Facebook Twitter

საქმე # 190100120004104304

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №886აპ-21 ქ. თბილისი

მ-ი გ, 886აპ-21 24 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენით:

1.1. გ. მ, - დაბადებული .... წლის .. ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,126-ე მუხლის 11-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 8 ოქტომბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება- სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით; ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის დეკემბრიდან 2020 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით, ქ.რ-ში, ნ. ბ-ის ქუჩა N..-..-ში, გ. მ. ყოფილ მეუღლეს, მ. ქ-ეს, მათ საერთო საცხოვრებელ სახლში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აშანტაჟებდა, ეუბნებოდა, რომ ფულად თანხას თუ არ მისცემდა, თავს მოიკლავდა, ასევე ეუბნებოდა, რომ იყო უწესო ქალი, რის შესახებაც ყველა გაიგებდა. გ. მ-ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ტანჯვა განიცადა მ. ქ-ემ.

· 2020 წლის 29 სექტემბრიდან 2020 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით, ქ.რ-ში, რ-ის კულტურისა და დასვენების პარკში და ქ.რ-ში, ნ. ბ-ის ქუჩა N..-..-ში, გ. მ. გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, ქალის ქცევის მუდმივი კონტროლით განპირობებული ეჭვიანობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, სისტემატურად ძალადობდა ყოფილ მეუღლეზე - მ. ქ-ზე, კერძოდ, 2020 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 07:00 საათზე, ქ.რ-ში, რ-ის კულტურისა და დასვენების პარკში, გ. მ-მა გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, ქალის ქცევის მუდმივი კონტროლით განპირობებული ეჭვიანობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, იძალადა ყოფილ მეუღლეზე - მ. ქ-ზე, კერძოდ, ეჭვიანობდა რა სხვა მამაკაცზე, ავტომანქანაში მყოფ მ. ქ-ეს ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში, გაეკიდა ავტომანქანიდან გადასულს და სახეში დაარტყა ხელი. დარტყმის შედეგად მ. ქ. დაეცა, რის შემდეგაც დაცემულს ფეხი დაარტყა ფეხის არეში. 2020 წლის 30 სექტემბერს, დილის საათებში, ქ.რ-ში, ნ. ბ-ის ქუჩა N..-..-ში, გ. მ-მა გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, ქალის ქცევის მუდმივი კონტროლით განპირობებული ეჭვიანობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, იძალადა ყოფილ მეუღლეზე - მ. ქ-ზე, კერძოდ, ეჭვიანობის გამო უთხრა, რომ სხვა მამაკაცისთვის მიწერილ შეტყობინებას არასდროს აპატიებდა და ხელი დაარტყა ქვედა ყბის არეში, მუშტი ჩაარტყა თავისა და ხელის არეში, რის შედეგადაც მ. ქ. წაიქცა და კედელს მიარტყა თავი. 2020 წლის 6 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.რ-ში, ნ. ბ-ის ქუჩა N..-..-ში, გ. მ-მა გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, ქალის ქცევის მუდმივი კონტროლით განპირობებული ეჭვიანობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, იძალადა ყოფილ მეუღლეზე - მ. ქ-ზე, კერძოდ, იმის გამო, რომ მ. ქ-ეს მოსწავლემ მისწერა შეტყობინება და უწოდა „მის მ.“, გაღიზიანებული გ. მ. მოითხოვდა ყოფილი მეუღლისგან, რომ გაეყიდა ნაკვეთი, გადაეხადა ოჯახის ვალები და შემდეგ სიცრუის დეტექტორზე უნდა ეთქვა, რომ მეუღლისთვის არასოდეს უღალატია, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და საწოლზე წაქცეულს იდაყვი ჩაარტყა მარცხენა მხარეს, ფერდში, ასევე, ხელი დაარტყა მარჯვენა მხარეს, ქვედა ყბაში, თავისა და ხელის არეში. გ. მ-ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა განიცადა მ. ქ-ემ.

· 2020 წლის 6 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.რ-ში, ნ. ბ-ის ქუჩა N..-..-ში, გ. მ-მა გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, ქალის ქცევის მუდმივი კონტროლით განპირობებული ეჭვიანობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, იძალადა ყოფილ მეუღლეზე - მ. ქ-ზე, კერძოდ, მ. ქ-ეს მოსწავლემ მისწერა შეტყობინება და უწოდა „მის მ.“, რის გამოც გაღიზიანებული გ. მ. მოითხოვდა ყოფილი მეუღლისგან, რომ გაეყიდა ნაკვეთი, გადაეხადა ოჯახის ვალები, რის შემდეგაც გამოიტანა ავზი და ბენზინი მიასხა მ. ქ-ეს, ასევე ბენზინი მოასხა საცხოვრებელ ბინაში, აანთო ასანთი და მ. ქ. აიძულა, გაეკეთებინა ის, რაც არ სურდა - დაჩოქილს ათქმევინა, რომ გაყიდდა ნაკვეთს, გადაუხდიდა ვალებს და მასთან ერთად იცხოვრებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა, რომ სახლს დაწვავდა და მასაც სახლში გამოწვავდა.

· 2020 წლის 6 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.რ-ში, ნ. ბ-ის ქუჩა N..-..-ში, გ. მ. გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, ქალის ქცევის მუდმივი კონტროლით განპირობებული ეჭვიანობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - მ. ქ-ეს, კერძოდ, მ. ქ-ეს მოსწავლემ მისწერა შეტყობინება და უწოდა „მის მ.“. ამის გამო გაღიზიანებული გ. მ. მოითხოვდა ყოფილი მეუღლისგან, რომ გაეყიდა ნაკვეთი და გადაეხადა ოჯახის ვალები. იგი კასტეტით ხელში მივიდა საწოლთან და მ. ქ-ეს უთხრა, რომ თავს გაუტეხდა და დაასახიჩრებდა, რაც მ. ქ-ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. გ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ გ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 8 ოქტომბრიდან.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. კ-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. მ-სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, მისთვის 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება და სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით, მოსახდელი სასჯელის დარჩენილი ნაწილის - 6 თვით თავისუფლების აღკვეთის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

5. პროკურორმა ზურაბ კოჭლამაზაშვილმა შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

6.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ ზემოჩამოთვლილ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

8. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მის შემსუბუქებასთან.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

10. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ. მ-ის შეფარდებულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

11. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. მ-სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება მის მიერ ჩადენილ ქმედებათა ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სააპელაციო სასამართლომ სრულად მიიღო მხედველობაში მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და გ. მ-ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, კერძოდ:

11.1. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენცია მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ზომები იმისათვის, რომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი, ეფექტური, დამაფიქრებელი და თანაზომიერი. კონვენციის 46-ე მუხლით, კონვენცია განსაზღვრავს დამამძიმებელი გარემოებების ჩამონათვალს, რაც მხედველობაში უნდა მიიღონ სასამართლოებმა სასჯელის დანიშვნის დროს. დამამძიმებელი გარემოებები კი შემდეგია:

· დანაშაული ჩადენილი იყო ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;

· დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილია არაერთხელ;

· დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც, გარკვეული გარემოებების გამო, მოწყვლადია;

· დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;

· დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;

· დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;

· დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;

· დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;

· დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.

12. სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა და მსხვერპლის დაცვა, შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს ინდივიდუალური ქმედებისა და ამ ქმედებიდან მომდინარე კონკრეტული საფრთხის გაანალიზება - შეფასება. ოჯახური დანაშაულების სფეროში სახელმწიფოს მიერ საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულებების, ასევე, აღნიშნული ხასიათის დანაშაულების სიხშირისა და მათგან მომდინარე მომეტებული საფრთხის მხედველობაში მიღებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის მკაცრად დაცვის პირობებში, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის - ადვოკატ ი. კ-ს საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ გ. მ-ის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ გამოხატული პოზიცია, რომ მსჯავრდებულმა გ. მ-მა აღიარა და მოინანია დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დაზარალებულს არ გააჩნია პრეტენზია მის მიმართ, ვერ გადაწონის გ. მ-ან მომდინარე საფრთხეს ყოფილი მეუღლის - მ. ქ-ის მიმართ და არ ქმნის დაზარალებულის მშვიდ გარემოში ცხოვრების გარანტიას. გარდა ამისა, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას და არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი