საქმე # 330100120003831059
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №885აპ-21 ქ. თბილისი
რ-ა რ, 885აპ-21 2 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა კვიჟინაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. რ-ას, - დაბადებულს .... წლის .. ივლისს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2020 წლის 27 ივნისს, ღამის საათებში, ქ. თ-ში, ვ. კ-ის ქუჩა №.., კორპუსი №.., ბინა №...-ში, რ. რ-ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - მ. რ-ას. კერძოდ, საყოფაცხოვრებო საკითხთან დაკავშირებით წამოიწყო კონფლიქტი, რამდენჯერმე შეაჯანჯღარა და სახის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც მ. რ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის განაჩენით:
2.1. რ. რ. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2. გამართლებულ რ. რ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
2.3. რ. რ-ას განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ანა კვიჟინაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, რ. რ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და კანონიერი სასჯელის შეფარდება.
4.1. გამართლებულმა რ. რ-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა უ. მ-ემ შესაგებლით მოითხოვეს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა კვიჟინაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერი და დასაბუთებელია, რადგან გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა რ. რ-ას მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:
7. დაზარალებულმა მ. რ-მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და საკუთარი ახლო ნათესავის - ძმის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია.
8. მოწმეების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების - ი. ნ-სა და შ. გ-ის გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ სამედიცინო მომსახურება გაუწიეს მ. რ-ას, რომლისგანაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ ინციდენტისას მას ძლიერად მოჰკიდეს ხელები მკლავებზე. მოწმეები ადასტურებენ, რომ მ. რ-ს რაიმე დაზიანების კვალი არ ეტყობოდა.
9. მოწმის სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორის - ვ. ფ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2020 წლის 27 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას თავის მეწყვილე შ. მ-ნ ერთად, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება ქ. თ-ში, ვ. კ-ის ქუჩა №..-ში მომხდარ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. შეტყობინების ინიციატორი იყო მ. რ, რომელიც აცხადებდა, რომ ძმამ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შემთხვევის ადგილზე მათ დახვდათ მ. რ, რომელიც იყო აღელვებული, ტიროდა და ითხოვდა დახმარებას. გასაუბრებისას მ. რ-ამ განაცხადა, რომ კონფლიქტი ჰქონდა ძმასთან და მიუთითა იქვე მყოფ მამაკაცზე. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ კამათისას ძმამ შეაჯანჯღარა და მუშტი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც განიცადა ტკივილი. მ. რ-ას ვიზუალურად დაზიანების კვალი არ ეტყობოდა.
10. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პატრულ-ინსპექტორმა შ. მ-მა.
11. მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - ზ. მ-მა და უ. ტ-მა სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.
12. მოწმეები - ვ. ფ, შ. მ, ზ. მ. და უ. ტ. არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გადმოსცემენ მხოლოდ ირიბ ინფორმაციას. ისინი არ ყოფილან ფაქტის უშუალო შემსწრენი და არც ცხელ კვალზე რ. რ-ას მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ რაიმე აგრესიის გამოვლინებას შესწრებიან. მათ მოცემული საქმის გარემოებები იციან დაზარალებულ მ. რ-ას მონაყოლით, რომელმაც, თავის მხრივ, სასამართლოს არ მისცა ჩვენება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
13. რაც შეეხება კასატორის - პროკურორ ანა კვიჟინიძის აპელირებას 112-ში შეტყობინების ოქმსა და შემაკავებელ ორდერზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებების წყაროს დაზარალებულ მ. რ-სგან მიღებული ინფორმაცია წარმოადგენს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ამ უკანასკნელმა სასამართლოს ჩვენება არ მისცა, ხსენებული მასალები პირდაპირი ხასიათის დამოუკიდებელ მტკიცებულებად ვერ განიხილება და არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo-ს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
15. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ. რ-ას მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.
16. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა კვიჟინაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი