Facebook Twitter

საქმე # 050100120003742283

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №863აპ-21 ქ. თბილისი

ლ-ი დ, 863აპ-21 21 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ს-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განაჩენით:

1.1. დ. ლ, - დაბადებული .... წლის .. მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით და სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. დ. ლ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 17 თებერვლიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ლ-მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და მძიმე დაზიანება გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2019 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე, ლ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ-ში, დ. ლ-მა, რომელიც მართავდა ,,ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანას, სახ.№..-063-.., დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა თ. პ-ის მიერ მართულ ,,ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანას, შემდეგ - კ. მ-ის მიერ მართულ ,,ლექსუსის“ მარკის ავტომანქანას და ბოლოს - ს. პ-ის მიერ მართულ ,,ჰიუნდაი სონატას’’ მარკის ავტომანქანას სახ.№..-411-.. . მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ე. პ-მა და გ. პ-მა მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები, ხოლო ა. პ-მა - ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აგვისტოს განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. დ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. დ. ლ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 17 თებერვლიდან.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ დ. ლ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ს-ამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დ. ლ-სათვის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მინიმუმის შეფარდება და პირობით მსჯავრად ჩათვლა ან სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ნაწილის - 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ დ. ლ-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენელ ს. პ-სა და მოწმეების - ი. გ-ის, რ. დ-ის, ა. გ-სა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №ს/ტ-... დასკვნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №.......... და №......... დასკვნებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №.../ა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატ ზ. ს-სს მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულ დ. ლ-ის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

10. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს დ. ლ-ის სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ დ. ლ-ის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და შესაძლებელია დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ ან სრულად პირობითად ჩათვლა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

12. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ დ. ლ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:

12.1. დ. ლ-მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, პირველადაა სამართალში, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთი - გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონეა (III) ჯგუფი, ასევე ავადმყოფი დედა; დ. ლ-ს არ უთანამშრომლია გამოძიებასთან, მან თავი აარიდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და მიიმალა, რის გამოც იგი იყო ძებნილი და პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს საქმის არსებითი სასამართლო განხილვის ეტაპზე; ამასთან, მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით მიესაჯა სასჯელის მინიმუმი (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე).

13. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომას და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ მსჯავრდებულ დ. ლ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და იგი უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი