Facebook Twitter

საქმე # 120100119002821894

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №718აპ-21 ქ. თბილისი

კ-ი ე, 718აპ-21 28 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის თამარ ზურაბაშვილისა და მსჯავრდებულ ე. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ე. კ-ის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მას ბრალი დაედო თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენაში გამოყენების მიზნით და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საკადასტრო ნახაზის ეპიზოდი); ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენაში გამოყენების მიზნით და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ცნობის ეპიზოდი). მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

ე. კ-მა იცოდა, რომ მიწის რეფორმის შედეგად ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში მდებარე ტბაში არსებული კუნძული მას არ ეკუთვნოდა, მართლზომიერ მფლობელობაში არ გააჩნდა. მიუხედავად ამისა, 2012 წლის დეკემბერში ე. კ-მა განიზრახა მართლსაწინააღმდეგოდ, მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ უძრავ ქონებას, კერძოდ, ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში მდებარე ტბაში არსებულ 1807 კვ.მ.-ის კუნძულს, რომლის საკუთრებად დასარეგისტრირებლადაც მან ს. გ-სა და ჰ-ს თ-ის დახმარებით შეაგროვა საჯარო რეესტრში წარსადგენი ყალბი დოკუმენტაცია, მათ შორის - ე. კ-ის მითითებით ი/მ „ლ. გ-სა“ და ს. გ-ის მიერ დამზადდა 2012 წლის 4 დეკემბრით დათარიღებული ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომ თითქოს ნ-ის მუნიციპალიტეტში მდებარე საღამოს ტბაში არსებული კუნძული წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომლის მოსაზღვრედ სამ მხარეს მითითებულია ტბა, ხოლო სამხრეთის მხარეს - გზა. სინამდვილეში, მიწის ნაკვეთი ოთხივე მხრიდან შემოსაზღვრულია ტბით (წარმოადგენს კუნძულს) და არასოდეს ყოფილა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ე. კ-მა 2012 წლის დეკემბერში ა-ნ-ის რეგიონული არქივიდან აიღო სოფელ ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ის ოჯახების სია, რომლის თანახმად, ...-ე ნომრად მითითებულ ე. კ-ს გამოეყო სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 0,65ჰა მიწის ნაკვეთი. ამავდროულად, მანვე ნ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობის გ-ის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოდან მოიპოვა 2012 წლის 19 დეკემბრით დათარიღებული N... ცნობა, რომ თითქოს, ე. კ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი მას ნამდვილად გამოეყო მიწის რეფორმის დროს (1997-1999 წწ.) საკადასტრო აზომვით ნახაზზე მონიშნულ ადგილას წარმოდგენილი კონფიგურაციით (სასოფლო-სამეურნეო, სახნავი). აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ე. კ-მა მოატყუა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები და დაარწმუნა ისინი, რომ მითითებულ დოკუმენტაციაში ასახული უძრავი ქონება თითქოს, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი იყო. 2012 წლის 10 დეკემბერს და დამატებით, 2012 წლის 19 დეკემბერს წარდგენილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, 2012 წლის 19 დეკემბერს ე. კ-მა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, საკუთრებაში დაირეგისტრირა სახელმწიფოს კუთვნილი, 2514 ლარად ღირებული, 1807 კვ.მ ფართობის ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოში მდებარე ტბაში არსებული კუნძული (საკადასტრო კოდი .. ... ... . ...).

ამდენად, ე. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 2514 ლარის ქონებრივი ზიანი.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენით:

ე. კ, - დაბადებული .... წლის .. ივლისს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საკადასტრო აზომვითი ნახაზის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

ე. კ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცნობის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

ე. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი (საკადასტრო ნახაზის ეპიზოდი);

ე. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი (ცნობის ეპიზოდი);

ე. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 15 000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ე. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 15000 ლარი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა მოითხოვა ე. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საკადასტრო აზომვითი ნახაზის ეპიზოდი), სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ცნობის ეპიზოდი) და სსკ-ის 180 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და კანონიერი, სამართლიანი და უფრო მკაცრი სასჯელის მისჯა.

4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, ხოლო დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ყალბი დოკუმენტებით ე. კ-მა მოახერხა სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი და სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკუთარ სახელზე დარეგისტრირება. ე. კ-ის თაღლითობამ, ისევე როგორც ყალბი დოკუმენტების შეძენა-გამოყენებამ, მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ორი ფაქტი ერთმანეთთან გადაჯაჭვულია და ჯამურად სახელმწიფოს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. გასათვალისწინებელია, რომ ე. კ. გამოძიებასა და სასამართლოში არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს. მიწის ნაკვეთის საკუთრებად რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული კუნძული მან ვ. წ-ს მიჰყიდა. ე. კ-ს სამი დამოუკიდებელი დანაშაული აქვს ჩადენილი.

5. კასატორმა - მსჯავრდებულ ე. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ა-მა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღება.

5.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ე. კ. დაახლოებით 30 წელია ფაქტობრივად ფლობდა და სარგებლობდა სადავო ტერიტორიით. აღნიშნული დასტურდება თავად მსჯავრდებულისა და მოწმეების - ს. ი-სა და მ. ე-ის ჩვენებებით. ე. კ-მა საჯარო რეესტრს მიწის რეგისტრაციის მიზნით მიმართა და ს. გ-ის მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარადგინა. საჯარო რეესტრმა მას დამატებით მოსთხოვა ცნობა ნ-ის მუნიციპალიტეტიდან დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის იდენტურობაზე. აღნიშნული ცნობა ნ-ის მუნიციპალიტეტის განძის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულმა ჰ. თ-მა გასცა, რომლის საჯარო რეესტრში წარდგენის შემდეგ, ე. კ-მა მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულს ჰ. თ-სთვის არ მიუთითებია ცნობის შინაარსის შესახებ. ამასთან, ორივე დოკუმენტი შედგენილია ქართულ ენაზე, მაშინ, როდესაც მსჯავრდებული საერთოდ არ ფლობს ამ ენას.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

8. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ,“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. ამავდროულად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61).

9. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ცნობისა და საკადასტრო ნახაზის ეპიზოდები) და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდება:

საკასაციო საჩივრების თანახმად, დაცვის მხარე ითხოვს ე. კ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო პროკურორი - ე. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილ ორ, ცნობისა და საკადასტრო ნახაზის ეპიზოდებში.

საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდებისა და დაცვის მხარეთა საკასაციო საჩივრების ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმე ნ. გ-მა განაცხადა, რომ მუშაობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისში რეგისტრატორად. 2012 წლის 10 დეკემბერს ე. კ-მა მიმართა მათ განცხადებით - სოფელ ს-ში მდებარე 1807 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო-სახნავი დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე. ე. კ-მა წარადგინა საკადასტრო-აზომვითი ნახაზის, როგორც ქაღალდის, ისე ელექტრონული ვერსია და მიწის განაწილების სია. დოკუმენტების შესწავლისას, ნაკვეთის კონფიგურაციისა და წარმოდგენილ საკადასტრო-აზომვით ნახაზზე მითითებული მოსაზღვრე მიწის ნაკვეთებიდან გამომდინარე არსებული ეჭვის საფუძველზე, ვინაიდან ნაკვეთს ყველა მხრიდან ესაზღვრებოდა ტბა, ხოლო მხოლოდ ერთი მხრიდან ესაზღვრებოდა გზა, მან შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება. ე. კ-ს დაევალა 30 დღეში, დამატებით წარმოედგინა ნ-ის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ნამდვილად მიწის რეფორმის დროს იყო გამოყოფილი, ნახაზზე წარმოდგენილ ადგილსა და წარმოდგენილი კონფიგურაციით. დათქმულ ვადაში მან მოთხოვნილი ცნობა წარმოადგინა, რის საფუძველზეც, საბოლოოდ ე. კ-ს საკუთრებაში დაურეგისტრირდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელსაც მიენიჭა სახნავი კატეგორია. მოწმის განმარტებით, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის სისწორესა და კანონიერებაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.

აღსანიშნავია, რომ მოწმე ნ. გ-ის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია შესაბამისი წერილობითი დოკუმენტაციით, მათ შორის - სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილებითა და საჯარო რეესტრის ამონაწერით.

ფაქტი, რომ ს-ოს ტბაში მდებარე კუნძულს გზა არ ესაზღვრება, დადასტურებულია კუნძულისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების ოქმებით, რომელთა თანახმადაც, კუნძულს, რომელიც საღამოს ტბაშია, ოთხივე მხრიდან წყალი აკრავს და მას სანაპიროსთან ხმელეთი არ გააჩნია. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ჰ. ს-მა განაცხადა, რომ იგი მუშაობდა სოფელ გ-ის თემის რწმუნებულად 2010 წლიდან 2011 წლის მაისამდე და 2015 წლიდან დღემდე არის ნ-ის მერის წარმომადგენელი გ-ის თემში, რომლის შემადგენლობაშიც შედის სოფლები: გ. და ს. ძალიან მშრალი ამინდების დროს, ძირითადად ზაფხულსა და შემოდგომაზე, ტბაში წყლის დონე კლებულობს, რაც კუნძულზე ფეხით გადასვლის საშუალებას იძლევა, თუმცა ფეხით გადასასვლელი ადგილი სრულად არ შრება. ეს დამოკიდებულია წლის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობაზე.

ამასთან, 2019 წლის 10 იანვრის საინჟინრო ექსპერტიზის N....... დასკვნის თანახმად, ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში მდებარე ტბაში ს.კ. .. ... ... . ... რეგისტრირებული 1807 კვ.მ მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ. მ-მა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენელმა მ. ბ-ემ განაცხადა, რომ მუშაობს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრში სპეციალისტად. სოფელი ს-ოს ტბა სახელმწიფოს საკუთრებაა და მასში არსებული კუნძული, არათუ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ჩამოყალიბებამდე - 2012 წლამდე, არამედ არც მიწის რეფორმის დროს და არც მას შემდეგ, არავის გადასცემია საკუთრებაში როგორც სახნავი დანიშნულების მიწა. კერძო პირის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის, საღამოს ტბაში არსებული კუნძულის საკუთრებაში დარეგისტრირების შედეგად, სახელმწიფოს 2514 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა.

მოწმე მ. ბ-ის ჩვენება შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებსაც, კერძოდ, 1992-1997 წლებში მიწის რეფორმის დროს, ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ის თემის მიწის განაწილების კომისიის წევრებმა: ს. მ-მა, ვ. ღ-მა, ჰ. ქ-მა და მ. მ-მა მოწმედ დაკითხვის დროს ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რომ გ-ის თემში შედიოდა სოფლები: გ. და ს. მიწის რეფორმის დროს კომისიამ მოსახლეობაზე გაანაწილა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. მოსახლეობაზე ს-ოს ტბის გარშემო მდებარე მიწა და ტბაში მდებარე კუნძული არ განაწილებულა. მოწმე ს. მ-მა აგრეთვე მიუთითა, რომ მიწების განაწილების დროს სიაში ეწერა ბრალდებული ე. კ. და მასაც კანონით დადგენილი წესით გადაეცა მიწის ნაკვეთი, მაგრამ მოწმემ არ იცის, თუ კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზე გადაეცა მას ეს მიწის ნაკვეთი.

საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ინფორმაციით: საგადასახადო სიაში ...-ე ნომრად მითითებულ ე. კ-ს გამოეყო: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 0,65ჰა მიწის ნაკვეთი. სათიბი-დანიშნულების 0,30 ჰა მიწის ნაკვეთი.

საჯარო რეესტრის შესაბამისი ამონაწერებითა და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით დადასტურებულია, რომ ს-ოს ტბაში არსებული კუნძულის საკუთარ სახელზე დარეგისტრირებიდან მცირე პერიოდში ე. კ-მა აღნიშნული ქონება გაასხვისა ვ. წ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ. წ-მა მიუთითა, რომ დღეის მდგომარეობით იგი თავად არის ს-ოს ტბაში არსებული კუნძულის მესაკუთრე, რომელიც კანონიერად, დოკუმენტების საფუძველზე შეიძინა ე. კ-სგან. მან არ იცის, ე. კ-მა საიდან მიიღო ეს მიწის ნაკვეთი.

მოწმეების - მ. ე-სა და ს. ი-ის ჩვენებები, რომლებშიც ისინი უთითებენ, რომ ე. კ. კუნძულს უვლიდა, ვერ გახდება მისი გამართლების საფუძველი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ე. კ-მა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით (ცნობა და საკადასტრო ნახაზი), მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, საკუთრებაში დაირეგისტრირა სახელმწიფოს კუთვნილი, 2514 ლარად ღირებული, 1807 კვ.მ ფართობის ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში მდებარე ტბაში არსებული კუნძული (საკადასტრო კოდი .. ... ... . ...) და მის მიერ ჩადენილი ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 2514 ლარის ქონებრივი ზიანი.

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმ ფაქტზე, რომ სომხური ენის მცოდნე პირისათვის უცნობი იყო საჯარო რეესტრში წარდგენილ, ქართულ ენაზე შედგენილ დოკუმენტთა შინაარსი, აღნიშნულზე საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს არგუმენტს და უთითებს, რომ წარმოდგენილი მასალების თანახმად, ე. კ-მა იცოდა, რომ მიწის რეფორმის შედეგად ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში მდებარე ტბაში არსებული კუნძული მასზე არ განაწილებულა და მისი დარეგისტრირების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ე. კ-მა ყალბი დოკუმენტების შეძენისა და გამოყენების გზით მოახერხა საკუთრებად დაერეგისტრირებინა სახელწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი, მაგრამ ბრალდების მხარე ერთმანეთისაგან არ მიჯნავს იმ ფაქტს, რომ ე. კ-მა ჩაიდინა დამოუკიდებელი დანაშაულებრივი ქმედებები - ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შეძენა, გამოყენების მიზნით/გამოყენება (ორ ეპიზოდად) და თაღლითობა. ცალსახაა, რომ ე. კ-ის მიერ ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და ცნობის შეძენით/გამოყენების მიზნით და შემდეგ მათი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენით დასრულდა მის მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენა და ამ ქმედებების განხორციელებით მნიშვნელოვანი ზიანი არ დამდგარა (ე.ი. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჯერ კიდევ არ იყო გამოკვეთილი). სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ე. კ-ის მიერ თაღლითობის ჩადენამ, რომლის დროსაც მან მოახერხა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შეიყვანა შეცდომაში და შედეგად სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონება თავის სახელზე დაირეგისტრირა (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში ბრალდებისა და დაცვის მხარეთა საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო.

10. სასჯელის სამართლიანობა:

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილი უთითებს, რომ ,,განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.“ ამასთან, საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, თანაბრად ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს, ე. კ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ე. კ-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. საკასაციო პალატა არ ეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ ვინაიდან ე. კ. თავს დამნაშავედ არ ცნობს, სასამართლომ აღნიშნული გარემოება სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა მიიღოს. პალატა აღნიშნავს, რომ დანაშაულის აღიარება ე. კ-ის უფლებას წარმოადგენს, რის გამოც დაუშვებელია, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად შეფასდეს. ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს მოვალეობათა დარღვევის ზომას, სახელმწიფოსათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობას (2514 ლარით, რაც დადასტურებულია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით), დანაშაულთა ერთობლიობის ფაქტს, მსჯავრდებულის ასაკს (არის 70 წლის) და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ე. კ-სათვის დანიშნული საბოლოო სასჯელის სახე და ზომა ჯარიმა - 15 000 ლარი, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის პროპორციულია. ამასთან, ბრალდების მხარეს საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია სხვა, ახალი სახის გარემოებაზე, რაც შესაძლოა, სასჯელის დამძიმების საფუძველი გამხდარიყო.

11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - თამარ ზურაბაშვილისა და მსჯავრდებულ ე. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი