საქმე # 180100119003294854
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №704აპ-21 ქ. თბილისი
ჰ-ი ვ, 704აპ-21 28 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდებების არსი:
ვ. ჰ-ს ბრალად დაედო საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით და სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში, კერძოდ:
ვ. ჰ-მა რ-ის ფედერაციიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ (ფუძე). 2019 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 04:44 საათზე, საბაჟო - გამშვები პუნქტის „ყ-ის“ გავლით რ-ის ფედერაციიდან საქართველოში შემოვიდა ვ. ჰ, რომელიც მგზავრობდა „SETRA-ს” ფირმის სამგზავრო ავტობუსით, ს-ის სახელმწიფო ნომრით: ... .. .., სადაც მას ელექტრონულ მოწყობილობა ე.წ. „ჰოვერბორდში“ დამალული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის“ შემცველი ფხვნილი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის“ (ფუძე) წონა შეადგენდა 378,7215 გრამს.
ვ. ჰ-მა რუსეთის ფედერაციაში გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ (ფუძე), რაც უკანონოდ შემოიტანა და ინახავდა საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, 2019 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 05:00 საათზე, საბაჟო - გამშვები პუნქტის - „ყ-ის“ გავლით რ-ის ფედერაციიდან საქართველოში შემოვიდა ვ. ჰ, რომელიც მგზავრობდა „SETRA-ს“ ფირმის სამგზავრო ავტობუსით, ს-ის სახელმწიფო ნომრით: ... .. //, სადაც იგი უკანონოდ ინახავდა ელექტრონულ მოწყობილობა ე.წ. „ჰოვერბორდში“ დამალულ ნარკოტიკულ საშუალებას ,,კოკაინის“ შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის“ (ფუძე) წონა შეადგენს 378,7215 გრამს, რაც საბაჟო - გამშვები პუნქტის „ყ-ის“ მებაჟე ოფიცრებმა აღმოაჩინეს.
2019 წლის 12 ივლისს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოწმე ა. ხ-ის მოწმის სახით დაკითხვა (შსს ყაზბეგის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე), სადაც ბრალდებულის სახით დაკავებულმა ვ. ჰ-მა გამოხატა სასამართლოს უპატივცემულობა და მოწმე ა. ხ-ს პროცესის მსვლელობისას პოლიეთილენის ბოთლი ესროლა.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 მარტის განაჩენით:
ვ. ჰ, - დაბადებული .... წლის .. იანვარს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ვ. ჰ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 თვით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 26 ივნისიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის განაჩენით (ვაღარშაკ ჰოვსეფიანის მონაწილეობის გარეშე):
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია კიკალიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ვ. ჰ-ის დამნაშავედ ცნობა - საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის გამო.
4.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, ვ. ჰ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარემ ვ. ჰ-ის სისხლის სამართლის საქმეზე წარმოადგინა ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი, პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენა, მაგრამ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა ჯეროვნად არ დაასაბუთეს მიღებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის ეპიზოდს, ბრალდების მხარე იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. ჰ-ის საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გამტყუნების ნაწილში.
5. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
8. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეების - ს. ა-ის, ლ. მ-ის, ა. ხ-სა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით) არ დგინდება ვ. ჰ-ის უშუალო კავშირი 2019 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 04:44 საათზე, საბაჟო - გამშვები პუნქტის - „ყ-ის“ გავლით რ-ის ფედერაციიდან საქართველოში შემოსულ „SETRA-ს“ ფირმის სამგზავრო ავტობუსში მოთავსებულ ე.წ. „ჰოვერბორდში“ დამალულ ნარკოტიკულ საშუალებასთან.
9. ავტობუსის მძღოლებმა - ლ. მ-მა და ა. ხ-მა დაადასტურეს, რომ ე.წ. „ჰოვერბორდის“ ყუთი ავტობუსამდე მიიტანა მათი კომპანიის დისპეტჩერმა ს. ა-მა. თავად მოწმე ს. ა-მა სასამართლოს განუმარტა, რომ აღნიშნული ყუთის ოფისში მიღებიდან დაახლოებით 5 წუთში მასთან მივიდა ვ. ჰ, რომელმაც იმავე რეისზე, რითაც ამანათი იგზავნებოდა, შეიძინა ავტობუსის ბილეთი ქალაქ ე-ის მიმართულებით, რაც მოწმისათვის იყო უცნაური, ვინაიდან, ჩვეულებისამებრ, კლიენტები ოფისში არ მიდიან ბილეთების შესაძენად და ისინი ტელეფონის საშუალებით არკვევენ მგზავრობასთან დაკავშირებულ დეტალებს. საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ უტყუარად დადგენილი არ არის, იცნობდა თუ არა ვ. ჰ. იმ პირს, რომელმაც ქ. მ-ში კომპანია „ა-ის“ ოფისში მიიტანა „ჰოვერბორდის“ ყუთი, მასში მოთავსებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებით, ამასთან, თუ რა კავშირი ჰქონდა მასთან და მოქმედებდნენ თუ არა ისინი შეთანხმებულად. ხსენებულ ,,ჰოვერბორდსა“ და მასში მოთავსებულ ნივთიერებასთან ვ. ჰ-ის კავშირი არ დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი, ნივთიერი მტკიცებულებებით, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, არც „ჰოვერბორდსა“ და არც მასში მოთავსებულ ნივთიერებაზე ვ. ჰ-ის ბიოლოგიური მასალა არ აღმოჩენილა. საეჭვოა აგრეთვე ამოღებული ნივთიერების ავთენტიკურობა, მისი იდენტურობა იმ ნივთიერებასთან, რომელიც, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნარკოტიკულ საშუალებას შეიცავდა.
10. ამდენად, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მიმოხილული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. შესაბამისად, როდესაც საქმეში წარმოდგენილ მასალათა ნაწილი ჰბადებს მნიშვნელოვანი სახის კითხვებს და საეჭვოდ აქცევს პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, კონსტიტუციის ამავე მუხლის თანახმად, აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (ე.წ. ,,In dubio pro reo“ პრინციპი).
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142), რაც ამ შემთხვევაში საქმის მასალებით გამოკვეთილი არ არის.
12. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი