Facebook Twitter

საქმე # 080100120003529495

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №841აპ-21 ქ. თბილისი

გ-ე ჯ, 841აპ-21 24 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ჯ. გ-ს, - დაბადებულს .... წლის .. ნოემბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ; შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა; ოჯახის წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ-ი, კ-ს ქუჩა №..-ში, ჯ. გ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს - ს. ჟ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ გამოჭრიდა ყელს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2020 წლის 7 თებერვალს ჯ. გ-ს მიერ მეუღლის - ს. ჟ-ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი №......, რომლითაც ჯ. გ-ს აეკრძალა ს. ჟ-ნ, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მიუხედავად ამისა, ჯ. გ-მ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება და შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში, 2020 წლის 13 თებერვალს, მივიდა ქ. ქ-ი, თ-ს ქუჩა №./.-ში მდებარე ა. გ-ს საცხოვრებელ სახლში - ადგილზე, სადაც იმყოფებოდა ს. ჟ. და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები.

· ჯ. გ-მ 2020 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. ქ-ი, თ-ს ქუჩა №./.-ში მდებარე ა. გ-ს სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელის სახის არეში ერთხელ დარტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ს. ჟ-ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენით:

2.1. ჯ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

2.2. ჯ. გ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.

2.3. ჯ. გ-ს განემარტა, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.1.1. ჯ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

3.1.2. ჯ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.1.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3.1.4. ჯ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2021 წლის 7 ივლისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 13 თებერვლიდან იმავე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ჯ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ჯ. გ-ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის - ადვოკატ გ. დ-ს მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უკანონოა და სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ჯ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობასთან მიმართებით არასწორად შეაფასა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ჯ. გ-ს ბრალეულობა.

7. სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ს. ჟ-ა და მოწმე ა. გ-მ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (მეუღლისა და ძმის) წინააღმდეგ.

8. 2020 წლის 13 თებერვალს ჯ. გ-ს მიერ მეუღლის - ს. ჟ-ს მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გამოცემული შემაკავებელი ორდერით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი დადგენილია საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების - გ. გ-ს, ზ. ხ-ს, ა. ჟ-ს, თ. ჟ-ს, ც. ა-ს, ე. ს-ს, თ. ჩ-სა და სხვათა ჩვენებებით, კერძოდ:

9. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორმა ე. ს-მ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე გავიდა პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე (შეტყობინების ინიციატორი იყო თ. ჩ.); საცხოვრებელ ბინაში დახვდნენ ჯ. გ, მისი მეუღლე - ს. ჟ, რომელიც მათი მისვლისას ჩაკეტილი იყო ოთახში და ჯ. გ-ს და - ა. გ, ასევე პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომლები. ს. ჟ-ა მათ განუმარტა, რომ მისი მეუღლე, რომლის მიმართაც გამოტანილი იყო შემაკავებელი ორდერი, მივიდა ა. გ-ს ნაქირავებ ბინაში, მას თვითონ გაუღო ბინის შესასვლელი კარი და უთხრა, რომ არ შესულიყო მათთან და არ დაერღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები. აღნიშნულის მიუხედავად, ჯ. გ. შევიდა მათთან ბინაში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას.

10. ა. გ-ს ბინაში ჯ. გ-ა და ს. ჟ-ს ყოფნის ფაქტი ასევე დაადასტურეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა - ლ. მ-მ და ნ. კ-ა, რომელთაც ადგილზე დააკავეს ჯ. გ.

11. ჯ. გ-ის შემთხვევის ადგილზე ყოფნისა და ს. ჟ-ნ კომუნიკაციის ფაქტს ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული თ. ჩ, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ ტელეფონით დაუკავშირდა ა. გ. და სთხოვა დალაპარაკებოდა მის ძმას - ჯ. გ-ს, რომელიც მათთან მთვრალი იყო მისული. მოწმე თ. ჩ-მ სასამართლოს განუმარტა, რომ ა. გ-ნ საუბრისას ტელეფონში გაიგონა შეურაცხმყოფელი სიტყვები, არ მოეწონა შექმნილი სიტუაცია, რის გამოც დაუკავშირდა 112-ს და ითხოვა დახმარება, რაც მთლიანად დადასტურებულია საქმეში არსებული N...... შეტყობინების ოქმით.

12. კასატორი - ადვოკატი გ. დ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ჯ. გ-მ თავისი დის საცხოვრებელ ბინაში მისვლამდე არ იცოდა, რომ ს. ჟ. ბავშვთან ერთად იქ იყო მისული, მას ბინაში მეუღლე და შვილი არ უნახავს, რაც გამორიცხავს ჯ. გ-ს მხრიდან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობების განზრახ დარღვევის ფაქტს.

13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ არგუმენტზე დამაჯერებელი პასუხია გაცემული, კერძოდ, აღნიშნულია, რომ მოწმეთა ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებითა და საქმეში არსებული N...... შეტყობინების ოქმით დადგენილი და დადასტურებულია, რომ ჯ. გ. ნამდვილად იმყოფებოდა იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა მისი მეუღლე - მსხვერპლი ს. ჟ, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ჯ. გ-მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები, რადგანაც ამ უკანასკნელს შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა როგორც მსხვერპლთან კომუნიკაცია, ასევე იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა. ჯ. გ-მ, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები, ბინაში მისვლისთანავე არ დატოვა ის ადგილი, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, პირიქით, შევიდა ბინაში და იქ იმყოფებოდა მსხვერპლთან ერთად, რაც ხაზს უსვამს მისი მხრიდან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევას.

14. საკასაციო სასამართლო, ეთანხმება რა სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯ. გ-ს ბრალეულობაზე, აღნიშნავს შემდეგს: იმ გარემოების არსებობის მიუხედავად, რომ რადგანაც ბინაში მისვლამდე ჯ. გ-მ არ იცოდა, იმყოფებოდა თუ არა მისი მეუღლე იმავე ბინაში, სადაც იგი მივიდა, არ იცვლება ამ ქმედების შემადგენლობის არსი ანუ ჯ. გ-ს განზრახვის შინაარსი, რადგანაც საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ ჯ. გ-ს მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობების განზრახ დარღვევის ფაქტი დადასტურებულია იმ დროიდან, როდესაც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა, რომ ა. გ-ს საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა მისი მეუღლე - ს. ჟ. რომელთანაც, შემაკავებელი ორდერის მოთხოვნიდან გამომდინარე, აკრძალული ჰქონდა მიახლოება; მიუხედავად ამისა, იგი მაინც შევიდა საცხოვრებელ ბინაში და იქ იმყოფებოდა მსხვერპლთან ერთად იმ დრომდე, სანამ არ დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.

15. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ. გ-ს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში არის კანონიერი, ხოლო შეფარდებული სასჯელი - სამართლიანი, რისი მხედველობაში მიღებითაც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის საფუძველი არ იკვეთება.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჯ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი