Facebook Twitter

საქმე # 330100120003433918

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №847აპ-21 ქ. თბილისი

ს-ე გ, 847აპ-21 24 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენზე ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - დავით კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის განაჩენით:

1.1. გ. ს, - დაბადებული .... წლის .. აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ს-ემ ჩაიდინა დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. შპს ... 75 (ს/კ ......) რეგისტრირებულია 23/04/2012 წელს (დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული არ არის), იურიდიული მისამართი: ქ.თ, ვ-სოს რაიონი, ვ.-ფ-ას გამზირი, მე-.. კვ. კორპუსი №.., ბინა №.. . საზოგადოების დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია გ. ს. შპს-ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სასურსათო პროდუქტებით ვაჭრობა. გ. ს-ეს, როგორც შპს-ს დირექტორს, ევალებოდა გადაეხადა საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მიუხედავად აღნიშნულისა, გ. ს-ემ განზრახ თავი აარიდა დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1.1. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელა შპს ... 75 (ს/კ .......) კამერალური სრული საგადასახადო შემოწმება, რომელმაც მოიცვა 23.04.2012-01.04.2014 წლები. საგადასახადო შემოწმების შედეგად, 2015 წლის 3 აგვისტოს გამოიცა შპს ... 75 (ს/კ .......) საგადასახადო შემოწმების აქტი (შესამოწმებელი პერიოდი - 23.04.2012-01.04.2014წწ), რომლითაც საზოგადოებას ბიუჯეტში გადასახდელად ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა სულ 132 472 ლარი, მათ შორის მოგების გადასახადი - 17 491 ლარი, დღგ-ს გადასახადი - 114 917 ლარი და ქონების გადასახადი - 64 ლარი. აღნიშნული დარიცხვის ძირითად საფუძველს წარმოადგენდა: ბუღალტერიის არწარმოება, მიღებული ერთობლივი შემოსავლის შემცირება, აღურიცხავი საქონლის არსებობა და დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობა. ხსენებული საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 07.08.2015 წელს გამოსცა №..... ბრძანება, რომლის მიხედვითაც, შპს ... 75 (ს/კ .......) ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით, ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 132 471 ლარი და №... - ... საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 141 542 ლარი (სულ დაერიცხა 300 364, 94 ლარი). 2015 წლის 13 ოქტომბერს აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა საჯაროდ გავრცელდა. გადასახადის გადამხდელს თანხის დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. გ. ს-ემ კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე, არ მომხდარა მისი გადავადება, კორექტირება ან გადახდის ვალდებულების შეჩერება და განზრახ თავი აარიდა დიდი ოდენობით გადასახადის - 132 472 ლარის გადახდას.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - პროკურორმა დავით კაპანაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. ს-ის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება თავისუფლების აღკვეთის სახით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ გ. ს-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმე თ. კ-ის გამოკითხვის ოქმით, შპს ... 75 საგადასახადო შემოწმების აქტით, №..... ბრძანებითა და №... - ... საგადასახადო მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურისადმი მიმართვის წერილებით, შედარების აქტით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი დავით კაპანაძე ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ გოდერძი სილაქაძისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმებას.

8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ დავით კაპანაძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. ს-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე (მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელშეწყობა, პირველადაა სამართალში, რისი მხედველობაში მიღებითაც, შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით (საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე). ამდენად, აღნიშნული სასჯელი კანონიერია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

12. სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს მსჯავრდებულ გ. ს-ის შეფარდებული სასჯელის დამძიმებას იმ საფუძვლითაც, რომ მას არ აუნაზღაურებია მიყენებული ზიანი, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება, რადგან სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ბრალდების მხარის ამ მსჯელობაზე დამაჯერებელი პასუხია გაცემული. კერძოდ, ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიაში არ შეიძლება იქნეს მოაზრებული, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. მსჯავრდებულ გ. ს-ის განმარტებით, იგი არ არიდებს თავს თანხის გადახდას, თუმცა მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ეს გააკეთოს ნაწილ-ნაწილ. გარდა მსჯავრდებულის განმარტებისა, არსებობს ზიანის ანაზღაურების კანონისმიერი შესაძლებლობა.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - დავით კაპანაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი