღაზიასა და მასში განთავსებულ სექციაზე, სადაც დანები იყო დალაგებული. თავის მხრივ, მაღაზიის თანამშრომელმა მოწმედ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ ამ მაღაზიაში, სწორედ ამ ადგილას, ისეთივე ტიპისა და ფორმის დანები იყიდებოდა (რაც ასევე დასტურდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მაღაზიაში გადაღებული ფოტოდოკუმენტით).

13.3.3. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ, გარდა ზემოაღნიშნულისა (საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარების კუთხით), პირობითად სხვა შემთხვევა შეიძლება იყოს მოცემულობა, როდესაც მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩნდება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ესე იგი, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ასახავდეს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს.

14. ამდენად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში 2020 წლის 24 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ შეესაბამება არცერთ ზემოაღწერილ შემთხვევას, მასში გადმოცემულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი ა. კ-ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

17. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ა. კ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

19. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი