Facebook Twitter

საქმე N 120100121004836713

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1081აპ.-21 21 თებერვალი, 2022 წელი

ჭ–ე მ., 1081აპ.-21 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 აგვისტოს განაჩენით მ. ჭ–ე (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.

1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჭ–მ ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 1 აპრილს ქ. ა–ში, თ–ს ქუჩა N....-ში მდებარე ავტომანქანების შეკეთების სახელოსნოში, მ. ჭ–მ მოტყუებით, ავტოხელოსან რ. მ–ს შეაკეთებინა მისივე სარგებლობაში არსებული ,,მაზდას“ მარკის ავტომანქანა (სარეგისტრაციო ნომერი ......), ხოლო მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი თანხა - 800 ლარი, მოტყუებით არ გადაუხადა.

2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. 2021 წლის 29 ნოემბერს პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ - მ. ჭ–სთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

3.2. საკასაციო საჩივრის ავტორის, პროკურორ გრიგოლ კაპანაძის პოზიციით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

4.2 საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე (მსჯავრდებულმა მ. ჭ–მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელბას, არ არის ნასამართლევი), რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა მ. ჭ–სთვის შეფარდებული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

4.3 საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს ან/და აანაზღაუროს ზიანი, წამახალისებელი ნორმებია და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.

4.4. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.5. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე