საქმე # 330100120003782138
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №904აპ-21 ქ. თბილისი
თ-ი დ, 904აპ-21 21 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენით:
1.1. დ. თ-მ, - დაბადებული .... წლის .. ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. თ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 3 ივნისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. თ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 2 ივნისს, შუადღის საათებში, ქ. თ-ი, ა. ქ-ს ქუჩა N.., ბინა N..-ში, დ. თ-მა საყოფაცხოვრებო საკითხებზე შელაპარაკებისას, იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე - მ. ჟ-ე, კერძოდ, მარჯვენა მუშტი ჩაარტყა თვალებს შორის და ტუჩის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულს წამოუვიდა სისხლი და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ დ. თ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. შ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და დ. თ-ის გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ დ. თ-ის ადვოკატი ა. შ. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, პირის ვიზუალური დათვალიერების ოქმი, დაზარალებულის ფოტოსურათი და სხვა მტკიცებულებები, პირდაპირი მტკიცებულებების არარსებოსის პირობებში, არ შეიძლება იყოს დ. თ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან არ არსებობს პირველწყაროს - დაზარალებულ მ. ჟ-ს მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით.
7. საკასაციო სასამართლო, როგორც სხვა, მსგავსი კატეგორიის საქმეებში, ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის ქცევაზე დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რომელიც იყო მოტივირებული, რათა ხელი შეეწყო ობიექტური გამოძიებისათვის - თავად შეიტანა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ მას ყოფილმა მეუღლემ - დ. თ-მა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და ითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა. ასევე, ნებაყოფლობით გამოიკითხა; მართალია, უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე, თუმცა თანხმობა განაცხადა კლინიკა ,,კ-ან’’ მისი სამედიცინო დოკუმენტაციის გამოთხოვასა და გარეგნობის ვიზუალური დათვალიერების ოქმის შედგენაზე; შემაკავებელი ორდერის შედგენისას აღწერა მასზე მეუღლის მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტები, რაც სრულიად განსხვავდება მისი შემდგომი ქცევისაგან, როდესაც უარი განაცხადა სასამართლოში ყოფილი მეუღლის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ჟ-ს ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას და ფაქტად იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, შეშინებულია და მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებას (თვითგადარჩენას) მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს, რამაც განაპირობა სწორედ მისი პირვანდელი მტკიცე ნების - ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის - რადიკალურად შეცვლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.
8. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ მ. ჟ-ს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეზე წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულება ერთობლივად ქმნის ოჯახური ძალადობის ნათელ სურათს და გონივრულ ეჭვს მიღმა ლოგიკური ჯაჭვის შეკვრით ადასტურებს დ. თ-ის მიერ მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს, კერძოდ:
10. მოწმეების - პატრულ-ინსპექტორების: კ. ჭ-ა და ო. ს-ს ჩვენებების თანახმად, კლინიკა „კ-ში“ მისვლისას დახვდათ დაზარალებული მ. ჟ, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები ორივე თვალის არეში, ცხვირსა და ტუჩის მიდამოში. გასაუბრებისას გაირკვა, რომ დაზარალებულს დაზიანებები წინა დღეს მიაყენა ყოფილმა მეუღლემ - დ. თ-მა.
11. კლინიკა „კ-ს“ ოჯახის ექიმმა, მოწმე თ. გ-მ განმარტა, რომ 2020 წლის 3 ივნისს მიმართა პაციენტმა მ. ჟ-ა. პაციენტს სახის არეში ეტყობოდა დაზიანების კვალი. გასაუბრებისას გაირკვა, რომ ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებული ითხოვდა, რომ დაზიანებების თაობაზე კლინიკას არ მიეღო შესაბამისი ზომები და არ მიემართა სამართალდამცველებისათვის.
12. პაციენტის გასინჯვის ბარათით ირკვევა, რომ მ. ჟ-ა მიმართა კლინიკა „კ-ს“, სადაც დაესვა დიაგნოზი: თვალისა და თვალბუდის სხვა ტრავმები, ცხვირის ზედაპირული ტრავმა.
13. N...... შემაკავებელი ორდერითა და ოქმით ირკვევა, რომ 2020 წლის 2 ივნისს დ. თ-მა ყოფილ მეუღლეს - მ. ჟ-ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ, მართალია, მოწმეების ჩვენებები, მათი შინაარსიდან გამომდინარე, არის ირიბი, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებების ნაწილი მართლაც შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რაც მათთვის დაზარალებულისაგან გახდა ცნობილი, მაგრამ მათი მონათხრობი ასევე ეხება ისეთ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც მათ საკუთარი თვალით იხილეს, თუ რა მდგომარეობაში იყო დაზარალებული ძალადობის შემდეგ და ამ კუთხით მოწმეთა ჩვენებები არის პირდაპირი. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ სავარაუდო ძალადობის შესახებ შეტყობინების წყარო იყო თავად დაზარალებული, რაც ასევე დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი განცხადებით, რომლის თანახმად, მან ითხოვა დახმარება და დააფიქსირა, რომ მასზე ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადა ყოფილმა მეუღლემ. დასახელებულ მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება სამედიცინო დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმს და შემაკავებელ ორდერში ასახულ ინფორმაციას და ფაქტობრივად წარმოადგენს ამ მტკიცებულებების გაგრძელებას. პაციენტის სამედიცინო ბარათი და შემაკავებელი ორდერი არის პირდაპირი მტკიცებულებები და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში გამორიცხავს იმის თეორიულ შესაძლებლობას, რომ გამამტყუნებელ განაჩენს, შესაძლოა, საფუძვლად დაედოს არაპირდაპირი მტკიცებულებებით გამყარებული ირიბი ჩვენებების ერთობლიობა.
15. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნით დასტურდება, რომ სს „კ-ს“ კლინიკაში ჩატარებული სამედიცინო კვლევების ჩანაწერებით მ. ჟ-ს დაესვა დიაგნოზი: თვალისა და თვალბუდის სხვა ტრავმები. ცხვირის ზედაპირული ტრავმა.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ მ. ჟ-ს მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან გამომდინარე, დადასტურებულია დ. თ-ის მიერ მ. ჟ-ის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტიც. მართალია, დაზარალებულმა სასამართლოში არ მისცა ჩვენება, მაგრამ დაზარალებულისათვის მსჯავრდებულის მიერ მიყენებული დაზიანებები და მათი ლოკალიზაცია, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მას შემთხვევიდან მეორე დღეს კვლავ აღენიშნებოდა დაზიანებების კვალი, ამ საკითხის ობიექტურად შეფასების საკმარის შესაძლებლობას იძლევა.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ოჯახური ძალადობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ერთ-ერთი ელემენტის - ფიზიკური ტკივილის განცდის დადგენა შესაძლებელია როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებით, ასევე - საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით (მსხვერპლის სქესის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ძალადობის ხანგრძლივობის, მიყენებული დაზიანებების რაოდენობის, სახის, განლაგების, დანაშაულის ჩადენის ხერხის, საშუალებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით), რომლებიც მსხვერპლის მიერ ტკივილის განცდის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალადობის ისეთი ფაქტები, სადაც დაზარალებულის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი ტკივილის ვერბალურად გადმოცემა, დაუსჯელი დარჩებოდა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები №118აპ-20; 443აპ-20).
18. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ იკვეთება დაზარალებულის რაიმე სახის დაინტერესება ცრუდ ემხილა მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენაში. უფრო მეტიც, დაზარალებულმა ოჯახის ექიმთან გასაუბრებისას ითხოვა, რომ დაზიანებებთან დაკავშირებით კლინიკას არ მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სამართალდამცავი ორგანოს სახელზე შედგენილ განცხადებაში დაზარალებული ითხოვს, რომ დ. თ-ის მიმართ გამოიცეს მხოლოდ შემაკავებელი ორდერი.
19. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებები, რომლებიც ურთიერთშეთანხმებულია და ავსებს ერთმანეთს, დაზარალებულის ჩვენების გარეშეც, საკმარისია დ. თ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
20. კასატორი - ადვოკატი ა. შ. საკასაციო საჩივარში აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არ ირკვევა დაზიანების მიმყენებელი საგანი; ხოლო მსჯავრდებულ დ. თ-ის განმარტებით, დაზარალებულ მ. ჟ-ს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და ხშირად კარგავდა გონებას, რაც ასევე არ გამოკვლეულა.
21. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა მისთვის სასარგებლო მტკიცებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
22. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი