Facebook Twitter

საქმე # 330100120003820617

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №855აპ-21 ქ. თბილისი

გ-ა დ, 855აპ-21 2 მარტი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ფოცხვერაშვილის, მსჯავრდებულ დ. გ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. მ-სა და ზ. ა-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განაჩენით:

1.1. დ. გ, - დაბადებული .... წლის .. მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან. მასვე პატიმრობაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2020 წლის 16 ივლისიდან იმავე წლის 21 ივლისამდე პერიოდი.

1.2. გაუქმდა დ. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. გ-მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 05:10 საათზე, თ-ში, ვ. 3, მე-.. მ/რ, ...-ე კორპუსის მიმდებარედ, პურის ქარხანა ,,მ-ეს’’ წინ განთავსებული შპს ,,თ-ის’’ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან დ. გ. წინასწარი შეთანხმებით, ამ ეტაპზე დადუგენელ პირთან ერთად, ძალის გამოყენებით, აპარატის თანხის საცავში უკანონო შეღწევის გზით, ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თანხის ფარულად დაუფლებას, თუმცა, განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მერვე სამმართველოს თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს, ხოლო მისი თანმხლები პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. დ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

3.3. დ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2020 წლის 16 ივლისიდან იმავე წლის 21 ივლისამდე.

3.4. მსჯავრდებულ დ. გ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ალექსანდრე ფოცხვერაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დ. გ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

4.1. კასატორებმა - მსჯავრდებულ დ. გ-ას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - თ. მ-მა და ზ. ა-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით მსჯავრდებულ დ. გ-ის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ დ. გ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ დ. ვ-ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - ი. ბ-ს, ზ. ქ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №../..-... ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №.../ტრ;..../ს ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზების დასკვნებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

7. კასატორის - პროკურორ ალექსანდრე ფოცხვერაშვილის მოთხოვნა მსჯავრდებულ დ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას - პირთა ჯგუფის ნაწილში - გარდა ორი პოლიციელის - ი. ბ-სა და ზ. ქ-ს ურთიერთშეუსაბამო ჩვენებებისა, არ გამოკვლეულა სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა შემთხვევის ადგილზე მეორე პირის არსებობას, კერძოდ:

9. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ი. ბ-მ განაცხადა, რომ 2020 წლის 16 ივლისს, ღამის საათებში, მორიგეობდა მეწყვილეს ზ. ქ-ნ ერთად. გამთენიისას მანქანიდან დაინახეს „თ-ს“ აპარატთან ორი პირი. ისინი იყვნენ „თ-ის“ აპარატთან ჩაკუზულები, აპარატის კარი იყო ღია და რაღაცას საქმიანობდნენ, მათი დანახვისთანავე გაიქცნენ. მოწმის განმარტებით, ისინი პირველად შენიშნა იმ პირმა, რომელიც ვერ დააკავეს, აღნიშნული პირი მაშინვე გაიქცა და როდესაც შემთხვევის ადგილზე, აპარატთან მივიდნენ, ის საერთოდ აღარ ჩანდა, ხოლო მეორე პირი რამდენიმე წამის დაგვიანებით გაიქცა 420-ე კორპუსის მიმართულებით, რომელიც დააკავეს და აღმოჩნდა დ. გ. დაკავების ოქმი შეადგინა ზ. ქ-მ.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ზ. ქ-მ განსხვავებულად აღწერა მათ მიერ ჩარიცხვის აპარატთან ორი პირის შენიშვნის ფაქტი, კერძოდ, მისი განმარტებით, ორი პირიდან, რომელიც მათ შენიშნეს, ერთი იყო ჩაცუცქული, ხოლო მეორე იდგა ფეხზე და აპარატს ზევიდან ეჯაჯგურებოდა. ფეხზე მდგომი იყო დ. გ, რომელმაც პირველად შენიშნა მათი მიახლოება და მეორე პირს ხელის დარტყმით ანიშნა, გაქცეულიყვნენ. როდესაც მისდევდნენ, მათ წინ, 10-15 მეტრში, აღმოჩნდა დ. გ, ხოლო მეორე პირი - ოდნავ მის წინ. დ. გ. უფრო ადვილი დასაკავებელი აღმოჩნდა და ამიტომ მეორეს აღარ გაეკიდნენ. ამასთან, ორივე მოწმის განმარტებით, მათ მეორე პირის შესახებ არავისთვის უცნობებიათ, ვინაიდან დაკავებისას ამის დრო არ იყო და მხოლოდ შემთხვევის ადგილის დაცვის მიზნით გამოიძახეს დამხმარე ჯგუფი, თუმცა გაურკვეველია, დ. გ-ს დაკავების შემდეგ რა იყო მათთვის მეორე პირის დაძებნის მიზნით რაიმე ღონისძიების ჩატარების ხელშემშლელი გარემოება.

11. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე მეორე პირის დასადგენად ბრალდების მხარე შეეცადა, მოეპოვებინა სხვა მტკიცებულებები, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. მათ პურის ქარხანა ,,მ-ნ“ ამოიღეს ვიდეოკამერის ჩანაწერი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩანაწერი არ მოიცავდა შემთხვევის ადგილს და, შესაბამისად, ჩანაწერი მტკიცებულებათა ნუსხაში არ შეუტანიათ.

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ საქმეში, მინიმუმ, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი მაინც უნდა იყოს. საქმეში მოთავსებულია შპს „მ-ს“ მენეჯერის, მოწმე ლ. გ-ს გამოკითხვის ოქმი დაუსრულებელი სახით, საიდანაც დგინდება მხოლოდ ის, რომ ქარხნის წინა ფასადთან, კუთხეში, დგას სწრაფი ჩარიცხვის აპარატი.

13. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიების მიერ 2020 წლის 19 ივლისს დანიშნული იყო ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის შეკითხვაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დღეის მდგომარეობითაც არ აქვთ მიღებული, თუმცა სასამართლოში გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მიერ ექსპერტიზის ბიუროდან მიწოდებული წერილი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ბრალდების მხარეს აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა გადაცემული ჰქონდა 2021 წლის 27 იანვარს. ბრალდების მხარემ მომდევნო სასამართლო სხდომაზე ცნობის სახით წარმოადგინა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ქსეროასლი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ ნივთსა და ანაწმენდზე გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი ადამიანის დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს საკმარისად ცხად, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა თანაარსებობას; მოცემული მტკიცებულებები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (იხ. საქმე ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282) და მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ. საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ,“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77).

15. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, პროკურორის მითითება, რომ საქმეში წარმოდგენილია ორი პირდაპირი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენას, დაუსაბუთებელია და საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. შესაბამისად, შეუძლებელია მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №618აპ-15).

16. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ დ. გ-სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებისა და მისთვის პირობითი მსჯავრის განსაზღვრის თაობაზე.

17. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილი უთითებს, რომ ,,განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.“ ამასთან, საკასაციო სასამართლო, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, თანაბრად ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.

18. მოცემულ საქმეში სააპელაციო სასამართლომ, მსჯავრდებულ დ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარების პარალელურად, მხედველობაში მიიღო ასევე დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედების სახე და ხერხი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014).

20. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ფოცხვერაშვილის, მსჯავრდებულ დ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. მ-სა და ზ. ა-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი