საქმე # 160100118002788645
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №884აპ-21 ქ. თბილისი
მ-ი შ, 884აპ-21 2 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივლისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. შ. მ-ს, - დაბადებულს .... წლის .. მარტს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2018 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, მ-ის რაიონის სოფელ კ-ში, მ-ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ტ. ვ-ას მაზლმა - შ. მ-მა, რომელთანაც ტ. ვ. ეწეოდა ერთიან საოჯახო მეუნეობას, მეუღლის ღალატის თაობაზე მოარული ხმებით გამოწვეული უსიამოვნების ნიადაგზე, სახის არეში მუშტის ორჯერ დარტყმით ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე, რის შედეგადაც ტ. ვ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. შ. მ-ის ფიზიკურ ძალადობას ტ. ვ-ზე შეესწრო დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი - 2012 წლის 31 დეკემბერს დაბადებული რ. მ.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენით:
2.1. შ. მ. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2. შ. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გირაოს თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
2.3. შ. მ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივლისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივლისის განაჩენის გაუქმება, შ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის შეფარდება.
4.1. გამართლებულ შ. მ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ო. მ-მა და ე. გ-მა შესაგებლით მოითხოვეს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივლისის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, §32). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).9.
7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა შ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
8. დაზარალებულ ტ. ვ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ შ. მ. არის მისი მაზლი. 2018 წლის 12 დეკემბერს მის ოთახში შევიდნენ შ. მ, გ. და ხ. მ-ი. ამ დროს მისი მეუღლე იმყოფებოდა პ-ი. შ. მ-მა უთხრა, რომ ის არის მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, იცის, რომ კავშირი ჰქონდა სხვა მამაკაცთან, მოსთხოვა წასულიყო სახლიდან და დაარტყა სახეში. დარტყმის შედეგად სახეზე აღენიშნებოდა ჩალურჯებები და დაზიანებები. დარტყმის ფაქტს შეესწრნენ მისი არასრულწლოვანი ვაჟი და ხ. და გ. მ-ი. 2018 წლის 12 დეკემბერს, როდესაც შ. მ-მა იძალადა მასზე, პარალელურად, ტელეფონზე დარეკა მისმა მეუღლემ და მოითხოვა, წასულიყო სახლიდან, რადგან თვლიდა, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ჰქონდა საქმე. სწორედ ამის გამო, იძულებული იყო წასულიყო მეუღლის სახლიდან. მას შემდეგ, რაც სახლიდან გამოაგდეს, დაურეკა ძმას, რომელმაც მიიყვანა დედის სახლში. მხოლოდ დედას მოუყვა აღნიშნულის შესახებ, რადგან მისი ძმა და მამა ამ დროს მიდიოდნენ ბ-ი სამსახურის თაობაზე. როცა ბ-ნ ჩამოვიდნენ ძმა და მამა, მაშინ დარეკეს 112-ზე.
9. არასრულწლოვან რ. მ-ის გამოკითხვის ოქმი უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული, რომლის თანახმადაც, მოწმემ არ იცის, იძალადა თუ არა შ. მ-მა მისი დედის მიმართ, განმარტავს, რომ არაფერი დაუნახავს.
10. მოწმე გ. ო-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის დეკემბერში სოფელ ს-ში მცხოვრებ, სახელად ვინმე მ-სგან შეიტყო, რომ ტ. ვ. ქმარს ღალატობდა. ტ-ეს მეუღლემ - შ-მა დაურეკა ტ-ეს და უთხრა, რომ ის მას ღალატობდა და წასულიყო დედამისის სახლში. სწორედ ამ დროს მისი მეუღლე რ. და შვილი შ. იმყოფებოდნენ მაღაზიაში. მაღაზიიდან რომ დაბრუნდნენ, ტ. უკვე ნივთებს ალაგებდა და სახლიდან წასასვლელად ემზადებოდა. მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა რომ არ მომხდარიყო, რ. და შ. სახლიდან გავიდნენ. შ-ს ტ-ეს სახეც კი არ დაუნახავს, ისე წავიდა. მხოლოდ მეზობელმა დაინახა ტ-ეს წასვლა.
11. მოწმე ხ. ი-ას ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს შ. და რ. მივიდნენ სახლში. რ-სგან გაიგო, რომ შ-ს დაურეკავს ტ-ის, რათა წასულიყო სახლიდან, რადგან ღალატობდა. თვითონ და დედამთილი ფანჯრიდან უყურებდნენ, როგორ ალაგებდა ნივთებს ტ. ის ისე წავიდა სახლიდან, არაფერი უთქვამს. ნამტირალევი არ იყო. ამ დროისთვის ტ-ეს მეუღლე შ. მ. იყო პ-ი.
12. შ. მ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ ტ. ვ-ას ღალატის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, მომხდარის თაობაზე მამამისმა შ-ს პ-ი დაურეკა და ყველაფერი უამბო. 2018 წლის 12 დეკემბერს ტ. ვ-ას დაურეკა მეუღლემ - შ-მა და უთხრა, რომ ნახევარი საათი ჰქონდა დრო, რათა ჩაელაგებინა ნივთები და წასულიყო სახლიდან. სწორედ ამ დროს თვითონ და მამამისი იმყოფებოდნენ მაღაზიაში. შ-მა მათაც დაურეკა და უთხრა, რომ მისულიყვნენ სახლში, რადგან ტ-ეს საკუთარი თავისთვის ზიანი არ მიეყენებინა. სახლში რომ მივიდნენ, შიგნით არ შევიდნენ. მამამ დაურეკა ბიძებს - კ-ს და ქ. მ-ებს, რათა ისინიც ყოფილიყვნენ ყველაფრის მოწმეები. კ. მივიდა და თავისი თვალით ნახა ყველაფერი. ამასობაში დაინახეს, როგორ გამოვიდა ტ. პარკით ხელში, თან ჰყავდა შვილი - რ, რომლებმაც დატოვეს იქაურობა. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე რ. მ-მა.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ტ. ვ-ას ჩვენების საპირწონედ სასამართლოში წარმოდგენილია შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების - გ. ო-ას, ხ. ი-ას, შ. მ-სა და რ. მ-ის ჩვენებები, საიდანაც ნათელია, რომ დაზარალებულ ტ. ვ-ას მონათხრობი მკვეთრად ეწინააღმდეგება მის მიერვე დასახელებულ, თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებთან.
14. ერთადერთი მოწმე, რომელიც იმეორებს ტ. ვ-ს ნაამბობს, არის დაზარალებულის დედა - ა. ვ, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს, საღამოს 5-6 საათზე, მისმა ქალიშვილმა - ტ-მ დაურეკა თავის ძმას და უთხრა, რომ სცემეს და გამომაგდეს, ასევე, სთხოვა, მისულიყო მის წასაყვანად. მისი ვაჟი წავიდა მოსაყვანად. მანქანიდან გადასვლისას ტ-ემ მას განუმარტა, რომ სცემეს და გამოაგდეს. კერძოდ, მისმა მაზლმა - შ. მ-მა გაშლილი ხელი დაარტყა სახის მარჯვენა მხარეს. ტ-ეს ამგვარი მდგომარეობა იმ დღეს არ უნახავს მამამისს, რადგან იმავე დღეს ტ-ეს მამა და ძმა გაემგზავრნენ ბ-ი. 3-4 დღის შემდეგ, როდესაც დაბრუნდნენ ბ-ნ, ტ-ეს სახეზე არსებული დაზიანებები ნახა მამამისმა და შეატყობინა პოლიციას. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ მოწმე ა. ვ-ას ჩვენებას სასამართლო ვერ მიიჩნევს დაზარალებულის ჩვენების გადამოწმებისათვის ვარგის ჩვენებად, რადგან მისი წყარო არის თავად ტ. ვ.
15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამხილებს შორის წინააღმდეგობების მართებულად გადასაწყვეტად მეტად მნიშვნელოვანია შ. მ-ის მეზობლების ჩვენებები, რომლებიც აღწერენ 2018 წლის 12 დეკემბერს ტ. ვ-ას სახლიდან წასვლის ფაქტს, კერძოდ: მოწმე ზ. ს-ას განმარტებით, 2018 წლის 12 დეკემბერს, შუადღით, დაახლოებით 2 3 საათზე, დაინახა ტ. ვ, რომელსაც ხელში ეჭირა პარკი და უკან, 5-6 მეტრში, მისდევდა პატარა ბავშვი. ამ დროს თვითონ გარეთ ეზოს ალაგებდა. მან ჰკითხა, თუ სად მიდიოდა, რაზეც ტ-ემ უპასუხა, რომ მშობლების სახლში მიდიოდა. ტ-სთვის არ შეუმჩნევია, რომ ნამტირალევი ყოფილიყო. მოწმე ა. ნ-ას ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს, შუადღით, 2-3 საათისთვის, ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც გაიარა მანქანამ, რომელშიც ისხდნენ შ. და მამამისი. მანქანა გაჩერდა მათი ჭიშკრის წინ, დაინახა, რომ მანქანიდან გადმოვიდნენ და სახლის უკან, მთიან მხარეს წავიდნენ. იჯდა და ელოდებოდა მათ გამოსვლას. ამ დროს დაინახა მათი რძალი - ტ. ვ, რომელიც გამოვიდა სახლიდან პარკით ხელში, ხოლო უკან ბავშვი მოჰყვებოდა. მოწმე მახმა გასუმოვას ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს, 2-3 საათისთვის, დაინახა, რომ მისი სახლის წინ გაიარა 5-10 მეტრის დაშორებით ტ. ვ-ამ, რომელიც მოიკითხა. მან უპასუხა, რომ იყო კარგად და გაიარა. მოწმე ს. ნ-ის ჩვენების თანახმად კი, 2018 წლის 12 დეკემბერს საქონელი მიჰყავდა წყაროზე წყლის დასალევად. ორი მეტრის მანძილზე დაინახა ტ. ვ, რომელიც ბავშვთან ერთად მიდიოდა. იგი ნამტირალევი არ ყოფილა. მოწმე კ. მ-მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს მას დაურეკა რ. მ-მა და მათთან მისვლა სთხოვა. მისულმა ნახა, რომ რ. და მისი შვილი სახლის უკან გორაკზე იყვნენ. შიგნით სახლში არ შესულა. ამდენად, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ცალსახად გამორიცხავს იმის მტკიცებას, რომ შ. მ-მა იძალადა დაზარალებულზე, მეტიც, თითოეული მათგანი პირდაპირ მიუთიტებს, რომ მათ პირადად ნახეს, რომ შ. მ-მა არათუ არ იძალადა დაზარალებულზე, არამედ არც კი მიახლოებია მას. საქმის ირგვლივ დაკითხული მოწმეების ჩვენებებით ნათელია, რომ ისინი, არათუ არ შესწრებიან შ. მ-სა და ტ. ვ-ას შორის კონფლიქტს, არამედ - ასეთი კონფლიქტი საერთოდ არ მომხდარა. დაზარალებულმა მეუღლის სატელეფონო ზარის შემდეგ ჩაალაგა ბარგი და გაემართა მშობლების სახლისკენ. შ. მ-ის მეზობლების განმარტებით, მას ნერვიულობის ან ტირილის კვალი არ ეტყობოდა.
16. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელზეც ასევე აპელირებს კასატორი, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის №........ დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვით ტ. ვ-ას 20.12.2018 წ. აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალ-ბუდის მიდამოში, რომელიც განვითარებულია მკვრივი,ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, დადასტურებულია ტ. ვ-ას სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნას ობიექტურად არ შეუძლია მიუთითოს აღნიშნული დაზიანებების მიღების გარემოებები და მათი მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, დაზარალებულის განმარტებით, მის მიმართ ძალადობა განხორციელდა 2018 წლის 12 დეკემბერს, სამართალდამცავი ორგანოსთვის მიმართულია 2018 წლის 19 დეკემბერს, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებულია 2018 წლის 20 დეკემბერს. შემთხვევიდან შემოწმებამდე დროში არსებული შუალედი ქმნის გაუქარწყლებელ ეჭვებს დაზარალებულის დაზიანებების მიღების წყაროსთან დაკავშირებით, რაც, საკასაციო სასამართლოს აზრით, ვერ აღმოიფხვრა მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებული, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც სარწმუნოდ დადგინდებოდა შ. მ-ის ბრალეულობა.
18. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები №757აპ-20; 50აპ-21) და არც საკასაციო სასამართლოს მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი