საქმე # 170100120003751842
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №892აპ-21 ქ. თბილისი
ი-ი ი, 892აპ-21 2 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 სექტემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი. ი-ს, - დაბადებულს .... წლის .. მარტს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის აპრილის შუა რიცხვებში, დღის საათებში, თ-ოს რაიონის სოფელ კ-ში მდებარე, ხ. ო-სა და ი. ი-ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ი. ი, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, თუ რატომ წავიდა დაზარალებული დედასთან ქმრის დაუკითხავად, რადგან მას მიაჩნია, რომ ქალი მხოლოდ საოჯახო საქმეებით უნდა იყოს დაკავებული და მეუღლის ნებართვის გარეშე არ უნდა წავიდეს არსად, არ უმასპინძლოს სტუმრებს და არ ისაუბროს ტელეფონით, ფეხის მარჯვენა ფეხში ერთხელ დარტყმით, ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე - ხ. ო-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2020 წლის აპრილის შუა რიცხვებში, დღის საათებში, თ-ოს რაიონის სოფელ კ-ში მდებარე, ხ. ო-სა და ი. ი-ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ი. ი-მა, დაზარალებულის განცხადების გამო, რომ ძალადობისთვის უჩივლებდა პოლიციაში, სიტყვებით - ,,ყელს გამოგჭრი და ტუალეტთან დაგმარხავ“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს - ხ. ო-ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2020 წლის 22 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, თ-ოს რაიონის სოფელ კ-ში მდებარე, ხ. ო-სა და ი. ი-ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ი. ი-მა სველი ნაჭრის მარცხენა ლოყის არეში ერთხელ დარტყმითა და მარჯვენა ხელის ყელში მოჭერით - ფიზიკურად, ხოლო თანაცხოვრების ერთი წლის მანძილზე სისტემატური შეურაცხყოფით - ფსიქოლოგიურად იძალადა თავის მეუღლეზე - ხ. ო-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენით:
2.1. ი. ი. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის აპრილის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 22 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. ი. ი-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ი. ი-ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 სექტემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, ი. ი-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და სამართლიანი და კანონიერი სასჯელის შეფარდება.
4.1. გამართლებულ ი. ი-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. პ-მა შესაგებლით მოითხოვა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 სექტემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი. ი-ის მიერ მეუღლის - ხ. ო-ის მიმართ 2020 წლის აპრილის შუა რიცხვებში ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის, ხოლო ამავე წლის 22 მაისს - ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ჩადენას.
7. დაზარალებულმა ხ. ო-მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება მეუღლის - ი. ი-ის წინააღმდეგ.
8. მოწმე ი. ო-ის ჩვენებით, იგი არის დაზარალებულის დედა. ის და მისი შვილი, ნ. 2020 წლის მაისში, დაახლოებით 13:00 საათზე, გადავიდნენ ი. ი-ის სახლში - ხ. ო-სთან. მას შემოესმა ი. ი-ის ხმამაღალი ხმა. ის და ნ. ერთად შევიდნენ ეზოში, ი. იჯდა დივანზე, ხოლო მისი შვილი ნამტირალევი იყო. ნ. გაბრუნდა, ხოლო თავად დარჩა ხ-სთან. ხ-ამ უთხრა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა. სულ აწითლებული იყო, თუმცა არ იცის - რატომ, დაზიანებები არ ეტყობოდა. ხ-ამ თქვა, რომ სველი ტილო მიარტყა ლოყაში, ყელში მოჭერა არ უხსენებია. მოწმის განმარტებით, ის ხშირად გადადიოდა შვილთან, ხ-ას არასდროს უთქვამს, რომ ი. ი. ძალადობდა მასზე. მისივე განმარტებით, ხ-სგან იცის, რომ ერთხელ ფეხი ამოარტყა.
9. მოწმე ნ. ო-ის ჩვენებით, იგი არის დაზარალებულის და. 2020 წლის 22 მაისს გადავიდნენ დასთან ის და დედა. ი. გაბრაზებული იჯდა დივანზე. მისი და ცრემლიანი იყო. ის ეკამათა ი-ს, რის შემდეგაც სახლში დაბრუნდა. დედა და და საღამოს დაბრუნდნენ სახლში, თქვეს, რომ პოლიციაში მიდიოდნენ ბავშვის გადმოსაყვანად. ის არ შესწრებია დარტყმას. ხ-ას დაზიანებები არ ეტყობოდა. პოლიციაში გაიგო, რომ სველი ტილო დაურტყამს. დაკითხვისას ხ-ამ თქვა, რომ ფეხი ამოარტყა, სავარაუდოდ, 10 აპრილს, კარანტინის დროს.
10. გამომძიებლებმა - ნ. დ-მა, ხ. ა-მა, ლ. ბ-მა და რ. ვ-ამ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და ავთენტურობა.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არცერთი მოწმის ჩვენება არ ადასტურებს, მაგალითად, 2020 წლის აპრილში ი. ი-ის მხრიდან მეუღლის მიმართ მუქარის ფაქტს; ასევე, მოწმეები არ ყოფილან ფიზიკური ძალადობის არცერთი ეპიზოდის თვითმხილველნი. უფრო მეტიც, დაზარალებულის დედის განმარტებით, მასთან არასდროს დაუჩივლია შვილს მეუღლის მხრიდან ძალადობის თაობაზე, ხოლო დის განმარტებით, ი. ი-სა და ხ. ო-ს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. გარდა ამისა, დაზარალებულის დედისა და დის, ასევე გამომძიებლების ჩვენებები თავისი შინაარსით ირიბია, ვინაიდან ისინი ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისგან და თავად დანაშაულებრივი ფაქტების თვითმხილველები არ არიან.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
13. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში ასევე წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ, ვიზუალური დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვით, ხ. ო-ს დაზიანების კვალი არ აღენიშნება; 2020 წლის 22 მაისის ეპიზოდთან დაკავშირებით, ფიზიკური ძალადობის კვალის არარსებობას ასევე ადასტურებენ დაზარალებულის და - ნ. ო. და დედა - ი. ო, ისინი თავიანთ ჩვენებებში განმარტავენ, რომ ხ-ას დაზიანებები არ ეტყობოდა.
14. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში მოითხოვს - დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №746აპ-19; 674აპ-20).
15. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს: იმ ვითარებაში, როდესაც დაზარალებულის ჩვენება არ არსებობს, ასევე არ არის დადასტურებული დაზიანების არსებობის ფაქტი 2020 წლის 22 მაისის ეპიზოდზეც კი, რომ არაფერი ვთქვათ 2020 წლის აპრილის შუა რიცხვებში სავარაუდოდ ჩადენილი ფიზიკური ძალადობისას არსებულ დაზიანებებზე, საქმეში არ მოიპოვება რაიმე ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ხ. ო-ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში განცდილ ტკივილს. საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რაც ობიექტური ტესტის საფუძველზე სასამართლოს ტკივილის განცდის შეფასების საშუალებას მისცემდა.
16. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რაზეც აპელირებს კასატორი, ოქმის თანახმად, ხ. ო-მა მისაღებ ოთახში მიუთითა ადგილზე, სადაც თავად იდგა და საიდანაც მეუღლემ აიღო სველი ტილო და ხელის მოქნევით სახეში გაარტყა, რის გამოც განიცადა ძლიერი ტკივილი; ასევე, საძინებელ ოთახში მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მეუღლემ მარჯვენა ხელი წაუჭირა ყელის არეში, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი; მისაღებ ოთახში მიუთითა ადგილზე, სადაც 2020 წლის 10 აპრილს მეუღლემ, მარჯვენა ფეხით ფეხის არეში ჩარტყმით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
16.1. მოცემულ შემთხვევაში 2020 წლის 23 მაისს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ხ. ო-საგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 129-ე-130-ე მუხლებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე დაზარალებულს მიეცა წინადადება - დეტალურად აღედგინა საქმის ვითარება. წარმოდგენილი ოქმის თანახმად, დაზარალებულმა აღადგინა ის ვითარება, რაც გამომძიებელს მანამდე უამბო, ხოლო დამატებით რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი არ აღმოჩენილა.
16.2. იმ პირობებში, როდესაც ხ. ო-მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა/არც უარყო საგამოძიებო ექსპერიმენტის შინაარსი, მოცემული ოქმი ი. ი-ის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
16.3. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (იხ. №424აპ-16, №561აპ-15; №682აპ-21), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს გარკვეულ შემთხვევებში გააჩნია პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა:
16.3.1. N561აპ-15 სისხლის სამართლის საქმეში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულებს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.“ ე.ი. ამ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვითარება აღდგა სწორედ იმ ,,სპეციალური ხერხების“ დემონსტრირებით, რაც პირმა მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად გამოიყენა, რის გამოც ოქმი მიჩნეულ იქნა ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.
16.3.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №424აპ-16 გადაწყვეტილების თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს მიენიჭა მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან ბრალდებულმა გამომძიებლებს მიუთითა იმ მაღაზიასა და მასში განთავსებულ სექციაზე, სადაც დანები იყო დალაგებული. თავის მხრივ, მაღაზიის თანამშრომელმა მოწმედ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ ამ მაღაზიაში, სწორედ ამ ადგილას, ისეთივე ტიპისა და ფორმის დანები იყიდებოდა (რაც ასევე დასტურდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მაღაზიაში გადაღებული ფოტოდოკუმენტით).
16.3.3. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა (საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარების კუთხით), პირობითად სხვა შემთხვევა შეიძლება იყოს მოცემულობა, როდესაც მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩნდება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ესე იგი, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ასახავდეს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს.
17. ამდენად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში 2020 წლის 23 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ შეესაბამება არცერთ ზემოაღწერილ შემთხვევას, მასში გადმოცემულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი ი. ი-ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
19. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“.
20. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა ი. ი-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის აპრილის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 22 მაისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა.
21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
22. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
23. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი