Facebook Twitter

საქმე N 330100115783239

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1055აპ.-21 21 თებერვალი, 2022 წელი

ს–ი დ., 1055აპ.-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. საბრალდებო დასკვნა:

1.1. დ. ს–ს (პირადი N......) ბრალად ედება ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

1.2. დ. ს–ისთვის წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში: 2003 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 24:00 საათზე, ქ. თ–ში, .........ს გზატკეცილი N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ს–ს ყაჩაღურად თავს დაესხა დ. ს–ი გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად. ხსენებულმა პირებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მ. ს–ს წაართვეს 5000 აშშ დოლარად ღირებული ,,ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანა (სახ. №....), 475 აშშ დოლარად ღირებული ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, 150 აშშ დოლარად ღირებული ,,შივაკის“ ფირმის ტელევიზორი და 150 აშშ დოლარად ღირებული ფოტოაპარატი. დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულს მიადგა 10 755 ლარის - დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენით დ. ს–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორის პოზიცია:

4.1. 2021 წლის 16 დეკემბერს პროკურორმა თამარ კერესელიძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენი და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ: დ. ს–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.

4.2. საკასაციო საჩივრის ავტორი, პროკურორი თამარ კერესელიძე აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულ მ. ს–ს ჩვენება, მოწმეების - მ. ბ–ს, ჟ. ო–ისა და თ. ჯ–ს ჩვენებები, ამოცნობის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი), რომლითაც დადასტურებულია დ. ს–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა დ. ს–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

5.2. საქართველოს სსსკ-ის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 496-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. იმავე კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე, ხოლო სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.3. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს დანაშაულებრივ ქმედებასთან დ. ს–ის სავარაუდო კავშირზე, არის თავად დაზარალებულ მ. ს–ს ჩვენება და მისი მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმი, ხოლო სხვა მტკიცებულებები საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად ინფორმაციას არ შეიცავს.

5.4. რაც შეეხება დაზარალებულ მ. ს–ს ჩვენებასა და მისი მონაწილეობით ჩატარებულ ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმს, აღნიშნული მტკიცებულებები არ არის საკმარისი დ. ს–ის დამნაშავედ ცნობისთვის, ვინაიდან გამოძიების ეტაპზე დაზარალებული აფიქსირებდა სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებას (მ. ს–ი ხან აცხადებდა, რომ დაინახა თავდამსხმელი დ. ს–ი, ხან მიუთითებდა, რომ იცნო მისი ხმა), ხოლო ფოტოსურათით ამოცნობის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია დაზარალებულის ჩვენების შემადგენელი ნაწილია.

5.5. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ისეთ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებული პირდაპირ ასახელებს განსასჯელის ვინაობას, ამასთან, ადასტურებს, რომ ის არის მისი ნაცნობი და აღწერს მის გარეგნობას, არ არსებობს დაზარალებულის მიერ ბრალდებულის ამოცნობის აუცილებლობა, რადგან მსგავს შემთხვევაში ასეთი საპროცესო მოქმედება პრაქტიკულ მნიშვნელობას კარგავს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ამოცნობის ოქმი, ცალკე აღებული, ვერ იქნება მიჩნეული დამოუკიდებელ მტკიცებულებად. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამოცნობა ჩატარებულია საქართველოს სსსკ-ის 347-ე და 349-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, დაზარელებული ამოცნობის ჩატარებამდე არ არის დაკითხული პირის გარეგნობის და სხვა ნიშნების შესახებ, ხოლო ამოცნობის ოქმში აღწერილი არ არის ნიშნები, რომელთა მიხედვითაც ამოიცნო პირი.

5.6. საკასაციო სასამართლო, გარდა ზემოაღნიშნულისა, მხედველობაში იღებს სასამართლოების მიერ გამოკვეთილ, სისხლის სამართლის საქმეში არსებულ საპროცესო დარღვევებს, კერძოდ, დადგენილებებს სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო ვადის გაგრძელების თაობაზე, რომელსაც არ აქვს თარიღი; ადვოკატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, რომლებიც ასლების სახით გადაცემული აქვს დაცვის მხარეს, თუმცა არ მოიპოვება სასამართლოში წარმოდგენილ საქმეში (3 თვიანი საგამოძიებო ვადის დარღვევაზე), რაც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ვადებს, რომელთა დაუცველობა იწვევს პირის გათავისუფლებას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

5.7. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას დ. ს–ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ.

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე