Facebook Twitter

საქმე # 020100119003112596

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №851აპ-21 ქ. თბილისი

ტ-ა ე, 851აპ-21 2 მარტი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დიმიტრი ხვიტიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ე. ტ-ას, - დაბადებულს .... წლის .. თებერვალს, - ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჯგუფურად, ხოლო დ. ტ-ას, - დაბადებულს .... წლის .. ოქტომბერს, - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჯგუფურად; ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

· ე. ტ-ას, რომელიც 2007 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ. ნ-სთან, დაახლოებით ერთი წლის წინ ურთიერთობა დაეძაბა მეუღლესთან, როდესაც მან შეიტყო ქმრის ღალატის შესახებ. ბოლო ორი თვის განმავლობაში იგი გახდა განსაკუთრებულად აგრესიული და უცენზურო სიტყვების გამოყენებით სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს, რაც მ. ნ-ას აყენებდა მორალურ ტრავმას და იწვევდა მის ტანჯვას. 2019 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 18 საათზე, ქალაქ ზ-ში, ბ-ის ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ცოლ-ქმარს შორის, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის - მ. ტ-ას თანდასწრებით, წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი, რაც გადაიზარდა ფიზიკურ შეურაცხყოფაში. კერძოდ, ე. ტ. გააღიზიანა მეუღლის სურვილმა, მეორე დღეს მათ საკუთრებაში არსებული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით წასულიყო ხ-ს მუნიციპალიტეტში და მოენახულებინა იქ მცხოვრები მშობლები. მან არასრულწლოვანი შვილის - მ. ტ-ას თანდასწრებით, მ. ნ-ას დაუწყო დედის გინება, შემდეგ ჰკრა ხელი და მიანარცხა საძინებელ ოთახში განთავსებული კარადის კარზე, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

· 2019 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 14-15 საათზე, მ. ნ-ას, მისაღებ ოთახში შესვლისთანავე, კართან დახვდა დედამთილი დ. ტ, რომელმაც სახეში გაარტყა გაშლილი ხელი და ყვირილით გამოხატა აგრესია რძლის სახლში დაბრუნების გამო. მ. ნ-ამ განიცადა ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

· 2019 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 12 საათზე, ე. ტ. წინა დღით მეუღლესთან მომხდარი კონფლიქტის თაობაზე ესაუბრებოდა გ-ის რაიონის სოფელ ს-დან სტუმრად მოსულ დედას - დ. ტ-ას. ცოლის თხოვნამ, არ მოეყოლა დედისათვის აღნიშნული ფაქტის შესახებ, კვლავ გამოიწვია ე. ტ-ას აგრესია. მან მ. ნ-ას არასრულწლოვანი შვილის - მ. ტ-ას თანდასწრებით შეაგინა და გაარტყა ხელი კეფის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. როდესაც დაზარალებულმა მოისურვა გარეთ გასვლა, დედამთილმა დ. ტ-ამ არასრულწლოვანი შვილიშვილის - მ. ტ-ას თანდასწრებით მას უკნიდან თმაში ჩაავლო ხელი, მოქაჩა, შემოაბრუნა და კართან მიიმწყვდია, ურტყამდა ხელს სახისა და ტანის არეში, მიანარცხა კედელს და წაუჭირა ყელში ხელი. აღნიშნული ქმედებით მ. ნ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განაჩენით:

2.1. დ. ტ. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.2. გაუქმდა დ. ტ-ის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას (მდებარე ქ. ს-ში, ს-ის ქ., მე-.. ჩიხი, N..-ში, (საკადასტრო კოდით ...) უნდა მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.

2.3. ე. ტ. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.4. ე. ტ-ის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 5000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

2.5. გამართლებულებს - დ. ტ-სა და ე. ტ-ას განემარტათ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენის გაუქმება, ე. ტ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ხოლო დ. ტ-ს - სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას განაჩენის უკანონობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ე. ტ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ხოლო დ. ტ-ს მიერ - სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

7. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo-ს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

8. მოწმე ი. ბ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებული მ. ნ. იყო ატირებული, აღელვებული, აფორიაქებული; მან თქვა, რომ ბრალდებულებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მეუღლემ კეფაზე დაარტყა, დედამთილი თმაში სწვდა და ტანზე დაარტყა რამდენჯერმე; წინა დღესაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ხელი მოუჭირა მეუღლემ და კარადას მიანარცხა, რა დროსაც ყური იტკინა. მარჯვენა ხელის მტევანსა და ქვედა კიდურებს იტკიებდა. ბრალდებულები შეწუხებულები იყვნენ, რომ პოლიცია გამოიძახა დაზარალებულმა, ,,რაში იყო საჭირო, ოჯახში მოვაგვარებდითო“.

9. იგივე ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა მოწმე ლ. თ-მ.

10. მოწმე დ. ქ-ს ჩვენებით დგინდება, რომ დაზარალებული იყო აღელვებული, ტიროდა. სახლში იყო დ. ტ. ცოტა ხანში მოვიდა ე. ტ-ც. დაზარალებულმა თქვა, რომ მეუღლემ და დედამთილმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც საღამოსაც გამეორდა. 2019 წლის 19 ივლისსაც იგივე მოხდა, რასაც ესწრებოდა მცირეწლოვანი ბავშვი. დაზარალებულს მარჯვენა ხელზე ეტყობოდა დაჟეჟილობა და ფეხზე უკანა მხარეს - დაზიანება. დაზარალებული ამბობდა, რომ დაზიანება მიაყენა მეუღლემ, ხოლო დედამთილმა თმა მოქაჩა.

11. მოწმე მ. ბ-ას ჩვენების თანახმად, ქალს დაზიანებები აღენიშნებოდა და ამბობდა, რომ მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულებმა - ე. ტ-ამ და დ. ტ-ამ, დაზარალებულმა - მ. ნ-ამ და არასრულწლოვანმა მოწმემ - მ. ტ-ამ ისარგებლეს საქართვლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით (არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, ხოლო რაც შეეხება მოწმეების - ლ. თ-ას, დ. ქ-ას, ი. ბ-სა და მ. ბ-ას ჩვენებებს, მათ აღწერეს და დაადასტურეს სხვადასხვა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედების ჩატარება (მოწმეების გამოკითხვა, ბრალდებულის დაკავება, ნიმუშების აღება). ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულისგან. შესაბამისად, მათი მონათხრობი ეფუძნება სხვა პირის (დაზარალებულის) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულს არ დაუდასტურებია და ისარგებლა ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებით.

13. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52).

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ მ. ნ-ას სხეულზე რაიმე მექანიკური დაზიანების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. მართალია, პოლიციის თანამშრომლები მიუთითებენ დაზარალებულის სხეულზე არსებულ გარკვეულ შეწითლებებზე, თუმცა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №......... დასკვნის თანახმად, აღნიშნული შეწითლებები არ არის მექანიკური დაზიანებები და მათი წარმომავლობის დადგენა შეუძლებელია. რაც შეეხება ტკივილის ან ტანჯვის გამოწვევას, ამის დამადასტურებელი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

16. სასამართლო მიუთითებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დიმიტრი ხვიტიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი