საქმე # 010100120003418639
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №842აპ-21 ქ. თბილისი
ი-ი ჩ, 842აპ-21 2 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ჩ. ი-ს, - დაბადებულს .... წლის .. აპრილს, - ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2019 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 1800 საათზე, ქ.ბ-ში, შ. ხ-ის ქუჩა N..ა, ბინა N....-ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩ. ი-მა ხელების მკლავებზე მოჭერით თავისი ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, წინასწარი შეცნობით ორსულ ქალს - ს. უ-ას, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის განაჩენით:
2.1. ჩ. ი. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. ჩ. ი-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
2.3. გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განაჩენის გაუქმება, ჩ. ი-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის შეფარდება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩ. ი-ს მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი.
7. დაზარალებულ ს. უ-ს მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების თანახმად, რომელიც სასამართლო განხილვისას სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოქვეყნდა, 2019 წლის 19 ოქტომბერს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მოთხოვნაზე უარის თქმით გაღიზიანებულმა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ - ჩ. ი-მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მიმართა უცენზურო სიტყვებით და ,,ორივე ხელით ძლიერად მოქაჩა მარცხენა მკლავის არეში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება სისხლნაჟღენთების სახით“.
8. 2019 წლის 27 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში შესული ზეპირი შეტყობინების N...... თანახმად, ყ-ს მოქალაქე ორსულმა ქალბატონმა ს. უ-მ განაცხადა 2019 წლის 19 ოქტომბერს, ქ. ბ-ში, შ. ხ-ს ქუჩა N.., ბინა N....-ში, მისი მეუღლის - ჩინეთის მოქალაქე ი. ჩ-ს მიერ მის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შესახებ, რისი კვალი ამჟამადაც ეტყობა.
9. 2019 წლის 27 ოქტომბერს შედგენილი, დაზარალებულ ს. უ-ს სხეულის დათვალიერების ოქმის თანახმად, უ-ს მარცხენა მკლავის არეში ვიზუალურად აღენიშნება სისხლნაჟღენთები, სიწითლე და ჩალურჯება. ოქმს ერთვის ფოტომასალა, რომელზეც ჩანს მკლავზე არსებული მუქი ლაქები.
10. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2019 წლის 26 ნოემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნის თანახმად, 2019 წლის 28 ოქტომბრის (10:55 სთ.) პირადი შემოწმების მონაცემების შესაბამისად, ს. უ-ს აღენიშნებოდა ნაწიბურები მარცხენა იდაყვისა და სხივ-მაჯის სახსხრის წინა ზედაპირებზე, რაც ერთობლივად და ცალ-ცალკე მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანების მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - პროკურორ ოლღა მერებაშვილის მიერ საკასაციო საჩივარში საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლთან მიმართებით გამოთქმულ პოზიციას და დაზარალებულის ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს შემდეგს: საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი (როდესაც თავად დაზარალებული სასამართლოში არ დაკითხულა). სასამართლო პროცესზე უშუალოდ მხარეთა მონაწილეობით არ გამოკვლეულა დაზარალებულ ს. უ-ს ჩვენება. მან მომხდარი ფაქტიდან მალევე დატოვა საქართველო, რის გამოც სასამართლო განხილვისას გამოქვეყნდა გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემული ჩვენება.
12. პროკურორი ოლღა მერებაშვილი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან; ყველა მოცემულ საქმეში დაზარალებულმა სასამართლოში საქმის განხილვისას ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ბრალდებულის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. განსახილველ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ დაზარალებული საერთოდ ვერ წარმოადგინა სასამართლოში და ამასთან, საქმის არსებითი განხილვის დროს დაცვის მხარეს არ მიეცა მისი დაკითხვის შესაძლებლობა.
13. რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლების - თ. კ-სა და ფ. ნ-ს ჩვენებებს, ისინი არ არიან ფაქტის უშუალოდ შემსწრე და თვითმხილველი პირები და სხვა პირის - ს. უ-ას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გადმოსცემენ. შესაბამისად, ამ მოწმეთა ჩვენებები ირიბია და გამამტყუნებელ განაჩენის საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
14. სახელმწიფო ბრალმდებელი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში აპელირებს ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნაში ასახული გარემოებები ვერ პასუხობს მტკიცებულების უტყუარობის სტანდარტს. დაზარალებულ ს. უ-ას ჩვენებისა და მისი სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა მარცხენა მკლავის არეში ხელით ,,ძლიერი მოქაჩვის“ შედეგად. დათვალიერების ოქმზე დართულ ფოტოებში ჩანს მითითებულ ადგილას მომრგვალო ფორმის ფერშეცვლილი ლაქები (რომლებიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს თითების კვალს). ამდენად, გაურკვეველია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ინფორმაცია მარცხენა იდაყვისა და სხივ-მაჯის სახსხრის წინა ზედაპირებზე ნაწიბურების არსებობის თაობაზე, რამაც მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
14.1. სასამართლო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ს. უ-ს მკლავზე არსებული დაზიანებების მსგავსს და, არაერთ შემთხვევაში, უფრო რთულ დაზიანებასაც კი (მაგალითად დანით მიყენებულს) არ გამოუწვევია ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება, რაც მის ხანმოკლე მოშლასთან იქნებოდა დაკავშირებული.
14.2. საკასაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც სასამართლოს შეფასებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის უტყუარობას ეჭვქვეშ აყენებს, არის ნაწიბურების არსებობა დაზარალებულის მარცხენა მკლავზე. სამედიცინო ლიტერატურაში მითითებული განმარტების თანახმად, ნაწიბური არის ჭრილობის მორჩენის შედეგად სხეულზე დარჩენილი ზოლი, კვალი. დაზარალებულ ს. უ-ს არ მიუღია ჭრილობები მკლავის არეში, მხოლოდ ხელით მოქაჩეს, შესაბამისად, ჭრილობის მორჩენის შედეგად ნაწიბურიც ვერ დარჩებოდა. საგულისხმოა, რომ დასკვნაში არის სხვა უზუსტოებებიც (შეცდომითაა შესამოწმებელი პირის გვარი, ასევე შემთხვევის თარიღი), რომლებთან დაკავშირებითაც ექსპერტის გამოკითხვა გახდა საჭირო. გამოკითხვის ოქმის თანახმად, ეს მხოლოდ ტექნიკური შეცდომებია, თუმცა, თუნდაც ამ შეცდომების ტექნიკური ხასიათი, თავის მხრივ, არ გამორიცხავს დოკუმენტში ასახულ დასკვნებთან დაკავშირებით შესაძლო უზუსტობებსაც.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ჩ. ი-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არც გამოძიების პროცესში და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
17. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი