Facebook Twitter

საქმე # 330100119003074558

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №786აპ-21 ქ. თბილისი

ჯ-ი ა, 786აპ-21 21 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-სა და მსჯავრდებულ გ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენით:

1.1. გ. ი, - დაბადებული .... წლის .. ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.1.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ი-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 21 მაისიდან.

1.2. ა. ჯ, - დაბადებული 1981 წლის 14 ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 21 მაისიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ი-მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის; ხოლო ა. ჯ-მა - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2019 წლის 21 მაისს, დაახლოებით 02:50 საათზე, ქურდობისათვის ნასამართლევი გ. ი. და ა. ჯ, წინასწარი შეთანხმებით, ცდილობდნენ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდნენ ქ.თ-ში, დ. ს-ის გამზირის N..-ის ტერიტორიაზე არსებულ შპს „ს-ოს ფ-ის“ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში განთავსებულ ფულად თანხას, რაც ვერ მოახერხეს, ვინაიდან ისინი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჩ-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განაჩენის გაუქმება და ა. ჯ-ის უდანაშაულოდ ცნობა.

4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ი-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განაჩენის გაუქმება და ა. ჯ-ის გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ჯ-ის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ხოლო გ. ი-ის - 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის თაობაზე. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

7. საკასაციო სასამართლო კასატორების მოთხოვნას მსჯავრდებულების - ა. ჯ-სა და გ. ი-ის უდანაშაულოდ ცნობისა და მათი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებაში მათი ბრალეულობის თაობაზე აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა: დაზარალებულის წარმომადგენელ თ. კ-სა და მოწმეების - ი. მ-ის, მ. გ-ის, ბ. ნ-ის, გ. ჩ-სა და სხვათა ჩვენებები, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 30 მაისის შპს „ს-ოს ფ-ის“ იურიდიული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის - ი. ყ-ის გამომძიებლისადმი მიმართვის წერილი, 2019 წლის 29 მაისის შპს „პ-ეს ს-ის“ მიერ გაცემული ინვოისი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N........, N........., N......... დასკვნები, სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N........ დასკვნა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. ამასთანავე, საკასაციო საჩივრები შეტანილია იმავე მოტივებით, რითაც დაცვის მხარემ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც ამომწურავად გასცა პასუხი საჩივრებს; რაიმე ახალი გარემოება, რომელიც არ იყო შეფასებული ან არასწორად იყო შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, საქმის მასალებით არ დგინდება.

8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ აბსტრაქტულად იმის მტკიცება, რომ პოლიციელთა, როგორც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა, ჩვენებები ყველა შემთხვევაში არის სუბიექტური - დაუსაბუთებელია. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N262აპ-17 გადაწყვეტილება; 2020 წლის 6 ოქტომბრის N355აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 10 მარტის 658აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 30 ივნისის №197აპ-21 გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში მოწმე პოლიციელების ჩვენებები თანხვდენილია, ჩვენებებში მითითებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად არ ეწინააღმდეგება არც ერთმანეთს და არც საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, არ დასტურდება პოლიციელთა მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესება.

9. მოწმეებმა - ი. მ-მა და მ. გ-მა განმარტეს, რომ, როდესაც შემთხვევის ადგილზე გადაადგილებისას, დაახლოებით 10-15 მეტრში მიუახლოვდნენ ჯიხურს, რომელშიც დამონტაჟებულია ჩასარიცხი აპარატი, შენიშნეს იქვე მდგომი ორი პირი. ორივე სამართალდამცავი უთითებს, რომ გ. ი. იდგა უშუალოდ აპარატის წინ, ხოლო ა. ჯ. - მის გვერდით და თვალს ადევნებდა მის ქმედებებს. ი. მ-მა ამავე დროს შენიშნა გ. ი-ის ხელში რკინისმაგვარი საგანი - სახრახნისი, რომლითაც ცდილობდა ჩასარიცხი აპარატის გატეხვას. მართალია, მ. გ. მხოლოდ გ. ი-ის მიერ სახრახნისის გადაგდების ფაქტის დაფიქსირებაზე აპელირებს, თუმცა მანაც დაადასტურა, რომ გ. ი. აპარატის წინ წელში მოხრილი იდგა და გაიგეს უცნაური ხმაც. მათ მოწოდებაზე კი, რომ იყვნენ პოლიციის თანაშრომლები და შეჩერებულიყვნენ, ორივე მსჯავრდებულმა სცადა გაქცევა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. მ-სა და მ. გ-ის ჩვენებები არის დამაჯერებელი, ასევე ისინი სრულად შეესაბამება მოწმეების - ბ. ნ-სა და გ. ჩ-ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რისი თვითმხილველნიც ისინი გახდნენ. მხოლოდ ის გარემოება, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე ვერ ნახეს სახრახნისი, ვერ გახდება ი. მ-სა და მ. გ-ის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან ბ. ნ. და გ. ჩ. მოგვიანებით მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, ისინი არ შესწრებიან ფაქტს, თუ როდის და რა მიმართულებით გადააგდო სახრახნისი გ. ი-მა. ასევე მოწმეები - ბ. ნ. და გ. ჩ. ი. მ-სა და მ. გ-ის მსგავსად განმარტავენ, რომ გ. ი. და ა. ჯ. პოლიციელებს უწევდნენ წინააღმდეგობას და მხოლოდ მათი დახმარების შემდეგ შეძლეს დაკავებულებისათვის ხელბორკილების დადება.

10. მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების - ი. მ-სა და მ. გ-ის ჩვენებები დაკავებისას მსჯავრდებულების - ა. ჯ-სა და გ. ი-ის მიერ წინააღმდეგობის გაწევის თაობაზე გამყარებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის N......... და 2019 წლის 22 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნებით, საიდანაც დასტურდება, რომ მ. გ-სა და ა. ჯ-ს ნამდვილად აღენიშნებათ ხანდაზმულობით შემთხვევის პერიოდთან შესაბამისი დაზიანებები, ხოლო ის გარემოება, რომ მსგავსი წინააღმდეგობის ფარგლებში უპირობოდ უნდა დაზიანებულიყვნენ ი. მ. და გ. ი-იც, არ გამომდინარეობს საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებიდან და ექსპერტთა ჩვენებებიდან.

11. დაზარალებული კომპანიის წარმომადგენელმა თ. კ-ემ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე დაზიანებული იყო არა მხოლოდ ჯიხურის მინა, არამედ ჯიხურში ჩამონტაჟებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიც, თანხის ჩარიცხვის მოწყობილობის ნაწილში. შემთხვევის ადგილიდან კი ამოღებულ იქნა სახრახნისი, რომლის გ. ი-ის მიერ გადაგდების ფაქტზეც აპელირებდნენ მოწმეები - ი. მ. და მ. გ.

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიუთითებს: ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილი დათვალიერდა მსჯავრდებულების - ა. ჯ-სა და გ. ი-ის დაკავებიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, ვერ გახდება ამ მტკიცებულების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულები გადაიყვანეს განყოფილებაში, შემთხვევის ადგილის კი დაათვალიერა სხვა გამომძიებელმა, საჭირო იყო საგამოძიებო მოქმედებაში ექსპერტის მონაწილეობაც, რომლის მოწვევის პროცედურებიც ასევე გარკვეულ დროს მოითხოვს და ლოგიკურია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება ვერ მოხდებოდა მსჯავრდებულების დაკავებიდან დაუყოვნებლივ.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამოღებულ სახრახნისზე მსჯავრდებულების გენეტიკური პროფილის ბიოლოგიური კვალის არარსებობა აპრიორი არ ნიშნავს ამ პირების უდანაშაულობას; კონკრეტულ ნივთსა და საგანზე მასთან შემხებლობაში მყოფი პირის ბიოლოგიური მასალის გადასვლა დამოკიდებულია არაერთ გარეშე ფაქტორზე, მათ შორის - ნივთის ზედაპირზე, მის თვისებრიობაზე, შემხები პირის ორგანიზმზე, შემთხვევის ადგილზე არსებულ კლიმატურ პირობებზე და ა.შ.

14. კასატორები, ადვოკატები - დ. ჩ. და გ. ბ. აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარეს არ უცდია, მოეპოვებინა დაცვის პოლიციის სამხრეკამერის ჩანაწერი. ამ საკითხთან მიმართებით საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ, ბუნებრივია, თუკი ბრალდების მხარე დამატებით მტკიცებულებებს წარმოადგენდა სასამართლო სხდომაზე, ისინი სათანადოდ შეფასდებოდა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, თუმცა აღნიშნული მოქმედებების ჩაუტარებლობა მტკიცებულებით ძალას ვერ დაუკარგავს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც სკამარისია ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით მსჯავრდებულების - ა. ჯ-სა და გ. ი-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, საპროცესო მოწინააღმდეგისგან დამოუკიდებლად მოეპოვებინა, სასამართლოს მეშვეობით გამოეთხოვა, სასამართლოში წარედგინა და გამოეკვლია ყველა შესაბამისი მტკიცებულება, რაც არ იქნებოდა მტკიცების ტვირთის შეცვლა.

15. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივრებში განვითარებულ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა გ. ი-მა მხოლოდ ფოსტის ჯიხურის მინა დააზიანა, რასაც მოჰყვა ადგილზე დაცვის პოლიციის გამოცხადება, ხოლო ჩასარიცხ აპარატთან არცერთ მსჯავრდებულს შეხება არ ჰქონია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოსაზრება მიმართულია მსჯავრდებულების - ა. ჯ-სა და გ. ი-სათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისაკენ. საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებების ერთობლიობა იმ საკითხის შეფასებისათვის, თუ რა ვითარებაში დაზიანდა ჯიხურის მინა. ამასთანავე, მინის დაზიანების ფაქტი არ არის რელევანტური გ. ი-სა და ა. ჯ-ის ბრალეულობის ან უდანაშულობის შეფასების თვალსაზრისით, ვინაიდან მათ მიერ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში განთავსებული ფულადი თანხის ქურდობის მცდელობა დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით.

16. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ჯ-ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ხოლო გ. ი-ის - 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით კანონიერია და არ არის გამოკვეთილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები.

17. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-სა და მსჯავრდებულ გ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი