Facebook Twitter

საქმე # 080100120004157567

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №864აპ-21 ქ. თბილისი

წ-ე შ, 864აპ-21 21 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ შ. წ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განაჩენით:

1.1. შ. წ, - დაბადებული .... წლის .. ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მას მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენით შ. წ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. წ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 21 ოქტომბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. წ-ემ ჩაიდინა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ადევნება, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონითა და პირადად, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, ასევე - პირის, მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის 20 ოქტომბრამდე შ. წ. ყოფილ მეუღლეს, ნ. კ-ეს, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ურეკავდა ტელეფონით და ხვდებოდა პირადად სახლთან - ქ.ქ-ში, ზ.გ-იას ქ.№../..-თან, სამსახურთან - ქ-ის №.. საჯარო სკოლასთან. ეჭვიანობდა და აკონტროლებდა მის გადაადგილებას, რადგან მიაჩნდა, რომ მას, როგორც ქალს, არ ჰქონდა ქმრის გარეშე თავისუფლად გადაადგილების უფლება. შეწინააღმდეგების შემთხვევაში შ. წ. ნ. კ-ეს მოკვლით ემუქრებოდა. ასევე ემუქრებოდა მშობლების მოკვლით, თუ ნ. კ-ის მამა, თ. კ. მას არ აპატიებდა წარსულში მის მიმართ ჩადენილ ძალადობას, რაზეც გასამართლებულ იქნა 2019 წლის 22 აგვისტოს. მუდმივი მუქარის გამო, ნ. კ. იძულებული იყო, შ. წ-ის მოთხოვნას დამორჩილებოდა. შ. წ-ის ქმედებების შედეგად ნ. კ-ეს შეექმნა ტელეფონის შეცვლის ან ქვეყნის დატოვების რეალური საჭიროება.

· 2020 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. ქ-ში, ზ.გ-ას ქ.№../..-ში არსებულ საცხოვრებელ ბინასთან, თ. კ-ეს ყოფილი სიძე - შ. წ. დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც თ. კ-ეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 აგვისტოს განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ შ. წ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და შ. წ-ის გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ,“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. ამავდროულად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61).

7. საკასაციო სასამართლო კასატორის - მსჯავრდებულ შ. წ-ის ადვოკატის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი.

8. საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ადევნება, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონითა და პირადად, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, ასევე პირის, მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის):

8.1. საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ისჯება ადევნება - პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, უსაფრთხო გარემო და ცხოვრების წესის თავისუფლება.

8.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ („სტამბოლის კონვენცია“) მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. კონვენციის 34-ე მუხლით დადგენილია, რომ: ,,მხარეები იღებენ საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს მეორე პირის მიმართ მრავალჯერადი მუქარის შემცველი ქცევით გამოხატული წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც მასში საფრთხის შიშს იწვევს“. კონვენცია ნათლად განმარტავს, რომ ადევნება არის ქალის მიმართ ძალადობის ფორმა.

8.3. დაზარალებულ ნ. კ-ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი შ. წ-ეს 2020 წლის 19 იანვარს დაშორდა, რადგან თანაცხოვრება გაუსაძლისი იყო. შ. წ-ემ სიმამრზე იძალადა, რის გამოც პირობით მსჯავრდებული იყო, სურდა მისი მოხსნა და მოითხოვდა, რომ ნ. კ-სა და მის მშობლებს ჩადენილი დანაშაულის პატიების შესახებ დაეწერათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა. განშორების შემდეგ შ. წ. ტელეფონით ლანძღავდა, აგინებდა და ემუქრებოდა, რის გამოც ნ. კ-ეს ეშინოდა. იძულებული იყო, რომ მისთვის ეპასუხა და დალაპარაკებოდა, მიუხედავად იმისა, რომ არ სურდა. როდესაც სამსახურში მიდიოდა, შ. წ. გაჩერებაზე ხვდებოდა და ავტომანქანაში ჩაჯდომას მოითხოვდა. ყოფილ მეუღლეს წინააღმდეგობას ვერ უწევდა და იმის გამო, რომ ხალხის ერიდებოდა, იძულებული იყო ავტომანქანაში ჩამჯდარიყო, სადაც შემდეგ შ. ,,საქმეს ურჩევდა“ და ყველაფერზე ედავებოდა. შ. წ-ის ქმედებების შედეგად მუდმივ შიშსა და სტრესს განიცდიდა, რაც მასზე მოქმედებდა. შ. წ-ეს მიაჩნდა, რომ ნ. კ, როგორც ქალი, მას უნდა დამორჩილებოდა, აკონტროლებდა მის ნაბიჯებს და გადაადგილებას, ვის ესაუბრებოდა, ვისთან მიდიოდა, სად მუშაობდა და ასე შემდეგ. მისი კონტროლისა და მუქარის გამო მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლას და საზღვარგარეთ წასვლას აპირებდა.

8.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ნ. კ-ის ჩვენება სრულადაა თანხვედრაში დაზარალებულ თ. კ-სა და მოწმე გ. კ-ის ჩვენებებთან, რომლებითაც დგინდება, რომ შ. წ. თ. კ-ზე ძალადობის გამო პირობით მსჯავრდებული იყო. საზღვარგარეთ წასვლა სურდა, რის გამოც ნ. კ-ეს ავიწროებდა და მოითხოვდა, რომ მას და მის მშობლებს ჩადენილი დანაშაული ეპატიებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა. მოწმე გ. კ-ის ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ ნ. კ. წუხდა, რადგან შ. წ. სულ ურეკავდა და არ ასვენებდა, თავადაც ხედავდა, რომ შ. წ-სთან სატელეფონო საუბრისას ნ. განერვიულებული იყო. ნ. კ. სახლში გაბრაზებული ბრუნდებოდა და ამბობდა, რომ ყოფილი მეუღლე სკოლასთან და სხვა ადგილებშიც ხვდებოდა, ემუქრებოდა და ითხოვდა, სიმამრს დაეწერა, რომ დანაშაული აპატია.

8.5.საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.“ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

8.6. ამდენად, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებში ასახული ინფორმაცია შეიცავს იმგვარ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც უტყუარად ადასტურებს მსჯავრდებულ შ. წ-ის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის არსებობის ფაქტს და, შესაბამისად, მსჯავრდების ამ ეპიზოდში დაცვის მხარის პოზიცია, რომ დაზარალებულის ჩვენება არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს და სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

9. რაც შეეხება ქმედების ჩადენას გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოტივი მკვეთრად არის გამოხატული, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში შ. წ. გენდერის ნიშნით გარკვეულ შეზღუდვებს უწესებდა ყოფილ მეუღლეს, კერძოდ, მოითხოვდა, რომ ნ. კ, როგორც ქალი, მას უნდა დამორჩილებოდა, აკონტროლებდა მის ნაბიჯებს და გადაადგილებას, ვის ესაუბრებოდა, ვისთან მიდიოდა, სად მუშაობდა და ასე შემდეგ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოკვეთილი და დადასტურებულია.

10. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში):

10.1. დაზარალებულ თ. კ-ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2020 წლის 20 ოქტომბერს, საღამოს საათებში, მის შვილს ტელეფონზე დაურეკა შ. წ-ემ და დანაშაულის პატიებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი და ნ. კ-ის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. შვილმა განუმარტა, რომ შ. წ. მას ემუქრებოდა, რომ ბავშვი ეზოში არ ჩაეყვანა, თორემ აჩეხავდა, რაც თავად რეალურად აღიქვა და შეეშინდა. საცხოვრებელი ბინის ეზოდან შ. წ-ის მუქარა და გინება ისმოდა. სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე წუთში კარზე ბრახუნი გაიგეს. გაიხედეს და ნახეს, რომ კართან შ. წ. იმყოფებოდა. შ. მისი სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა, რაც რეალურად აღიქვა. დაზარალებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ასევე დასტურდება დაზარალებულ ნ. კ-ის ჩვენებით.

10.2. დაზარალებულების - თ. კ-სა და ნ. კ-ის ჩვენებები სრულ თანხვედრაშია მოწმე გ. კ-ის ჩვენებასთან, რომლის თანახმად, 2020 წლის 20 ოქტომბერს ნ. კ-ეს შ. წ-სთან საუბრისას შეატყო, რომ შ. წ. მას ემუქრებოდა. შემდეგ კორპუსის ეზოდან შ. წ-ის ჩხუბის ხმა და მუქარა გაიგო „მოგკლავთ ორივესო“. საქმეში წარმოდგენილი N....... შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ 2020 წლის 20 ოქტომბერს თ. კ-ეს ყოფილი სიძე შ. წ. დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

10.3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142), რაც ამ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით ნათლად არის გამოკვეთილი.

10.4. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეპიზოდშიც წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება როგორც სიცოცხლის მოსპობის მუქარის, ისე ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტი.

11. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შ. წ-ის მსჯავრდების ორივე ეპიზოდი ეფუძნება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და დაცვის მხარის მოსაზრებები მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ შ. წ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი