საქმე N 240100119003319258
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №26აპ.-22 22 თებერვალი, 2022 წელი
ს-ა გ., 26აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ სართანიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განაჩენით გ. ს–ა (პირადი ნომერი: ......) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 10500 (ათი ათას ხუთასი) ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 (ათი ათასი) ლარი.
1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ს–ამ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება და ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით.
1.3. ზემოაღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ქ. თ–ში, ბ. ხ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში რეგისტრირებულ, შპს ,,კ–ს“ დირექტორმა ი. ი–მ 2018 წლის დასაწყისში ბ–ს რესპუბლიკიდან ს–ში ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოიყვანა სამი სატვირთო ავტომანქანა, რომლებითაც ა–სა და სხვა მიმდებარე რაიონებში სხვადასხვა სატვირთო-გადამზიდავ სამუშაოს ასრულებდა. ავტომანქანების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი იყო მითითებული საზოგადოება. ვინაიდან აღნიშნული სამუშაო არ იყო მომგებიანი, ი. ი–მ ორი ავტომანქანა 2018 წლის დასასრულს გადაიყვანა ბ–ს რესპუბლიკაში, ხოლო DAF FTG 95.480 მოდელის (სახ. ნომრით ......) უნაგირა საწევარი და S........ მოდელის მონაცემების მქონე (სახ. ნომრით ......) მისაბმელი დატოვა ა–ს რაიონის სოფელ მ–ში, გ. ს–ას მეთვალყურეობის ქვეშ. გ. ს–ას განზრახული ჰქონდა ამ ავტომანქანის ნაწილებად დაშლა და გაყიდვა, ამიტომ ი. ი–ს უთხრა დაეტოვებინა მანქანა, დაჰპირდა, რომ მონახავდა მომგებიან სამუშაოს, რაც ი. ი–მ დაიჯერა და წავიდა ბ–ს რესპუბლიკაში. გ. ს–ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა მითითებულ ავტომანქანას, ი. ი–ს წასვლიდან მეორე დღეს გადაიყვანა ქ. ფ–ში, ყოფილი ......... გაერთიანების მიტოვებულ ტერიტორიაზე, სადაც დაშალა ნაწილებად და მანქანის დაშლილი ნაწილები გაასხვისა, ნაწილი კი გამოძიების დროს ამოიღეს სამართალდამცავებმა. გ. ს–ას ქმედებით შპს ,,კ–ს“ მიადგა 73000 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. 2021 წლის 4 ნოემბერს პროკურორმა ვახტანგ სართანიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ - გ. ს–ასთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
3.2. საკასაციო საჩივრის ავტორის, პროკურორ ვახტანგ სართანიას პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში უკანონოა, ვინაიდან მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას.
3.3. კასატორის აზრით, სასამართლოებმა სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია, ხოლო ლმობიერი სასჯელი ახალისებს სხვა პირებს, ჩაიდინონ მსგავსი ან უფრო მძიმე საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
4. შესაგებელი:
4.1. 2021 წლის 17 ნოემბერს ადვოკატმა რ. შ–მ პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2 საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა გ. ს–ასთვის შეფარდებული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, კერძოდ: მსჯავრდებულმა გ. ს–ამ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, აგრეთვე საქმის მასალებში არ იკვეთება პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები.
5.3 საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს ან/და აანაზღაუროს ზიანი, წამახალისებელი გარემოებებია და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.
5.4. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.5. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ სართანიას საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე