Facebook Twitter

საქმე # 130100121004655629

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №856აპ-21 ქ. თბილისი

მ-ე ა, 856აპ-21 28 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აგვისტოს განაჩენზე ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. მ-ემ ჩაიდინა ბინის მფლობელის ნების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, კერძოდ: 2015 წლის 4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ოქმის საფუძველზე, მოქალაქე ნ. ც-ს ჩააბარეს მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქ ხ-ში, ე. გ-ის ქუჩის №..-ში. აღნიშნული ქონების ყოფილი მფლობელი ა. მ, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, 2016 წელს კვლავ შევიდა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ ფართში, რის გამოც მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრი დაედო ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის განაჩენით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ა. მ. არ გამოვიდა ნ. ც-ის საცხოვრებელი სახლიდან და განაგრძო მასში ცხოვრება, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, რითაც დაარღვია მფლობელობის ხელშეუხებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განაჩენით ა. მ, - დაბადებული .... წლის .. ივლისს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ა. მ-ეს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აგვისტოს განაჩენით ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - პროკურორმა ბაჩანა ქარქუზაშვილმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ა. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, გაუგებარია, თუ რატომ მსჯელობს სასამართლო უკანონოდ ,,შეჭრაზე,“ მაშინ, როდესაც ა. მ-ეს ბრალი წარდგენილი აქვს მფლობელობის ,,სხვაგვარად“ დარღვევის გამო. სასამართლომ აგრეთვე არ გაიზიარა და არ შეაფასა ის მნიშვნელოვანი სახის ზარალი, რაც ა. მ-ის ქმედებამ გამოიწვია.

5. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

8. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის განაჩენით ა. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დაენიშნა სასჯელი. აღნიშნული განაჩენის მიხედვით, ქონების (ქ. ხ-ში, ე. გ-ის ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის) ყოფილი მფლობელი ა. მ. 2016 წლის თებერვლიდან ნ. ც-ის კუთვნილ ბინაში მისი ნების საწინააღმდეგოდ შევიდა, რითაც დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.

9. 2021 წლის 18 თებერვალს ნ. ც-მა შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონულ სამმართველოში შეიტანა განცხადება, რომლის თანახმადაც, მიუხედავად მისი არაერთგზისი გაფრთხილებისა, ა. მ. მისი ბინიდან (იგულისხმება ზემოხსენებული საცხოვრებელი სახლი) არ გამოვიდა. 2021 წლის 20 აპრილს ა. მ-ეს ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რომლის თანახმადაც, მიუხედავად ა. მ-ის ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის განაჩენით გამტყუნებისა, იგი ნ. ც-ის საცხოვრებელი სახლიდან არ გამოვიდა და მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ განაგრძო ცხოვრება (ბინის მფლობელის ნების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,).

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული სიტყვები - ,,არ გამოვიდა“ და ,,განაგრძო ცხოვრება“ გულისხმობს დანაშაულებრივი ქმედების უწყვეტად ჩადენას. შესაბამისად, წარმოდგენილ მტკიცებულებზე დაყრდნობით, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს ა. მ-ის მიერ ნ. ც-ის საცხოვრებელ ბინაში ცხოვრების უწყვეტად განგრძობის ფაქტი, ხოლო შემდეგ კი მოცემული ქმედების საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის დისპოზიციაში მოქცევის შესაძლებლობა.

11. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლი კრძალავს ბინისა და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას, რაც გულისხმობს მესაკუთრის მკაფიოდ გამოხატული ნების საწინააღმდეგოდ ბინაში ან სხვა მფლობელობაში უკანონო შესვლას, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. უკანონო შესვლად ითვლება სხვა პირის ბინასა და სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ყოფნა, როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ შევიდეს ბინაში თუ სხვა მფლობელობაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს N8აპ-20 გადაწყვეტილება).

12. ამასთან, საქართველოს სსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, დენადი დანაშაულის ჩადენა იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. კანონმდებელი დენადი დანაშაულის დასრულებას უკავშირებს უშუალოდ ქმედების შეწყვეტის მომენტს. მაშასადამე, დანაშაულის განუწყვეტლად მიმდინარეობა დენადი დანაშაულის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია.

13. ბრალდებულის მიერ დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში უწვეტად ცხოვრების შეფასების ნაწილში საკასაციო სასამართლო ეყრდნობა თავად ა. მ-სა და ნ. ც-ის უდავოდ ცნობილ გამოკითხვის ოქმებს, კერძოდ:

14.1. ა. მ-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი 2017 წლის 1 ივნისს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გაასამართლა. ამჟამადაც, ვინაიდან წასავლელი არ აქვს, ცხოვრობს მითითებულ მისამართზე (მისი ოჯახის ყოფილ საცხოვრებელ სახლში), მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ამ ბინაში ცხოვრობს ნ. ც-ის თანხმობით, კერძოდ, 2017-2018 წლებში, მისი პასუხისგებაში მიცემის შემდეგ, ნ. ც-ს შეუთანხმდა, რომ თანხას ნაწილ-ნაწილ დაუბრუნებდა, ხოლო მას უნდა დაებრუნებინა მისი ყოფილი სახლი, რაზეც იგი დასთანხმდა. ნ. ც-მა მოსთხოვა ჯერ 8000 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ თანხა გაუზარდა 10 000 აშშ დოლარამდე, შემდეგ, 13 500 აშშ დოლარამდე, თან უთხრა, რომ თუ აღნიშნულ თანხას გადაუხდიდა, თანახმა იყო, ეცხოვრა მის სახლში. აღნიშნული შეთანხმებიდან რამდენიმე დღეში მან ნ. ც-ს დაურეკა და უთხრა, რომ ჰქონდა 500 აშშ დოლარი და ჩაურიცხავდა ანგარიშზე, რაზეც მან უთხრა, რომ რაღაცები შეიცვალა და მოგვიანებით დაურეკავდა. მას მერე კონტაქტი აღარ დაუმყარებია. დაახლოებით სამი თვის უკან, ნ. ც-მა დაურეკა მას და უთხრა, რომ თანახმა იყო თანხა 13 500 აშშ დოლარი, ნაწილ-ნაწილ, 500 აშშ დოლარით დაეფარა, შემდეგ კი ბინას გადაუფორმებდა. აღნიშნული საუბრიდან 2 საათში კვლავ დაურეკა ნ. ც-მა და უთხრა, რომ ბენზინი მოჰქონდა და იმ სახლში უნდა გამოეწვა, თუმცა მას ეს მუქარა რეალურად არ აღუქვამს და არც შეურაცხყოფა მიუყენებია. ა. მ-ემ გამოკითხვისას განაცხადა, რომ ნ. ც-ს მისთვის არასოდეს მოუთხოვია ბინის დაცლა და გაურკვეველია, რატომ შეიტანა განცხადება პოლიციაში, როდესაც მათ შორის მოლაპარაკება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

14.2. დაზარალებულ ნ. ც-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ა. მ. 2017 წლის თებერვალში გამოასახლეს მისი კუთვნილი სახლიდან და მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბინაში უკანონო შესვლის ფაქტზე. მიუხედავად აღნიშნულისა, იგი კვლავ შეიჭრა მის ბინაში და განაგრძობს იქ ცხოვრებას თავის ოჯახთან ერთად, მისი ნების საწინააღმდეგოდ.

15. მართალია, ნ. ც. გამოკითხვის ოქმში უთითებს ,,კვლავ შეჭრაზე,“ მაგრამ მოცემული გარემოება არ არის დადასტურებული არცერთი სხვა მტკიცებულებით. აღნიშნულზე არ არის მითითებული თავად ბრალდების შესახებ დადგენილებაშიც. პირიქით, მისი ფაბულის მიხედვით, ა. მ-ემ ,,განაგრძო ცხოვრება“ (და არა - კვლავ შეიჭრა). ა. მ-ის გამოკითხვის ოქმში განხილულია 2017 წელში მისი გასამართლების ფაქტი, ხოლო ამის შემდეგ კი მოწმე აღნიშნავს, რომ ვინაიდან წასავლელი არსად აქვს, მითითებულ მისამართზე, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, საქმის მასალების თანახმად, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის განაჩენის გამოტანის შემდეგ, ა. მ-ის მიერ ქალაქ ხ-ში, ე. გ-ის ქუჩის №..-ში მდებარე ნ. ც-ის კუთვნილი ბინიდან გამოსვლისა და მასში კვლავ შესვლის ფაქტი დადასტურებული არ არის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ გამორიცხულა, რომ ა. მ-ის მიერ ბინაში თავდაპირველად შესვლის შემდეგ, საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის ობიექტური მხარე კონკრეტულ პერიოდში შეწყდა.

16. ზემოაღნიშნულ პირობებში იკვეთება, რომ ა. მ-ეს ბრალი წარედგინა, იმ ქმედებისათვის, რომელიც კომპეტენტურმა ორგანომ ერთხელ უკვე შეაფასა როგორც დანაშაული. ის, რომ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლს, მისი შინაარსიდან გამომდინარე, დენადი ბუნება გააჩნია, გაუმართლებელია მის დასრულებამდე (ესე იგი ქმედების შეწყვეტამდე) პირის რამდენჯერმე გასამართლებას იწვევდეს. აგრეთვე დაუსაბუთებელია მისი ,,სხვა ქმედებაში“ მოქცევის ფაქტიც, ვინაიდან დენადი დანაშაულის ჩადენის დროს ობიექტური მხარე ხასიათდება უწყვეტობით და მოცემული საქმის პირობებში რამ გამოიწვია ა. მ-ის ქმედების ცალკე, დამოუკიდებლად შეფასება, ბრალდების მხარეს სათანადოდ არ დაუსაბუთებია.

17. საკასაციო პალატა უთითებს, რომ დენადი დანაშაულის დასჯადობა დაკავშირებულია არა ქმედების დღეებით ან წუთებით შეფასებასთან (ხანგრძლივობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სასჯელზე), არამედ - ქმედების დაწყებისა და შეწყვეტის დროის ზუსტად განსაზღვრასა და მათ შორის არსებული პერიოდის შესაძლო წყვეტის გამორიცხვასთან. მოცემულ საქმეში კი ფაქტი, რომ ქმედება, რომლის ჩადენის გამოც, ა. მ. დამნაშავედ იქნა ცნობილი, შეწყდა და შემდეგ კვლავ დაიწყო, ან მოექცა სხვა დანაშაულის ნიშნების ფარგლებში, დადასტურებული არ არის.

18. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი. რაც შეეხება დაზარალებულს, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის განაჩენის საფუძველზე მას უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, იდავოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი