Facebook Twitter

საქმე N 330100119003186868

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №10აპ.-22 22 თებერვალი, 2022 წელი

გ-ი მ7, 10აპ.-22 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - ე. ქ–სა და მ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. ს–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1 2019 წლის 13 აგვისტოს მ. გ–ი (პირადი ნომერი: .....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ოჯახური კონფლიქტის დროს, მ. გ–ი ქ. თ–ში, ......–ს აგარაკები, მ–ს ქუჩა N..-ის ეზოში, დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - დ. გ–ს, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მ. გ–ის ქმედების შედეგად დ. გ–ს მიადგა მორალური ზიანი.

1.2. 2019 წლის 13 აგვისტოს ე. ქ–ი (პირადი ნომერი: .....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), რაც გამოიხატა შემდეგში: ე. ქ–ი 2011 წლიდან დაქორწინებულია დ. გ–ს შვილზე - მ. გ–ზე. იგი დაახლოებით ერთი წელია, ცხოვრობს დ. გ–ს სახლში, მდებარე - ქ. თ–ში, ......ის აგარაკები, მ–ს ქუჩა N..-ში და ეწევა ერთიან ოჯახურ მეურნეობას. 2019 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ოჯახური კონფლიქტის დროს, ე. ქ–ი ქ. თ–ში, ......ის აგარაკები, მ–ს ქუჩა N..-ის ეზოში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სიდედრს - დ. გ–ს, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის განაჩენით ე. ქ–ი და მ. გ–ი ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდნენ.

2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ 2019 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თ–ში, .......ს აგარაკები, მ–ს ქუჩა N..-ში, ე. ქ–ი და მ. გ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ დ. გ–ს.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენით:

- გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გამამართლებელი განაჩენი.

- ე. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ას ოცდათხუთმეტი) საათით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 11 აგვისტოდან 2019 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით), შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათით.

- მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ას ოცდათხუთმეტი) საათით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 11 აგვისტოდან 2019 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით), შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათი.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ქ–მ და მ. გ–მ ჩაიდინეს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

- ე. ქ–ი 2011 წლიდან დაქორწინებულია დ. გ–ს შვილზე - მ. გ–ზე. დაახლოებით ერთი წელია, ცხოვრობს დ. გ–ს სახლში, მდებარე - ქ. თ–ში, .....ს აგარაკები, მ–ს ქუჩა №..-ში და ეწევა ერთიან ოჯახურ მეურნეობას. 2019 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ოჯახური კონფლიქტის დროს, ე. ქ–ი ქ. თ–ში, .....ს აგარაკები, მ–ს ქუჩა №..-ის ეზოში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სიდედრს - დ. გ–ს, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2019 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ოჯახური კონფლიქტის დროს, მ. გ–ი ქ. თ–ში, ..... , მ–ს ქუჩა №...-ის ეზოში, დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - დ. გ–ს, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. კასატორის პოზიცია:

4.1. 2021 წლის 10 დეკემბერს ადვოკატმა ლ. ს–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4.2. კასატორი საჩივრის ძირითად არგუმენტად უთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის განაჩენზე, რომლის თანახმადაც, ე. ქ–ი და მ. გ–ი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდნენ.

5. შესაგებელი:

5.1. 2021 წლის 20 დეკემბერს პროკურორმა დავით ხვედელიძემ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

6.1. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.2. განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში მითითებულია მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების საფუძველია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის განაჩენში მითითებული არგუმენტები. კასატორი არ ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას, არ მიუთითებს იმ გარემოებებსა და ფაქტებზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს ე. ქ–სა და მ. გ–ს უდანაშაულობას, რაც, საკასაციო პალატის აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას.

6.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთაც განაპირობეს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ე. ქ–სა და მ. გ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველია ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის: დაზარალებულ დ. გ–ს ჩვენება, მოწმეების - ლ. ყ–სა და ნ. (ს.) გ–ს ჩვენებები, ე. ქ–ს გამოკითხვის ოქმი, შემაკავებელი ორდერები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი.

6.4. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ კერძო (დახურულ) სივრცეში მტკიცებულებათა მოპოვება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს და ხშირად შეუძლებელიცაა, სწორედ ამიტომ მსგავსი კატეგორიის საქმეზე დაუშვებელია არსებული მტკიცებულებების რაიმე სახით კლასიფიკაცია, რაოდენობრივი შეფასება, წინასწარ იურიდიული ძალის განსაზღვრა და შინაარსის ინტერპრეტაცია. სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისთვის უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ერთმანეთთან შეთანხმებულად, აშკარად და დამაჯერებლად ადასტურებს მომხდარ ფაქტებს, ერთიანი ლოგიკური ჯაჭვით აღადგენს დანაშაულის ვითარებას და ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბრალდებაში.

6.5. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ე. ქ–სა და მ. გ–სთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

6.6. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო კასატორ ლ. ს–ს მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, ამასთან, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

6.7. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების - ე. ქ–სა და მ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. ს–ს საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე