საქმე N 330100120003761645
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №09აპ.-22 22 თებერვალი, 2022 წელი
მ–ი ჯ.ა, 09აპ.-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. ნ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის განაჩენით ჯ. მ–ი (პირადი ნომერი: ......) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით.
1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ ჯ. მ–მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 3 მაისს, შუადღის საათებში, ქ. თ–ში, ...... გამზირის N..-ის მიმდებარედ არსებული კინოთეატრის შენობაში, მეორე სართულზე, ერთ-ერთ ოთახში, იმყოფებოდნენ უსახლკარო და მაწანწალა ცხოვრების წესის მქონე ბ. ჭ–ა, ნ. ჩ–ა, ტ. ა– ა და ჯ. მ–ი, რომლებიც სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. დალევის დროს ჯ. მ–მ უკმაყოფილება გამოთქვა ნ. ჩ–ს იქ ყოფნის გამო, რის გამოც ბ. ჭ–ამ ჯ. მ–ს სახეში გაარტყა ხელი და წააქცია. აღნიშნულის შემდეგ ტ. ა– ამ დატოვა შემთხვევის ადგილი, ნ. ჩ–ც შენობიდან გავიდა სკვერში, ხოლო ბ. ჭ–ამ და ჯ. მ–მ განაგრძეს დალევა. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, როდესაც მიღებული ალკოჰოლური სასმელით დათვრნენ, ჯ. მ–მ განიზრახა შურისძიება ხელის დარტყმის გამო. ჯ. მ–მ ხელში აიღო იქვე დაგდებული ქვა და განზრახ მოკვლის მიზნით თავში ჩაარტყა ბ. ჭ–ას. მიღებული დაზიანების შედეგად ბ. ჭ–ა ძირს დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჯ. მ–ი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. 2021 წლის 22 ნოემბერს ადვოკატმა ი. ნ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა მსჯავრდებულ ჯ. მ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირება და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
3.2. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად დაცვის მხარე უთითებს, რომ მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიეცა, ვინაიდან ჯ. მ–ს არ ჰქონია ბ. ჭ–ას მოკვლის განზრახვა, არამედ იგი თავდასხმისგან იცავდა თავს. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ ჯ. მ–მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.
3.3. კასატორის პოზიციით, სასამართლოებმა სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, აგრეთვე ის, რომ მსჯავრდებულმა აღიარა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) დანაშაული.
3.4. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად უთითებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებზე, კერძოდ: საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ჯ. მ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც ჯ. მ–ს ქმედება კანონიერად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ჯ. მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
4.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულ ჯ. მ–ს არ ჰქონდა დაზარალებულ ბ. ჭ–ას მოკვლის განზრახვა, ვინაიდან დაცვის მხარის ამ ვერსიას ცალსახად გამორიცხავს წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის - თავად მსჯავრდებულ ჯ. მ–ს ჩვენება და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
4.3. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე N142აპ-13). განზრახვის დასადგენად კი, შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დანაშაულებრივი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ასევე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის N680აპ-17 გადაწყვეტილება).
4.4. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, ჯ. მ–ს განზრახვას - ჩაედინა ბ. ჭ–ას მკვლელობა, ადასტურებს მის მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საშუალება და დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანებათა რაოდენობა, განლაგება და ლოკალიზაცია, ხარისხი და სიმძიმე, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილს - თავის ქალა-ტვინის არეს. კერძოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N....... დასკვნით დადგენილია, რომ ბ. ჭ–ას სიკვდილის მიზეზია ქალა-სარქვლის ძვლების მოტეხილობა თავის ტვინის დაზიანებით, განვითარებული ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, სიცოცხლის დროს. ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს და პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ სიკვდილის ფაქტთან.
4.5. მკვლელობის განზრახვის დადგენის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა - მსჯავრდებულ ჯ. მ–ს ჩვენება. კერძოდ, მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მან ორჯერ ჩაარტყა ბლოკის ნატეხი წაქცეულ ბ. ჭ–ას სიცოცხლისათვის სახიფათო თავის არეში. ამ კონტექსტში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჯ. მ–მ წაქცეულ ბ. ჭ–ას ორჯერ ჩაარტყა თავში მძიმე საგანი, იმ ვითარებაში, როდესაც დაზარალებულს ხელში რაიმე საგანი არ სჭერია.
4.6. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ჯ. მ–მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.
4.7. რაც შეეხება ჯ. მ–სთვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დანაშაულის რეციდივი და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ჯ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. ნ–ს საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე