Facebook Twitter

საქმე # 140100120004126315

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №827აპ-21 ქ. თბილისი

ზ. ა. ო-ი, 827აპ-21 21 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ დოხნაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ზ. ა. ო-ს, - დაბადებულს .... წლის .. თებერვალს, - ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ოთხი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 4 აპრილს, კ-ს რაიონის სოფელ ფ-ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამმა ზ. ა. ო-მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ. შ. კ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თმა მოქაჩა, წააქცია და წაქცეულს მუცლისა და წელის არეში რამდენჯერმე დაარტყა ფეხი, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 28 სექტემბერს, დღის საათებში, კ-ს რაიონის სოფელ ფ-ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ. ა. ო-მ ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ. შ. კ-ს, კერძოდ, მარჯვენა ხელი ერთხელ დაარტყა კეფის არეში, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 10 ოქტომბერს, დღის საათებში, კ-ს რაიონის სოფელ ფ-ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ. ა. ო-მ ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ. შ. კ-ს, კერძოდ, ხელის კვრით წააქცია საწოლზე, მარჯვენა ხელი ააფარა ცხვირსა და პირზე, ხოლო მარცხენა ხელი წაუჭირა ყელში, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 10 ოქტომბერს, საღამოს საათებში, კ-ს რაიონის სოფელ ფ-ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ. ა. ო, ეჭვიანობის ნიადაგზე, სიცოხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ. შ. კ-ს, რომელმაც განიცადა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2020 წლის 12 ოქტომბერს, დილის საათებში, კ-ს რაიონის სოფელ ფ-ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ. ა. ო-მ ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ. შ. კ-ს, კერძოდ, თავი ერთხელ დაარტყა ცხვირის არეში და მარჯვენა ხელი ძლიერად მოუჭირა მარცხენა მკლავზე, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის განაჩენით:

2.1. ზ. ა. ო. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 4 აპრილის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2020 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. ზ. ა. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ა. ო-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 12 ოქტომბრიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ა. ო-მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2020 წლის 10 ოქტომბრისა და 2020 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდები), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 10 ოქტომბერს, დღის საათებში, კ-ს რაიონის სოფელ ფ-ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ. ა. ო-მ ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ. შ. კ-ს, კერძოდ, ხელის კვრით წააქცია საწოლზე, მარჯვენა ხელი ააფარა ცხვირსა და პირზე, ხოლო მარცხენა ხელი წაუჭირა ყელში, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 12 ოქტომბერს, დილის საათებში, კ-ს რაიონის სოფელ ფ-ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ. ა. ო-მ ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ. შ. კ-ს, კერძოდ, თავი ერთხელ დაარტყა ცხვირის არეში და მარჯვენა ხელი ძლიერად მოუჭირა მარცხენა მკლავზე, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განაჩენით:

4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ დოხნაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულ ზ. ა. ო-ს მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და გასაჩივრებული განაჩენით დანიშნულ სასჯელზე უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 10 ოქტომბრისა და 12 ოქტომბრის) წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი:

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ. ა. ო-ს მხრიდან მეუღლის - მ. შ. კ-ს მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტები დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, შეტყობინების ოქმით, მოწმე ლ. ვ. კ-ს გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 11 ნოემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №......... დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

9. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს ზ. ა. ო-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 4 აპრილის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2020 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ის ჩამონათვალი, რომელიც პროკურორს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებლად აქვს საჩივარში მიმოხილული, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ ადასტურებს ზ. ა. ო-ს მიერ ოჯახში ძალადობისა და მუქარის ჩადენას.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს საკმარისად ცხად, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა თანაარსებობას; მოცემული მტკიცებულებები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (იხ. საქმე ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282). მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ. საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ,“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77). ევროპულმა სასამართლომ საქმეში Capeau v. Belgium (იხ. საქმე ,,კაპო ბელგიის წინააღმდეგ,“ N42914/98, 13/01/2005, §25) აგრეთვე მიუთითა, რომ ყოველი მტკიცებულების მხედველობაში მიღება უნდა მოხდეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ფონზე და იგი „inter alia” გულისხმობს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს ბრალმდებელს.

12. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდებში კასატორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს მათ შესაბამისობას გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტთან.

13. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 4 აპრილისა და 2020 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდები), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი:

14. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა მ. შ. კ-მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 2020 წლის 12 ოქტომბრის შეტყობინება შესაძლო დანაშაულების შესახებ მოწმის სახით დაკითხული პოლიციელის - ა. მ-ა და დაზარალებულ მ. შ. კ-ს დედის - ლ. ვ. კ-ს უდავო გამოკითხვის ოქმები საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 4 აპრილისა და 2020 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდები), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, რადგან საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ვერ დასტურდება იძალადა თუ არა ზ. ა. ო-მ მეუღლეზე და დაემუქრა თუ არა მას, კერძოდ: მოწმე ლ. ვ. კ-ს უდავო გამოკითხვის ოქმის მიხედვით, შვილმა მას უამბო, რომ მეუღლე გამუდმებით ეჭვიანობდა მასზე და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ, 2020 წლის 10 ოქტომბერს მას ზ. ა. ო-მ ყელში მოუჭირა ხელი. აღნიშნული ფაქტი კვლავ განმეორდა 2020 წლის 12 ოქტომბერს, კერძოდ, ზ. ა. ო-მ თავი დაარტყა მას ცხვირში. 2020 წლის 12 ოქტომბრის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ისტორიის თანახმად, ,,ავადმყოფი მოყვანილია პოლიციის თანაშრომლების მიერ. მისი გადმოცემით, 2020 წლის 10 და 12 ოქტომბერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ ზ. ა. ო-მ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №......... დასკვნით დადგენილია, რომ ,,წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მ. შ. კ-ს სხეულზე, ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნების არსებობაზე მითითებული არ არის“. 2020 წლის 12 ოქტომბერს მ. შ. კ. თავად გამოცხადდა კ-ის რაიონულ სამმართველოში და განაცხადა მასზე ძალადობრივი ქმედებების შესახებ. აღნიშნულ ფაქტზე პოლიციის თანამშრომლებმა შეადგინეს შემაკავებელი ორდერი. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ზ. ა. ო-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაზე. ამდენად, არც პოლიციის ორგანოში შეტყობინების შეტანისას და არც დედასთან - ლ. ვ. კ-ნ საუბრისას დაზარალებულს 2019 წლის 4 აპრილისა და 2020 წლის 28 სექტემბრის ძალადობის ეპიზოდებზე არ უსაუბრია. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ზ. ა. ო-მ ნამდვილად ჩაიდინა ოჯახური დანაშაულები და მისი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე არ არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ზ. ა. ო. ნამდვილად დაემუქრა მ. შ. კ-ს და მას მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე - მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, 754აპ-21, N65აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

20. განსახილველ საქმეში დაზარალებულმა მ. შ. კ-იმ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და მეუღლის წინააღმდეგ სასამართლოს არ მისცა ჩვენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის განხორციელების შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მითუფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.

21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

22. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მსჯავრდებულ ზ. ა. ო-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 4 აპრილისა და 2020 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდები), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

24. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ დოხნაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი