საქმე # 140100120003763214
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №761აპ-21 ქ. თბილისი
ლ-ე მ, 761აპ-21 21 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 ნოემბრის განაჩენით:
1.1. მ. ლ, - დაბადებული .... წლის .. ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 5 მარტიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ლ-ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 5 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქალაქ ხ-ში, რ-ის ქუჩა N..-ში მდებარე აფთიაქ „პ. ფ-ას“ წინ არსებულ ტერიტორიაზე, მ. ლ-ემ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთ ნაქონი დანის გამოყენებით ყოფილ მეუღლეს - ს. ჩ-ს სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები. ს. ჩ-მა მოახერხა მისგან თავის დაღწევა და გაიქცა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე. მ. ლ. დაეწია მას და დანის გამოყენებით ისევ მიაყენა რამდენიმე დაზიანება. მ. ლ-ემ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, რადგან ს. ჩ-ს დაეხმარნენ ადგილზე მყოფი პირები, მ. ლ. შეიპყრეს, დააგდებინეს დანა და იძულებით განაცალკევეს ს. ჩ-სგან, რომელიც გადაიყვანეს საავადმყოფოში და დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. მ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 5 მარტიდან.
4. კასატორმა - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მ. ლ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად უფრო მკაცრი - მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის შეფარდება.
4.1. მსჯავრდებულ მ. ლ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. გ-მა შესაგებლით მოითხოვა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების - ა. ტ-ის, მ. გ-ის, ე. ი-ის, ე. პ-ის, ნ. ბ-ის, თ. გ-ის, ვ. ს-ის, ნ. გ-ის და თ. ხ-ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოცხრილი, ამოღებული ნივთმტკიცება - დანა, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ტანსაცმლის ამოღების ოქმები, ნიმუშის აღების ოქმები, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი და გამოთხოვილი ინფორმაცია - სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საქმის სხვა მასალები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ მ. ლ-ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედება - განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
7. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ მ. ლ-სათვის დანიშნული სასჯელის დამძიმებას.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ. ლ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება (ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით), ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე (ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (მ. ლ-ემ განზრახ მოკვლის მიზნით, ყოფილ მეუღლეს - ს. ჩ-ს სხეულის სხვადასხვა არეში დანით მიაყენა მრავლობითი დაზიანებები; მსჯავრდებულმა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, მას იქვე მყოფმა პირებმა დააგდებინეს დანა), ასევე მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი), რისი მხედველობაში მიღებითაც, მსჯავრდებულ მ. ლ-ეს შეფარდებული აქვს საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლიანი და კანონიერი სასჯელი - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
11. კასატორი - პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი საკასაციო საჩივარში მსჯავრდებულ მ. ლ-სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების ერთ-ერთ საფუძვლად უთითებს მის მიერ დანაშაულის ჩადენას ცივი იარაღის - დანის გამოყენებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, მართალია, მ. ლ-ემ ხელთ ნაქონი დანის გამოყენებით ყოფილ მეუღლეს - ს. ჩ-ს სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ აღნიშნული დანა განეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ ჩაუთვლის მ. ლ-ეს ,,იარაღის“ გამოყენებით დანაშაულის ჩადენას (როგორც დამამძიმებელი გარემოება), რასაც ითვალისწინებს სსკ-ის 531-ე მუხლის ნაწილი.
12. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. თუმცა, მე-4 ნაწილის მიხედვით, ხსენებული წესიდან არსებობს გამონაკლისიც, კერძოდ, როდესაც სსკ-ის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი (სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას). მოცემულ შემთხვევაში მ. ლ-ის მიმართ გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს მისთვის წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს და მას სასჯელი დანიშნული აქვს არა განზრახ მკვლელობის მცდელობის, არამედ - სწორედ გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის სანქციის ფარგლებში (სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ), რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დამატებით, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის გათვალისწინებით, მ. ლ-ის მიმართ პასუხისმგებლობის დამძიმება და მკაცრი სასჯელის გამოყენების შესაძლებლობა სამართლებრივად საფუძველსაა მოკლებული.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი