საქმე N330100121004630721
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1076აპ.-21 21 თებერვალი, 2022 წელი
შ–ა ლ., 1076აპ.-21 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 31 აგვისტოს განაჩენით ლ. შ–ა (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით;
- საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 20 დეკემბერს გაცემული შემაკავებელი ორდერის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით;
- საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 29 აგვისტოს გაცემული შემაკავებელი ორდერის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით;
- საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 13 თებერვალს გაცემული შემაკავებელი ორდერის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.
1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 13 თებერვალს გაცემული შემაკავებელი ორდერის ეპიზოდი) განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. შ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რომლის ვადის ათვლა დაეწყო - 2021 წლის 26 მარტიდან.
1.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. შ–ამ ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ასევე - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (სამი ეპიზოდი). აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
- 2021 წლის 24 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თ–ში, ......–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში, ლ. შ–ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დას - ნ. შ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ „ყელს გამოჭრიდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2020 წლის 20 დეკემბერს საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის .......ის მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს თანამშრომელმა ლ. შ–ას მიმართ გამოსცა №...... შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ლ. შ–ას აეკრძალა დასთან - ნ. შ–სთან, მის საცხოვრებელ მისამართთან (ქ. თბილისი, .......... ქუჩა №.., ბინა №..) მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის: ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, ლ. შ–ამ დაარღვია მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, შემაკავებელი ორდერების მოქმედების პერიოდში პერიოდულად მიდიოდა ქ. თ–ში, ..........ის ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და ღამეს ათენებდა.
- 2020 წლის 29 აგვისტოს საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის .............ის მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს თანამშრომელმა ლ. შ–ას მიმართ გამოსცა №......... შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ლ. შ–ას აეკრძალა დედასთან - მ. შ–სთან, მის საცხოვრებელ მისამართთან (მდებარე - ქ. თ–სი, .........ის ქუჩა №.., ბინა №..) მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის: ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, ლ. შ–ამ დაარღვია მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, შემაკავებელი ორდერების მოქმედების პერიოდში პერიოდულად მიდიოდა თ–ში, ...........ის ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და ღამეს ათენებდა.
- 2021 წლის 13 თებერვალს საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ........... მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს თანამშრომელმა ლ. შ–ას მიმართ გამოსცა №..... შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ლ. შ–ას აეკრძალა დედასთან - მ. შ–სთან, მის საცხოვრებელ მისამართთან (მდებარე - ქ. თ–ი, ............ის ქუჩა №., ბინა №.) მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის: ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, ლ. შ–ამ დაარღვია მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, შემაკავებელი ორდერების მოქმედების პერიოდში პერიოდულად მიდიოდა ქ. თ–ში, ...........ის ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და ღამეს ათენებდა.
2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 31 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. 2021 წლის 7 დეკემბერს პროკურორმა დავით ხვედელიძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა ლ. შ–ასთვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
3.2. საკასაციო საჩივრის ავტორის, პროკურორ დავით ხვედელიძის პოზიციით სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თუმცა ლ. შ–ას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განუსაზღვრა ლმობიერი სასჯელი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ინტენსივობა, ხერხი, ხასიათი, მოტივი, ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბი და ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე.
3.3. ბრალდების მხარის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს სასჯელის შეფარდებისას უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ სახელმწიფოს მხრიდან მსჯავრდებულისთვის დაკისრებული აკრძალვები არ გახდა შემაკავებელი, კერძოდ, თითოეული შემაკავებელი ორდერის მოქმედებისას ლ. შ–მ დაარღვია დაკისრებული მოვალეობები და ვალდებულებები, რაც მის მიერ სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული აკრძალვების უგულებელყოფაზე მიუთითებს.
3.4. პროკურორი საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაშვებობის საფუძვლად უთითებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, კერძოდ - განსახილველი საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1 საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს ლ. შ–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (მათ შორის - ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, დაზარალებულების პოზიცია - ლ. შ–ს მიმართ პრეტენზიის არქონა) და სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
4.2. პროკურორის მიერ მითითებული გარემოება (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა) მოცემულ შემთხვევაში ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნულმა გარემოებამ განსაზღვრა დანაშაულის შემადგენლობა, კერძოდ: შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაცია (სამი დამოუკიდებელი ეპიზოდი), რომლებისთვისაც ლ. შ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
4.3. რაც შეეხება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და ხერხს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ბრალის შინაარსს იყენებს არა როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, არამედ - როგორც ჩადენილ ქმედებასთან დასანიშნი სასჯელის პროპორციულობის განმსაზღვრელ კატეგორიას და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრული სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 საათით, საქმეში არსებული ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით, პროპორციულია ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებასთან.
4.4. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.5. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე