საქმე # 180100118002712269
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1053აპ.-21 24 თებერვალი, 2022 წელი
ა-ს ა-, №1053აპ.-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის, მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ. კ-ისა და ი. ა-ას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ა-ს (პირადი ნომერი:-) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2018 წლის ივლისის ბოლოს, სოფელ ც-ში, სახლში ყოფნისას, ხ. ა-მ მეუღლეს - ა. ა-ს უთხრა, ეჩვენებინა მობილური ტელეფონი, რადგან ეჭვიანობდა, რომ ვინმე მ. ურეკავდა და სწერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რის გამოც, ა. ა-ი გაღიზიანდა, მეუღლის კუთვნილი ხელჩანთა დაახეთქა ძირს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და უთხრა, რომ გონს მოგებულიყო, თორემ მოკლავდა. ხ. ა-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან ა. ა-ი მის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა.
1.3. 2018 წლის განმავლობაში ა. ა. არასრულწლოვანი შვილების - ი., ა. და მ. ა-ების თანდასწრებით, მეუღლეს - ხ. ა-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის შედეგადაც, ხ. ა- ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
1.4. 2018 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, სოფელ ც-ში ა. ა-მ მეუღლეს - ხ. ა-ს, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის - ი. ა-ს თანდასწრებით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა ორჯერ მხრის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.5. 2018 წლის 2 სექტემბერს ა-ს ა-ი და მისი მეუღლე - ხ. ა-ი არასრულწლოვან შვილებთან - ი, ა. და მ. ა-ებთან ერთად ც-იდან გაემგზავრნენ ქ. თ-ის მიმართულებით, რა დროსაც ა. ა-მ გაიხსენა იმავე დღეს, ჩხუბის დროს, მეუღლის ნათქვამი სიტყვები, რომ პოლიციაში განაცხადებდა. ა. ა. მეუღლეს დაემუქრა, რომ თუ ასეთ სისულელეს ჩაიდენდა, მოკლავდა და მის შვილებს დატოვებდა ობლად. ვინაიდან ა. ა. გამოირჩეოდა აგრესიით მეუღლის მიმართ, ხ. ა-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.6. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ დააზუსტა ბრალდების ფორმულირებაში ა. ა-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის დრო. კერძოდ, მუქარის პირველ ეპიზოდში 2018 წლის ივლისის ბოლოს ნაცვლად, მიუთითა - 2018 წლის აგვისტოს დასაწყისი, ხოლო მუქარის მეორე ეპიზოდში 2018 წლის 2 სექტემბრის ნაცვლად, მიუთითა - 2018 წლის პირველი სექტემბერი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენით:
ა. ა. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს დასაწყისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ა. ა. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის პირველი სექტემბრის ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ა. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 320 საათით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 29 სექტემბრიდან 2018 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა 300 საათამდე.
საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად 2 წლით შეეზღუდა და აეკრძალა იარაღთან დაკავშირებული უფლებები (იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები).
ა. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის პირველი სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა. ა. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათით, ხოლო დამატებით სასჯელად 2 წლით შეეზღუდა და აეკრძალა იარაღთან დაკავშირებული უფლებები (იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები).
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში და სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, ხოლო დაცვის მხარემ მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით:
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
ა. ა. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2018 წლის პირველი სექტემბრის ძალადობის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორივე ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.
ა. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 320 საათით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 29 სექტემბრიდან 2018 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა 300 საათამდე.
საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად 2 წლით შეეზღუდა და აეკრძალა იარაღთან დაკავშირებული უფლებები (იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები).
3.3. სააპელაციო სასამართლომ დაადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2018 წლის განმავლობაში ა. ა. არასრულწლოვანი შვილების - ი, ა და მ. ა-ების თანდასწრებით, მეუღლეს - ხ. მ-ას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა და ექცეოდა იმგვარად, რომ ხ. მ-ა მეუღლის ქმედებების შედეგად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
მოქალაქე ხ.ა-მ 2019 წლის 5 აგვისტოს შეიცვალა გვარი - „ა-ი“ გვარით - „მ-ა“.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ და მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ტ. კ-ემ და ი. ა-ამ. ბრალდების მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში და სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრებით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ა. ა-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4.2. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებლები და მოითხოვა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა, ხოლო ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4.3. ბრალდების მხარის განმარტებით, სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ა. ა-ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ყველა ქმედების ჩადენა. ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, უსამართლო და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, მათ შორის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც ინდივიდუალური, ისე ზოგადი პრევენციის სახით. გარდა ამისა, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლი დამამძიმებელ გარემოებად არ ითვალისწინებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენას, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილით. პროკურორმა საკასაციო საჩივრით ასევე მოითხოვა საჩივარში მითითებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა და მოწმეთა დაკითხვა.
4.4. დაცვის მხარის განმარტებით, საქმეში არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ: დაზარალებულის ჩვენება არის არასანდო და არადამაჯერებელი, მოწმე მ-მ ხ-ის ჩვენება ირიბია, ექსპერტის დასკვნა ვერ გამოდგება მსჯავრად შერაცხული ქმედების დასადასტურებლად, მოწმე მ. ა. არ ადასტურებს დაზარალებულის მიერ გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს და იმყოფება მისი ზეგავლენის ქვეშ. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში უტყუარად არ დასტურდება შეურაცხყოფის სისტემატურობა. კასატორები ასევე მიუთითებენ სს „სილქნეტიდან“ გამოთხოვილ ინფორმაციასა და საქართველოს საზღვრის კვეთის მონაცემებზე, რომლებითაც დასტურდება, რომ 2018 წლის 2 სექტემბერსა და 2018 წლის ივლისის ბოლოს მსჯავრდებული არ იმყოფებოდა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ტერიტორიაზე. დაცვის მხარის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, რადგან მოწმე მ. ა. ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობის გარეშე დაიკითხა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ა-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2018 წლის პირველი სექტემბრის ძალადობის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს დასაწყისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ მითითებულ ეპიზოდებთან მიმართებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა. ა-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. მოწმე ხ. მ-ას ჩვენებით, სოფელ ც-ში ყოფნისას, მეუღლეებს შორის მოხდა კონფლიქტი. ამ დროს ა. ა-ს ჰყავდა მეგობარი ქალი, რაც აღარ დაუმალავს და უთხრა, რომ „ვინც უნდოდა, ის ეყოლებოდა“. გადმოაგდო ჩანთა, დაახეთქა ძირს და მოკვლით დაემუქრა მეუღლეს, უთხრა, რომ ბავშვებს ობლად დატოვებდა. ხ. მ-ას განმარტებით, რადგან ამ დროს მის მეუღლეს არ ჰქონდა ადამიანის სახე, ფერი აღარ ედო, მისი შეხედვაც კი საშიში იყო, არ იცოდა, სად მიმალულიყო, რადგან შეეშინდა, მართლა არ მოეკლა. ვინაიდან სახლში იარაღი ინახებოდა, არსებობდა საშიშროება, რომ მართლა აეღო იარაღი და მოეკლა. მოწმის განმარტებით, მას შეეშინდა სიცოცხლის მოსპობის და მუქარა აღიქვა რეალურად. ამასთან, ა. ა. ისეთი ძლიერი იყო, შესაძლებელი იყო, დაერტყა. მოწმემ აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტის დროს ბავშვებს ეძინათ. მოწმის ჩვენებით, 2018 წლის პირველ სექტემბერს კვლავ მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ა. ა-მ ხ. მ-ას მარჯვენა ხელი ორჯერ მაგრად დაარტყა მარცხენა მხარში. დარტყმების შედეგად ხ. მ-ამ განიცადა დამცირება და შეურაცხყოფა, ასევე - ფიზიკური ტკივილი. უთხრა, რომ მიმართავდა შესაბამის ორგანოებს, რაზეც მეუღლეს მძიმე რეაქცია ჰქონდა - ერთ საათზე მეტ ხანს ყვიროდა და ლანძღავდა. ხელის დარტყმის დროს მათი შვილი ი-ც იქ იყო და ხედავდა ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ი. არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, მას აღქმისა და გაგების უნარები კარგად აქვს განვითარებული. ა-ს ა-ც ხედავდა, რომ ბავშვი ოთახში იყო. როდესაც მეუღლემ მას დაარტყა, ი. მივიდა დედასთან და ჩაეხუტა, გოგონები გარეთ იყვნენ ეზოში, მაგრამ ესმოდათ ყვირილი.
5.4. მოწმე მ. ა-მ ჩვენების მიცემისას გაიხსენა ც-ში მომხდარი კონფლიქტი, როდესაც ა. ა-მ ხ. მ-ას ხელი დაარტყა. მოწმემ განმარტა, რომ ის და მისი და - ა--- იმ დროს ეზოში იმყოფებოდნენ, ხოლო ი. სად იყო, არ ახსოვს. ფანჯარა ღია იყო და ესმოდა, როგორ ეჩხუბებოდა, უყვიროდა მამა დედას. მას არ დაუნახავს, როგორ დაარტყა მამამ ხელი დედას, მაგრამ შემდეგ დედამ უთხრა ამის შესახებ.
5.5. მოწმე მ. ხ-ემ განმარტა, რომ მუშაობს მ–ის და პ–ის სახელობის ფონდში იურისტის პოზიციაზე, ხოლო მათი ფონდის საქმიანობას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ინტერესების დაცვა. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 17 სექტემბერს ხ. მ-ას სახლში მიაკითხა, სადაც გამოძახებული დახვდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება. ხ. მ-ამ უამბო, რომ ა. ა-მ პირველ ან 2 სექტემბერს მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ბავშვების თანდასწრებით, მაგრამ მალავდა, ვინაიდან ის იყო ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და ბავშვების მამა, მაგრამ რადგან მას შემდეგ კვლავ აგრძელებდა მის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, იძულებული იყო, ეთქვა სიმართლე.
5.6. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში ჩადენილი მუქარისა და 2018 წლის პირველი სექტემბრის ძალადობის ეპიზოდებთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან მხოლოდ მოწმე ხ. მ-ას ჩვენება წარმოადგენს ა. ა-ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის დამადასტურებელ ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას. თავად ხ. მ-აც განმარტავს, რომ 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში ჩადენილი მუქარის დროს ბავშვებს ეძინათ. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტს მ. ა-ც ვერ ადასტურებს, ხოლო სხვა მამხილებელი მტკიცებულება, თუნდაც ირიბი ჩვენება, საქმეში არ მოიპოვება. რაც შეეხება ძალადობის ეპიზოდს, მოწმე მ. ა. ამ შემთხვევაშიც არ ყოფილა ფაქტის თვითმხილველი, თუმცა, განმარტა, რომ ამის შესახებ დედამ უამბო. ანალოგიურად, მოწმე მ. ხ-ემაც დაადასტურა ხ. მ-ას მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია პირველ ან 2 სექტემბერს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით.
5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.8. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მ. ა-სა და მ. ხ-ის ჩვენებების ის ნაწილი, რომელიც შეეხება ხ. მ-ას განმარტებას მის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან გადმოსცემენ სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
5.9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.10. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის 2018 წლის 24 სექტემბრის ოქმი იმეორებს დაზარალებულის ჩვენებას, წარმოადგენს ერთი წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას და მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
5.12. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ა. ა-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2018 წლის პირველი სექტემბრის ძალადობის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს დასაწყისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.13. საკასაციო სასამართლო ასევე სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ა-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების შესახებ.
5.14. დაზარალებულ ხ. მ-ას ჩვენებით, 2018 წელს განსაკუთრებით გაურთულდა მეუღლესთან ურთიერთობა. კერძოდ, ა. ა. სახლში დაბრუნებისას მეუღლეს მიმართავდა მხოლოდ აგრესიული ტონით, მეუღლის ყველა ქმედება მასში იწვევდა აგრესიას, ყველაფერზე გამოთქვამდა პრეტენზიას და ხშირად აკრიტიკებდა, რის შემდეგაც გადადიოდა ყვირილზე, შეურაცხყოფაზე, დამცირებაზე, ეუბნებოდა: „შენ არაფერი ხარ“, „უვარგისი დედა ხარ“, „უვარგისი ადამიანი ხარ“, „არარაობა ხარ“. მოწმის განმარტებით, ამგვარი მოპყრობის შედეგად, დაუქვეითდა თვითშეფასება, ეგონა, რომ მართლა „არაფერს წარმოადგენდა“ და „უვარგისი“ ადამიანი იყო. მას შემდეგ, რაც ხ. მ-ამ ავტომანქანის მართვის სწავლა გადაწყვიტა, ა. ა. დასცინოდა, ეუბნებოდა, რომ იყო ჩლუნგი და ვერასდროს ისწავლიდა ავტომანქანის მართვას. მოწმის ჩვენებით, ა. ა. 2018 წლამდეც აგრესიული იყო, თუმცა, 2018 წლის გაზაფხულიდან უფრო მეტად აგრესიული გახდა და სულ ეშინოდა, რომ რამეს დაუშავებდა. ბოლო პერიოდში ა. ა. სისტემატურად იყო აგრესიული და სულ ეძებდა მიზეზებს, რომ ეყვირა და დაემცირებინა მეუღლე. გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდი სტრესში გაატარა. ა. ა. ბავშვებსაც არ ერიდებოდა და შვილების - მ, ა. და ი-ს თანდასწრებით ხშირად ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა. ერთმანეთთან ყოველი შეხვედრისას - დილით, საღამოს, სამსახურიდან შესვენებაზე შინ დაბრუნებისას, შაბათსა და კვირას, ა. ა. მას სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას როგორც ცალკე, ისე ბავშვების თანდასწრებით. თითქმის ყოველი შაბათი-კვირა მისთვის „ჯოჯოხეთი“ იყო, რადგან იცოდა, რაც ელოდა. მოწმის განმარტებით, კვირის დღეებში, როდესაც ბავშვებთან ერთად სკოლაში იმყოფებოდა და ხშირი ურთიერთობა არ ჰქონდა მეუღლესთან, იყო შედარებით მშვიდად, თუმცა შაბათსა და კვირას მთელი კვირის დანაკლისი აგრესია აუნაზღაურდებოდა. მას ეჯავრებოდა შაბათი-კვირას მოსვლა. მოწმის განმარტებით, მეუღლის მხრიდან აგრესიის, შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და დამცირების გამო, მთელი ზაფხული მისთვის „ჯოჯოხეთი“ იყო. მოწმის ჩვენებით, როდესაც ზაფხულში დასასვენებლად იმყოფებოდნენ უ-ში, იქაც გრძელდებოდა ბავშვების თანდასწრებით მუდმივი შეურაცხყოფა. მან აღნიშნა, რომ უ-ში ყოფნისას ერთხელ სასტუმროში მისვლა დააგვიანდა და ვინაიდან მას ჰქონდა ნომრის გასაღები, მეუღლემ ამის გამო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. სასტუმროს კიბეზე დაჯდა და აღარ იცოდა, რა ექნა, არც ოთახში შესვლა უნდოდა და საერთოდ, წასვლა სურდა უ-იდან. ა. ა. შეშლილი სახით უყვიროდა. ხ. მ-ას განმარტებით, მეუღლის მხრიდან სისტემატური შეურაცხყოფის, დამცირებისა და მუქარის დროს იგი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
5.15. მოწმე მ. ა-მ დაადასტურა, რომ ის და მისი და-ძმა ხშირად შესწრებიან, თუ როგორ ეჩხუბებოდა მამა დედას, როგორ უყვიროდა, აგინებდა და ეუბნებოდა ცუდ სიტყვებს. მამაც ხედავდა, რომ იმ დროს მ. იქ იმყოფებოდა. დედ-მამის ერთად ცხოვრების პერიოდში, სანამ დაშორდებოდნენ, მას ახსოვს, რომ მამა დედას იმის გამო ეჩხუბებოდა, რომ მისი ძმისთვის - ი. ა-სთვის მარტო დედას უნდა მოევლო. ა. ა. ამ სიტყვებს დედას ეუბნებოდა ხმამაღლა და უყვიროდა. ამ დროს ბერძნულად საუბრობდნენ, ბერძნულად მ-საც ესმის საუბარი. შეიძლება, ზოგი რამ ვერ გაიგოს, შინაარსი ნაწილობრივ ესმოდა, მაგრამ ნამდვილად გაიგო, რომ მამა ეჩხუბებოდა დედას ი-ს გამო. მოწმის ჩვენებით, მას ახსოვს, რომ თ-ში, ო-ში, მამამ დაარტყა დედას და უყვირა. მ. ა-მ ასევე სრულად დაადასტურა ხ. მ-ას ჩვენება უ-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. განმარტა, რომ მამა დედას დაგვიანების გამო ეჩხუბა, უყვიროდა და ცუდი სიტყვებით მიმართავდა. ამასთან, მართალია, მ. ა. არ არის 2018 წლის პირველი სექტემბრის ძალადობის თვითმხილველი მოწმე, მაგრამ მან გაიხსენა აღნიშნული კონფლიქტი და დაადასტურა, რომ ეზოში ყოფნისას ღია ფანჯრიდან ესმოდა, თუ როგორ უყვიროდა და ეჩხუბებოდა მამა დედას. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მან იცის, რომელია ცუდი სიტყვები. ბერძნულ ენაზე ცუდი სიტყვები ზოგი ესმის, ზოგი - არა.
5.16. 2018 წლის 10 სექტემბერს გამოცემული N-- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ ა.ს ა-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ხ. მ-ას, რის საფუძველზეც გამოიცა შემაკავებელი ორდერი.
5.17. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ოქტომბრის N-- სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა. ა-ს მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად ხ. ა-მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ექსპერტმა - მ. მ–მა სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა დასკვნის სისწორე.
5.18. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ხ. მ-ა იყო ა. ა-ს მეუღლე.
5.19. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით: მოწმე ხ. მ-ას ჩვენებით, მოწმე მ. ა-ს ჩვენებით, შემაკავებელი ორდერით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება ა.ს ა-ს მიერ ხ. მ-ას არასრულწლოვნების თანდასწრებით სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტი. აღნიშნული ქმედებების სისტემატურობას ადასტურებს მოწმე ხ. მ-ას ჩვენება, სადაც ნათლად აღწერს, რომ 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში მეუღლესთან თითქმის ყოველი შეხვედრისას, განსაკუთრებით კი შაბათ-კვირას, იყო შეურაცხყოფისა და დამცირების მსხვერპლი. სასამართლოს შეფასებით, მოწმის ჩვენება ცხადყოფს, რომ მის შეურაცხყოფასა და დამცირებას ჰქონდა მუდმივი, რეგულარული, უწყვეტი ხასიათი და დაზარალებული ყოველი მომდევნო შეურაცხყოფის დროს კვლავ განიცდიდა წინა ქმედებით გამოწვეულ ზიანს. მოწმე მ. ა-ც მშობლებს შორის სწორედ ხშირ კონფლიქტზე ამახვილებს ყურადღებას. შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ხ. მ-ას მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტების სისტემატურობა.
5.20. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ა. ა-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.
5.21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს მოწმე ხ. მ-ას ჩვენების არასანდოობის შესახებ იმ მოტივით, რომ მან ჩვენების მიცემისას დააზუსტა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენის თარიღები. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოწმის მიერ თარიღების დაზუსტება ეხება სექტემბერში განხორციელებული ძალადობისა და მუქარის, ასევე, ივლისის ბოლოს მომხდარი მუქარის ეპიზოდებს და არ უკავშირდება სისტემატური ძალადობისა და დამცირების ეპიზოდს. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, თარიღების დაზუსტება რომც წარმოადგენდეს მოწმის ჩვენების არასანდოდ მიჩნევის საკმარის საფუძველს, ეს ვერ გამოიწვევს მთლიანი ჩვენების ბათილობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე ხ. მ-ას ჩვენება მასზე სისტემატური ძალადობისა და დამცირების ნაწილში სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. ადვოკატის მიერ საჩივარში მითითებული უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 აპრილის N792აპ-19 განაჩენი არ მიემართება განსახილველი საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნულ განაჩენში ასახული განმარტების მოცემული შემთხვევისათვის მისადაგება არარელევანტურია. ამდენად, საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის პოზიცია მოწმის ჩვენების არასანდოობის შესახებ, მათ შორის, იმ საფუძვლითაც, რომ ხ. მ-ა არის საქმის შედეგით დაინტერესებული პირი. საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს მოწმის რაიმე ინტერესზე. მის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია აკმაყოფილებს მტკიცებულების შეფასების ყველა სტანდარტს და თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. ასევე, საფუძველს მოკლებულია კასატორის არგუმენტი, რომ თითქოს, მ. ა. არ ადასტურებს დაზარალებულის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დედამ უამბო შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ. სასამართლოს შეფასებით, მ. ა-ს ჩვენება სრულად არის თანხვდენილი ხ. მ-ას ჩვენებასთან და იგი ინფორმაციას გადმოსცემს, როგორც განვითარებული მოვლენების თვითმხილველი პირი. მ. ა-მ მხოლოდ 2018 წლის პირველ სექტემბერს ჩადენილ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით დაადასტურა, რომ ამის შესახებ დადამ უამბო.
5.22. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს მოწმე მ. ა-ს დედის ზეგავლენის ქვეშ ყოფნის შესახებ. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც იგი განმარტავს, რომ არც მამას და არც დედას არ დაურიგებია, რა უნდა ეთქვა. ამასთან, მოწმე დადებითად საუბრობს მამასთან ურთიერთობაზე. განმარტავს, რომ მასთან აქვს კარგი ურთიერთობა, მოსწონს მასთან ყოფნა, ერთად სეირნობენ და თამაშობენ. მამის მიმართ მოწმის ამგვარი დამოკიდებულება არ ქმნის საკმარის საფუძველს დასკვნისთვის, რომ მ. ა. დაინტერესებულია მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემით და დედის ზეგავლენით არასწორ ინფორმაციას აწვდის სასამართლოს.
5.23. ასევე საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის არგუმენტი, რომ თითქოს, ხ. მ-ას განმარტებით, მას ჰქონდა მეხსიერების პრობლემები, რაც შეუსაბამოა ექსპერტ მ–ის ჩვენებასთან, რომლითაც საწინააღმდეგო დადგინდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხ. მ-ას ჩვენებით, მას ჰქონდა თარიღების დამახსოვრებისა და არა - ზოგადად მეხსიერების პრობლემა, ხოლო ექსპერტის განმარტებით, „მეხსიერებას ახასიათებს გარკვეული ვადის შემდეგ ჩავარდნები“ და შესაძლებელია, რომ პირმა თარიღი არასწორად მიუთითოს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მას მეხსიერების პრობლემა აქვს.
5.24. საკასაციო სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის შეფასებას, რომ მოწმე მ. ხ-ის ჩვენება, რომელიც აღწერს ხ. მ-ას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მის მიმართ ჩადენილი შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტების შესახებ, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რაც სანდოობის დაბალი ხარისხით გამოირჩევა. მართალია, გასაჩივრებული განაჩენი ემყარება აღნიშნულ ჩვენებას, მაგრამ იგი არ წარმოადგენს პირის მსჯავრდების ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას.
5.25. რაც შეეხება სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, დაცვის მხარის პოზიციის საწინააღმდეგოდ, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვნა ადასტურებს არა უშუალოდ შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტების არსებობას, არამედ - ხ. მ-ას მიერ განცდილ ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რაც წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ ნიშანს.
5.26. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის არგუმენტს იმის შესახებ, რომ მოწმე მ. ა. ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობის გარეშე დაიკითხა, რითაც კასატორის შეფასებით, დაირღვა დაცვის უფლება. სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსამართლემ არასრულწლოვანი მოწმის - მ. ა-ს მოსაზრების გათვალისწინებით, ბრალდებულსა და მის ადვოკატს - ი. ა-ას შეუზღუდა დაკითხვის პროცესზე დასწრების უფლება, მაგრამ მოწმის დაკითხვის პროცესს ესწრებოდნენ ბრალდებულის სხვა ადვოკატები - ზ. ხ–ი და ფ. ს–ი. ამდენად, კასატორის არგუმენტი დაცვის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია.
5.27. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი ა. ა-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) მსჯავრდების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
5.28. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ა-ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის პირველი სექტემბრის მუქარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.29. მოწმე ხ. მ-ას ჩვენებით, 2018 წლის პირველ სექტემბერს ის და მისი მეუღლე ბავშვებთან ერთად გაემგზავრნენ თ-ში. ა. ა-მ გზაში გაიხსენა ხ. მ-ას მიერ იმ დღეს მომხდარი კონფლიქტის დროს ნათქვამი სიტყვები, რომ მიმართავდა პოლიციას, რის გამოც იმდენად „გაცეცხლდა“, რომ კვლავ დაემუქრა და უთხრა: „რა გინდა, მაინცდამაინც უნდა მოგკლა და ბავშვები ობლად დავტოვოო“. მოწმის განმარტებით, ა. ა. „გიჟს ჰგავდა“ და შეეშინდა, რომ მანქანიდან არ გადასულიყო და ის არ გადაეგდო. ამიტომ ბოდიშიც მოუხადა. ბავშვები იყვნენ ავტომანქანაში და ეშინოდა, რაიმე საშინელება არ ჩაედინა. მოწმემ განმარტა, რომ ბოლო პერიოდში იმდენად ხშირი იყო მის მიმართ მუქარა და სისტემატური შეტევები, რომ როდესაც ა. ა-მ უთხრა: „მოგკლავ, მე ციხეში წავალ და ბავშვებს დავტოვებ ობლად, უპატრონოდო“, მან რეალურად აღიქვა და იფიქრა, რომ მეუღლე ან მანქანიდან ჩააგდებდა, ან რამეს ჩაარტყამდა. ბავშვებმა გაიგონეს მუქარა, მაგრამ ხმა არ ამოიღეს. ა-ს მისთვის ადრეც ჰქონდა ნათქვამი, რომ სასაფლაოს უმზადებდა დედამისის გვერდით.
5.30. მ. ა-მ დაადასტურა, რომ გაიგო, როგორ უთხრა მამამ დედას „მოგკლავო“, მაგრამ მ-ს არ ახსოვს, მამამ თუ უთხრა დედას „ბავშვებს ობლად დავტოვებო“. მან მოგვიანებით შეიტყო ა-ან, რომ მასაც გაუგია მამის სიტყვები. მოწმემ განმარტა, რომ იცოდა, რასაც ნიშნავდა ბერძნულად წარმოთქმული სიტყვა - ,,მოგკლავ“. ამის დასტურად მან სასამართლო პროცესზეც წარმოთქვა აღნიშნული სიტყვა ბერძნულ ენაზე.
5.31. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტი.
5.32. ა. ა-ს მიერ ხ. მ-ას მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას ადასტურებს მოწმეების: ხ. მ-ასა და მ. ა-ს ჩვენებები, რომლებიც სრულად არის თანხვდენილი ერთმანეთთან, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ ერთსა და იმავე ფაქტობრივ გარემოებას და არ არსებობს მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი. მართალია, მ. ა-ს არ ახსოვს მამის სიტყვები „ბავშვების ობლად დატოვების“ შესახებ, მაგრამ ადასტურებს, რომ მამა დედას „მოკვლით“ დაემუქრა. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ა. ა-ს მიერ ხ. მ-ას მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი.
5.33. რაც შეეხება საფუძვლიანი შიშის არსებობას, სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ იგი უნდა შეფასდეს ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, რა დროსაც სასამართლო, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა თავად დაზარალებულის ჩვენებას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო, მეორე მხრივ, ხელმძღვანელობს საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც, დაზარალებულის ქმედებებიდან გამომდინარე, ობიექტურად მიუთითებს დაზარალებულში მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიშის რეალურად არსებობის ფაქტზე. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ხ. მ-ამ დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერა განვითარებული მოვლენები. მან ასევე დამაჯერებლად ისაუბრა განცდილ შიშთან დაკავშირებით, ინციდენტის შემდეგ კი მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. სასამართლო ასევე ყურადრებას მიაქცევს მეუღლეებს შორის არსებულ კონფლიქტურ ურთიერთობას, რაც ასევე რეალურს ხდის მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიშის არსებობას.
5.34. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწმე ხ. მ-ას ჩვენება და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის პირველი სექტემბრის მუქარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენი დააფუძნა იმ გარემოებას, რომ ჩვენების მიცემისას მოწმემ დააზუსტა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენის დრო. ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქმის წარდგენილი ბრალდების ფარგლებში განხილვის ვალდებულებაზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა შემაკავებელ ორდერში სავარაუდო მსხვერპლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გრაფაში აღნიშნულ უარყოფით პასუხზე კითხვაზე - „დაგმუქრებიათ თუ არა მოძალადე, როცა გითქვამთ, რომ აპირებთ პოლიციისთვის მიმართვას“.
5.35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან პირის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია ან სასამართლოში მიცემული ჩვენება აღწერს წარსულში მომხდარ ფაქტებს, შესაძლებელია, ისინი სრული სიზუსტით ვერ აღდგეს, მითუფრო, როდესაც საქმე კონკრეტულ თარიღებს ეხება. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმის მიერ მითითებული თარიღები დროის მხოლოდ მცირედი ინტერვალით განსხვავდება ერთმანეთისაგან. სასამართლოს შეფასებით, ამგვარი ცდომილება ზოგადი ცხოვრებისეული გამოცდილების ფარგლებშია და არ წარმოადგენს იმგვარ არაორდინალურ მოვლენას, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნიდა მოწმის ჩვენების სისწორეში ეჭვის შეტანის საკმარის საფუძველს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოწმემ დამაჯერებლად ახსნა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული თარიღების დაზუსტების მიზეზი და დეტალურად განმარტა, თუ როგორ აღიდგინა ისინი, კერძოდ: ხ. მ-ას განმარტებით, გამოკითხვის დროს შეეშალა რიცხვები - ძალადობისა და მუქარის ეპიზოდებთან მიმართებით 2018 წლის პირველი სექტემბრის ნაცვლად, თქვა 2 სექტემბერი, თუმცა, შემდგომ გაიხსენა, რომ იყო პირველი სექტემბერი, ვინაიდან სწორედ ამ დღეს დაიკარგა მისი შვილი - ი. და იყო შაბათი. შემდეგ წავიდნენ თ-ში და კვირას უკვე თ-ში იმყოფებოდნენ. მოწმემ აღნიშნული თარიღი მესენჯერში მეუღლესთან გაგზავნილი შეტყობინებებითაც აღიდგინა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოწმემ გამოკითხვის ოქმშიც პირველი ან ორი სექტემბერი მიუთითა. მან ასევე დამაჯერებლად ახსნა 2018 წლის ივლისის ბოლოს მომხდარი მუქარის თარიღის ცვლილებაც. მოწმის განმარტებით, აღიდგინა, რომ ვინაიდან მისი მეუღლე ივლისის ბოლოს ს-ში იმყოფებოდა, კონფლიქტი მოხდა არა ივლისის ბოლოს, არამედ - აგვისტოს დასაწყისში. აღნიშნული თარიღის აღდგენაში დაეხმარა ის ფაქტიც, რომ სწორედ იმ დღეს მეზობლის ხე მათ კაბელს დაეცა, რის გამოც შუქი ჩაქრა. მან ასევე განმარტა, რომ სტრესის გამო რიცხვები და თვეები ერთმანეთში ერეოდა, რაც ა. ა-მაც იცოდა. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით, მოწმის მიერ თარიღების დაზუსტება არ ქმნის მის მიერ მიცემული ჩვენების არასარწმუნოდ მიჩნევის საკმარის საფუძველს. მართალია, მოწმემ დაცვის მხარის მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ დააზუსტა თარიღები, მაგრამ ეს სავსებით ლოგიკურიცაა, რადგან შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტმაც განაპირობა თარიღების ზუსტად აღდგენის საჭიროება. ამდენად, ცალკე აღებული ეს გარემოებაც არ წარმოადგენს მოწმის ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში მოწმის მიერ თარიღების დაზუსტების ფაქტისთვის იმგვარი მნიშნელობის მინიჭება, რომ თითქოს, ბრალად წარდგენილი ქმედებები საერთოდ არ მომხდარა, არ ემსახურება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების მიზანს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს მოწმე ხ. მ-ას ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საკმარისი საფუძველი. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მუქარის ფაქტი (მეორე ეპიზოდი) მოხდა 2018 წლის პირველ სექტემბერს.
5.36. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ხ. მ-ას ჩვენებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ დააზუსტა ბრალდების ფორმულირებაში ა. ა-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის დრო. კერძოდ, მუქარის პირველ ეპიზოდში 2018 წლის ივლისის ბოლოს ნაცვლად, მიუთითა - 2018 წლის აგვისტოს დასაწყისი, ხოლო მუქარის მეორე ეპიზოდში 2018 წლის 2 სექტემბრის ნაცვლად, მიუთითა - 2018 წლის პირველი სექტემბერი. ამ გარემოების გათვალისწინებით, 2018 წლის პირველ სექტემბერს ჩადენილი მუქარის ეპიზოდში ა. ა-ს დამნაშავედ ცნობა ვერ შეფასდება ბრალდების ფარგლების გადაცილებად.
5.37. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ შემაკავებელ ორდერში არავერბალური ფორმით, მხოლოდ შესაბამისი აღმნიშვნელი სიმბოლოს გამოყენებით გადმოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სასამართლოში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით დაკითხული მოწმის ჩვენების სისწორეში ეჭვის შესატანად.
5.38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული, საკმარისი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის პირველ სექტემბერს ა. ა, სიტყვის - „მოგკლავ“ გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს - ხ. მ-ას, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, ა. ა-ს ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის პირველ სექტემბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
5.39. ამასთან, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს ბრალდების მხარის მოთხოვნა ახალი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობისა და საკასაციო საჩივრის განხილვის სხდომაზე მოწმეთა დაკითხვის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების დაშვებისა და მოწმეთა დაკითხვის სამართლებრივ საფუძველს.
6. სასჯელის დასაბუთება
6.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა მე-111 მუხლი (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის) და 1261-ე მუხლი (ოჯახში ძალადობა). კანონის პროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიზანი ეხმიანება ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზანს - დაამკვიდროს ნულოვანი ტოლერანტობა ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. აღნიშნული სულისკვეთებიდან გამომდინარე, ოჯახური დანაშაულის ცალკე ნორმებად არსებობის მიზანიც ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად კვალიფიკაცია და ადეკვატური სანქციის დანიშვნაა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი, საქმე №355აპ-18).
6.2. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. თავისუფლების აღკვეთა, როგორც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმა, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
6.3. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
6.4. „მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52). ამასთან, ვერც განმეორებითი დანაშაულის ჩადენის აბსტრაქტულ საფრთხეებზე მითითება გამოდგება უფრო მკაცრი სახისა და ზომის სასჯელის დანიშვნის საფუძვლად.
6.5. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
6.6. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა.
6.7. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც ა. ა-ს მსჯავრი უნდა დაედოს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
6.8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მართალია, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, აგრეთვე, არასრულწლოვნის თანდასწრებით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, თუმცა, ეს საკანონმდებლო რეგულაცია თავისთავად არ ბოჭავს სასამართლოს სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ვალდებულებით.
6.9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის პიროვნების, წარსული ცხოვრების, შვილებთან ურთიერთობისა და არასრულწლოვანთა ინტერესების გათვალისწინებით, ა. ა-ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (2018 წლის პირველი სექტემბრის ეპიზოდი) ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა კანონით გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური ვადით -180 საათით.
6.10. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ა. ა-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს. ამდენად, მსჯავრდების ამ ეპიზოდში არ არსებობს სასჯელის დამძიმების შესახებ ბრალდების მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ. კ-ისა და ი. ა-ას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ა-ს ა. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს დასაწყისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
4. ა. ა. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის პირველი სექტემბრის ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
5. ა. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის (2018 წლის პირველ სექტემბერს მოქმედი რედაქცია) 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის პირველი სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 320 საათით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად 2 წლით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები (იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები);
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის პირველი სექტემბრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით;
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 320 საათით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 29 სექტემბრიდან 2018 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს 300 საათამდე; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად 2 წლით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები (იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები);
7. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე