საქმე N330100121004669096
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1077აპ.-21 21 თებერვალი, 2022 წელი
შ–ა ბ., 1077აპ.-21 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსი პროკურორის - ელიზბარ გოზალიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით ბ. შ–ა (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 6 500 (ექვსი ათას ხუთასი) ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2021 წლის 22 აპრილიდან - 2021 წლის 14 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. შ–ამ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის სექტემბერში, ქ. ქ–ში, ტ. ე–მ, რომლის შვილსაც სამართალდამცავ სტრუქტურაში სურდა მუშაობის დაწყება, გაიცნო ბ. შ–ა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. ბ. შ–ამ განიზრახა, თაღლითურად დაუფლებოდა ტ. ე–ს კუთვნილ თანხას. ამ მიზნით, ის დაჰპირდა ტ. ე–ს, რომ დაეხმარებოდა მის შვილს, მუშაობა დაეწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, აღნიშნულის სანაცვლოდ კი, თითქოსდა სხვადასხვა თანამდებობის პირისთვის გადასაცემად, მოტყუებით გამოართვა 3500 ლარი, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. 2021 წლის 26 ოქტომბერს პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა და ბ. შ–ასთავის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
3.2. საკასაციო საჩივრის ავტორის, პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის პოზიციით სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო მხოლოდ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული საჯარო მოხელის სახელით სჩადიოდა დანაშაულს, რითაც შეილახა როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე თანამდებობის პირის რეპუტაცია.
3.3. პროკურორი საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაშვებობის საფუძვლად უთითებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, კერძოდ: - განსახილველი საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, ვინაიდან განაჩენი არასამართლიანია და საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი დარღვევებით.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1 საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს ბ. შ–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (მათ შორის - ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება) და სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე - მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული არგუმენტები განსახილველ შემთხვევაში ვერ გადაწონის მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს.
4.2. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.3. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსი პროკურორის - ელიზბარ გოზალიშვილის საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე