Facebook Twitter

საქმე # 020100121004343239

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №867აპ-21 ქ. თბილისი

გ-ა ა, 867აპ-21 24 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. გ-ას, - დაბადებულს .... წლის .. მაისს, - ბრალად ედება ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების დამალვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 15 ივლისს ქ. გ-მ, ა. გ-ს თხოვნით, ქ.ზ-ში მდებარე შსს მომსახურების სააგენტოში თავის სახელზე გადაიფორმა ა. გ-ას კუთვნილი „მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომობილი (სახ.№..-...-..) და იმავე დღეს სს „ვ-ნ“ გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს „ვ-მ“ ქ. გ-ზე სესხად გასცა 19600 ლარი. ამასთან, ქ. გ-სა და სს „ვ-ს“ შორის გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული სესხი უზრუნველყოფილ იქნა გირავნობის საგნით - ქ. გ-ის სახელზე რეგისტრირებული და ა. გ-ას კუთვნილი „მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომობილით (სახ.№..-...-..). . გ-მ სს „ვ-ს“ მიერ გაცემული სესხის თანხა გადასცა ა. გ-ს. ასევე, გირავნობის საგანი - „მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომობილი მფლობელობასა და სარგებლობაში დარჩა ა. გ-ას.

· 2020 წლის 17 ივლისს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შსს მომსახურების სააგენტომ გასცა გირავნობის მოწმობა №......, რის შემდეგაც კრედიტორმა, სს „ვ-მ“ მიმართა კერძო აღმასრულებელს და მოითხოვა გირავნობის მოწმობის აღსრულება, კერძოდ, გირავნობის მოწმობაში მითითებული ,,მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომობილის მოვალისაგან ამოღება და კრედიტორისათვის გადაცემა. აღმასრულებელმა დაიწყო სააღსრულებო წარმოება, შესაბამისად, გირავნობის საგანი - „მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომობილი (სახ.№..-...-..) დაექვემდებარა ჩამორთმევას და მოვალე ქ. გ-ს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულებისა და გირავნობის საგნის აღმასრულებელთან წარდგენის შესახებ. თავის მხრივ, ქ. გ-მ აღნიშნულის შესახებ აცნობა ავტომობილის მფლობელ ა. გ-ს, თუმცა, მიუხედავად აღმასრულებლის მოთხოვნისა, ა. გ-მ დამალა ავტომობილი და არ წარუდგინა აღმასრულებელს, რითაც მან ჩაიდინა ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების დამალვა.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 მაისის განაჩენით:

2.1. ა. გ. საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.2. ა. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

2.3. გამართლებულ ა. გ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განაჩენის გაუქმება და ა. გ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორ ილია ტორუას მითითებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ა. გ-ს მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელი და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურდებოდა ა. გ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ:

7. გამოძიების ეტაპზე, 2020 წლის 6 და 18 დეკემბერს, გამოკითხვისას, ბრალდებულმა ა. გ-მ განმარტა, რომ 2019 წლის ნოემბერში (ე.ი. ჯერ კიდევ სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე) ზ-ს რაიონის სოფელ ო-ს ტერიტორიაზე მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევაში, რა დროსაც „ვ-ნ“ ქ. გ-ს სახელზე აღებული ავტოსესხით შეძენილი „მერსედეს ბენც CLS-550“ მარკის ავტომანქანა მოუცურდა და გადავარდა წყალსაწრეტ არხში, რის შედეგადაც იგი ისე დაზიანდა, რომ აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა და გაყიდა დაახლოებით 2200 დოლარად.

8. 2020 წლის 20 დეკემბერს ჩატარებული გამოკითხვისას კი ბრალდებულმა ა. გ-მ არსებითად შეცვალა 2020 წლის 6 და 18 დეკემბერს გამომძიებლისათვის მიცემული ჩვენებები და განმარტა, რომ 2020 წლის ივლისში ქ. გ-მ უთხრა, რომ მას ჩაჰბარდა კერძო აღმასრულებლის წერილი და მასალები, სადაც აღმასრულებელი ითხოვდა ,,მერსედეს ბენც CLS-550“ მარკის ავტომობილის დაუყოვნებლივ მისთვის წარდგენას. მას შეეშინდა, რომ ავტომანქანას კერძო აღმასრულებელი ან „ვ-ი“ ჩამოართმევდა და აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე დღეში გაყიდა ავტომანქანა, თუმცა კონკრეტულად ვის მიჰყიდა, არ ახსოვს. დასმულ კითხვაზე ბრალდებულმა უპასუხა, რომ ავტომანქანა გაყიდა არა 2019 წლის ნოემბერში, არამედ - 2020 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც კერძო აღმასრულებელმა ქ. გ-ნ მოითხოვა ავტომანქანის მისთვის წარდგენა.

9. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდებული ა. გ. სხვადასხვა გამოკითხვის ოქმში, რომლებიც უდავო მტკიცებულებებადაა ცნობილი, არსებითად განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის გამოძიებას, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს იწვევს მის მიერ ბოლო გამოკითხვისას (2020 წლის 20 დეკემბერს) მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობასთან დაკავშირებით, რომ მან ავტომობილი გაყიდა არა 2019 წელს, არამედ - სააღსრულებო წარმოების დაწყების შემდეგ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების პოზიციას, რომ აღნიშნული გამოკითხვის ოქმი, როგორც მტკიცებულება, ვერ იქნება მიჩნეული სარწმუნოდ და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ „მერსედეს ბენც CLS-550“ მარკის ავტომანქანა მოთხოვნის უფლების წარმოშობისა და სააღსრულებო წარმოების დაწყების დროისათვის ჯერ კიდევ ა. გ-ნ იმყოფებოდა და რომ მან ხსენებული ავტომანქანა გადამალა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ქ. გ-მ კერძო აღმასრულებლისაგან მიიღო წინადადება ავტომანქანის მისთვის წარდგენის შესახებ.

11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება ისეთი ბრალდებების საფუძველზე, რაც არ არის სარწმუნოდ დადასტურებული კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები – №404აპ-16, №410აპ-16), ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი