Facebook Twitter

საქმე # 060100121004363505

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №901აპ-21 ქ. თბილისი

მ-ი ი, 901აპ-21 21 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურორის - ნუგზარ ჯიქიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. მ-ს, - დაბადებულს .... წლის .. იანვარს, - ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ვ-ის რაიონის სოფელ ს-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ი. მ-მა არასრულწლოვანი შვილიშვილების - ბ. მ-სა და ი. მ-ის თანდასწრებით შვილს-ლ. მ-ს ხელი დაარტყა სახის არეში, მეუღლეს - ნ. ს-ეს რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახისა და ზურგის არეში, ხოლო დას - ნ. მ-ს ფეხი დაარტყა ფეხში. ქმედების შედეგად დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის ოქტომბერში, ვ-ის რ-ის სოფელ ს-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ი. მ-მა დას - ნ. მ-ს ხელი დაარტყა სახის არეში. ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის სექტემბერში ვ-ის რაიონის სოფელ ს-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ი. მ-მა შელაპარაკებისას დას - ნ. მ-ს ჩაქუჩი სამჯერ დაარტყა ხელის არეში. ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 7 ნოემბერს, დღის საათებში, ვ-ის რაიონის სოფელ ს-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ი. მ-მა შელაპარაკებისას დას - ნ. მ-ს ონკანი ესროლა, რაც მას მოხვდა ზურგის არეში. ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის განაჩენით:

2.1. ი. მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის ოქტომბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის სექტემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 7 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. ი. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

2.3. გამართლებულ ი. მ-ს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - სამტრედიის რაიონულმა პროკურორმა ნუგზარ ჯიქიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განაჩენის გაუქმება, ი. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და ამ მუხლების სანქციით განსაზღვრული სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი. მ-ის მიერ ძალადობის ჩადენას.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ი. მ-ის ახლო ნათესავებმა, კერძოდ, მეუღლემ - დაზარალებულმა ნ. ს-ემ, დამ - დაზარალებულმა ნ. მ-მა, შვილმა - დაზარალებულმა ლ. მ-მა, არასრულწლოვანმა შვილიშვილებმა - ბ. და ი. მ-მა, შვილმა - მოწმე ვ. მ-მა, შვილმა - მოწმე ლ. მ-მა ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ი. მ-ის წინააღმდეგ.

8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნის მიხედვით, პირადი შემოწმებისას მოქალაქე ნ. მ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, კერძოდ, მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო-მოიისფრო, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე სისხლნაჟღენთი, ზომით: 6,0X4,0 სმ. სხეულზე გარეგნულად, სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 28 დეკემბრის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნის მიხედვით, ივანე მესხის ქმედებები შეიცავდა შეურაცხყოფისა და დამცირების ელემენტებს, თუმცა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევისას მოპოვებული მონაცემებით აღნიშნული არ გამოიწვევდა ნ. ს-ის ტანჯვას.

10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 28 დეკემბრის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნის მიხედვით, ი. მ-ის ქმედებები შეიცავდა შეურაცხყოფისა და დამცირების ელემენტებს, თუმცა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით აღნიშნული არ გამოიწვევდა ნ. მ-ის ტანჯვას.

11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 1 თებერვლის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N....... დასკვნის მიხედვით, ი. მ. ფსიქიკურად დაავადებული არ ყოფილა. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეეძლო ანგარიში გაეწია თავისთვის და ეხელმძღვანელა მისთვის, მიეცა სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ივანე მესხი იძულებით, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.

12. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ზ. ხ-ემ განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე გამოკითხა დაზარალებული ნ. ს, ასევე - ნ. მ. და ლ. მ; დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი.

13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმის სახით დაკითხული დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ზ. ხ. არ არის შემთხვევის თვითმხილველი და ინფორმაციას ფლობს მხოლოდ დაზარალებულებისგან. შესაბამისად, მისი მონათხრობი ეფუძნება სხვა პირის (დაზარალებულის) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულებს არ დაუდასტურებიათ და ისარგებლეს ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებით.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ ,,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

15. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მართალია, დგინდება ნ. მ-ის სხეულზე დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება, დაზარალებულს დაზიანება მიაყენა თუ არა ი. მ-მა.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

18. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ი. მ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

20. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამტრედიის რაიონული პროკურორის - ნუგზარ ჯიქიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი